ავტორი:

კიევში, ბუბა კიკაბიძის ქუჩაზე "ქართული ლეგიონის" სახელობის სკვერი გაიხსნა, დღეიდან კი მისი მეთაურის ნახატების გამოფენა იწყება: "აფხაზეთის ომიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე ხატვა"

კიევში, ბუბა კიკაბიძის ქუჩაზე "ქართული ლეგიონის" სახელობის სკვერი გაიხსნა, დღეიდან კი მისი მეთაურის ნახატების გამოფენა იწყება: "აფხაზეთის ომიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე ხატვა"

უკრაინის დედაქალაქ კიევში სკვერს "ქართული ლეგიონი"ს სახელი მიანიჭეს. უკრაინული მედია იუწყება, რომ ეს გადაწყვეტილება კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატებმა მიიღეს. საკრებულოს წევრის, ვიქტორია მუხას ინფორმაციით 26 მაისიდან 8 ივნისამდე ხმის მიცემა შესაძლებელი იყო საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემა "ციფრული კიევის“ საშუალებით. შედეგების თანახმად, სახელწოდებას "ქართული ეროვნული ლეგიონი“ მხარი დაუჭირა 33 585-მა ადამიანმა, რაც გამოკითხულთა 79%-ია.

"ეს არ არის მხოლოდ ახალი ტოპონიმი დედაქალაქის რუკაზე, არამედ მადლიერებისა და პატივისცემის ნიშანი მათთვის, ვინც უკრაინელებთან ერთად იცავს ჩვენს თავისუფლებას. ასევე, ეს არის უკრაინელი და ქართველი ხალხების მეგობრობის, ერთიანობისა და საერთო ბრძოლის სიმბოლო",“ - წერს მუხა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ლეგიონი“ 2014 წელს შეიქმნა, როგორც უცხოელ მოხალისეთა დანაყოფი და უკრაინის დასახმარებლად დონბასის ომში ჩაერთო. "ქართული ლეგიონი“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხოელთა პირველი რაზმია.

"უკრაინამ დააფასა ის, რომ "ქართულმა ლეგიონმა“ ღირსეულად წარადგინა ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე. სახელის დარქმევის მიზეზიც სწორედ ეს არის“ - ამის შესახებ "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.

მამუკა მამულაშვილი:

- ეს იყო პირადად კიევის მერის ინიციატივა. დედაქალაქის მერიაში კარგად იციან, "ქართული ლეგიონის“ რამდენი წევრი იბრძოდა კიევის და კიევის ოლქის დასაცავად. ჩვენ გვქონდა არჩევანი - "ქართული ეროვნული ლეგიონის“ სახელი ქუჩისთვის დაგვერქმია თუ სკვერისთვის. საბოლოოდ, არჩევანი სკვერზე შევარჩიეთ, რადგან იქ შესაძლებელია ინფრასტრუქტურის მოწყობა და ძეგლის დადგმა იმ ადამიანებისთვის, ვინც უკრაინის სუვერენიტეტისთვის თავი გასწირა და მათთვისაც, ვინც დღესაც იბრძვის "ქართული ლეგიონის“ რიგებში.

ფაქტობრივად, ეს არის უკრაინისგან საქართველოსა და ქართველი ხალხის აღიარება. ეს არის იმის ნიშანი, რომ "ქართულმა ლეგიონმა“ შეძლო ღირსეულად წარედგინა საქართველო. ჯერ კიევში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბატალიონის ან ბრიგადის სახელი სკვერს ან მოედანს დარქმეოდა. "ქართული ლეგიონი“ გახდა პირველი სამხედრო დანაყოფი, რომლის სახელიც ქალაქის რუკაზე აღიბეჭდა. ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია. მით უმეტეს, რომ სკვერი ბუბა კიკაბიძის ქუჩაზეა განთავსებული. ჩვენ უკვე გვაქვს მონუმენტის მაკეტი, რომელიც ამ სკვერში ქართველია და უკრაინელი მეგობრობის ნიშნად აღიმართება.

- როგორც ვიცი, უკრაინელების ეს მადლიერება ჰოსტომელის ოპერაციას უკავშირდება...

- მეც ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია ჰოსტომელის ოპერაციასთანაც. ყველამ კარგად იცის, რომ "ქართული ლეგიონი“ იყო არა უბრალოდ, ერთ-ერთი, არამედ პირველი ვიყავით, ვინც მტერს დახვდა. უკრაინის ოფიციალური პირები კარგად ხედავენ, თუ რამდენის გაკეთება შეძლო "ქართულმა ლეგიონმა“. ასე რომ, ეს სკვერი ერთგვარი ჯილდოა ყველა იმ ჯარისკაცისთვის, ვინც უკრაინის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვაში საკუთარი წვლილი შეიტანა. ეს პირველ რიგში თითოეული ჯარისკაცის დამსახურებაა, მეორე რიგში კი ქართული საზოგადოების, რადგან ჩვენ სწორედ ქართველ ხალხს წარმოვადგენთ. სულ რაღაც ერთი თვის წინ, პირველად ისტორიაში, საქართველოს ორი მოქალაქე უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა ქვეყნის დაცვისთვის.

- ასეთი ჯილდო თქვენც ხომ გაქვთ?

- დიახ, მაგრამ მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, საქართველოსთან ერთად უკრაინის მოქალაქეც ვარ, ივანე და ლევანი კი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.

- საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ "ქართული ლეგიონის“ როლი უკრაინაში მხოლოდ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლით არ შემოიფარგლება და დროდადრო მნიშვნელოვან სამოქალაქო ღონისძიებებსაც ახორციელებთ.

- შეიძლება ასეც ითქვას. ომის დაწყებამდე ჩვენ სამოქალაქო პირების მომზადება დავიწყეთ. დაახლოებით 20 000 ადამიანს ვასწავლეთ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ კრიტიკულ ვითარებაში, როგორ დაეცვათ თავი და როგორ გამკლავებოდნენ მტერს. მათი ძირითად ნაწილი კიევის მოსახლეობა იყო. ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ კენჭისყრაში 79% მხარი დაუჭირა სკვერისთვის "ქართული ეროვნული ლეგიონის“ სახელის მინიჭებას. როცა საკითხი საჯარო განხილვაზე გამოვიდა, კიევის მერიამ სამი სახელწოდება წარადგინა, "ქართული ლეგიონი“ ერთ-ერთი მათგანი იყო.

- 4 სექტემბერს კიევში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მოხდეს და ესეც "ქართულ ლეგიონს“ უკავშირდება. საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ ხატავთ და თქვენი ნახატების გამოფენა იხსნება.

- დიახ, გამოფენა ივანე კავალერიძის სახელობის მუზეუმში იმართება და სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. თანამედროვე მხატვრების ასოციაცია თავად დამიკავშირდა და მთხოვა, ჩემი ნამუშევრები გამოფენისთვის წარმომედგინა.

- კავალერიძის შესახებ რას გვეტყვით?

- ივანე კავალერიძე იყო ქართველი წარმომავლობის უკრაინელი მოქანდაკე, რეჟისორი და დრამატურგი. მან შექმნა ტარას შევჩენკოსა და გრიგორი სკოვოროდას ცნობილი მონუმენტები, გადაიღო ისეთი ფილმები, როგორიცაა "პერეკოპი“, "კოლიივშჩინა“ და "პრომეთე“. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ცენზურას ხშირად უპირისპირდებოდა, კავალერიძე უკრაინული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად დარჩა. ჩვენ სწორედ მისი შვილიშვილისგან მივიღეთ მიპატიჟება. კავალერიძის მუზეუმში გამოფენის მოწყობა საკმაოდ ძვირი ჯდება, ერთი დღის ქირაობა 250 დოლარი ღირს, თუმცა ჩვენ, სამი კვირით სრულიად უფასოდ დაგვითმეს დარბაზი.

- პროფესიონალი მხატვარი ხართ თუ ეს, უბრალოდ, განტვირთვის საშუალებაა?

- ხატვაში პროფესიული განათლება არ მიმიღია. ეს ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა, უფრო სწორად კი, თერაპია. ჯერ კიდევ ბავშვობაში, აფხაზეთის ომიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე ხატვა. ეს ძალიან მამშვიდებდა და თვითგამოხატვაში მეხმარებოდა. ახლაც ასეა, როგორც კი დრო და საშუალება მეძლევა, სურვილი მიჩნდება, ჩემი განწყობები ფერებში გამოვხატო. ხატვისას ძირითადად იმ ფერებს ვიყენებ, რაც რეალურ ცხოვრებაში მაკლია. უკრაინულ საზოგადოებას ჩემი ნამუშევრები მოეწონა და აგერ უკვე მეოთხედ ეწყობა ჩემი გამოფენა. სხვათა შორის, კიევის შემდეგ ჩემი ნამუშევრები ოდესასა და კამენეც-პოდოლსკშიც გამოიფინება.

- საქართველოშიც ხომ არ გქონიათ გამოფენა?

- არა. ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში ან სხვაგან მქონდა ამის სურვილი მქონდა. ჩემთვის ვხატავდი, ზოგჯერ პირდაპირ ჩვენის სამხედრო ბაზის კედლებზეც… ამ ფორმით ჩემში არსებული სიცარიელეს ვავსებ... უკრაინელებმა ჩათვალეს, რომ საინტერესოდ ვხატავდი, და გამოფენის იდეაც მათი ინიციატივით გაჩნდა.

- თქვენი ნამუშევრები იყიდება?

- დიახ, იყიდება კიდეც. გაყიდული თანხა მთლიანად "ქართული ლეგიონის“ საჭიროებებს ხმარდება. ძირითადად აბსტრაქციებს ვხატავ, ფერების შეხამებით. გამოფენისთვის უმეტესად შუშაზე ვმუშაობ.

- ალბათ გაქვთ ისეთი ნამუშევრები, რომელთა გაყიდვას არ აპირებთ?

- რა თქმა უნდა. ზოგიერთ ნახატს ვერასდროს გავყიდი, რადგან ზუსტად ასეთის ხელახლა შექმნას ვერ შევძლებ.

- რა თემაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ალბათ შეუძლებელია "ქართული ლეგიონის“ მეთაურს არ ვკითხო, იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა ახლა ფრონტზე?

- უკრაინის შეიარაღებული ძალები და მათ შორის, ჩვენც კვლავ აქტიურ თავდაცვაში ვართ. დიდწილად დამოკიდებულნი ვართ დასავლურ დახმარებაზე.

- პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა გეგმავს "ღრმა დარტყმებს“ რუსეთის ტერიტორიაზე. რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება და როგორია ოპერაციების მთავარი მიზანი?

- უკრაინამ ომის დაწყებიდან ძალიან მალე დაიწყო დარტყმები რუსეთის ტერიტორიებზე, მასობრივად არა, მაგრამ მაინც. ახლა კი უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინამ ფრთოსანი რაკეტების წარმოება დაიწყო, რუსეთის ტერიტორიაზე ღრმა დარტყმები მნიშვნელოვნად გახშირდა. უკვე იბომბება სამხედრო ინფრასტრუქტურები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსული არმიისთვის საწვავის მიწოდებას. იმედი მაქვს, მალე ამას ყოველდღიურ რეჟიმში შევძლებთ.

- თქვენ სკეპტიციზმი გამოხატეთ, როდესაც საუბარი დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებების გააქტიურებაზე და გაკეთდა განცხადებები ზელენსკისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე. თქვენი პროგნოზი გამართლდა. ახლა რა განწყობაა ამ საკითხთან დაკავშირებით? რა განწყობებია და მოლოდინებია უკრაინელ საზოგადოებაში?

- რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები ვერ შედგება, რადგან რუსეთი მზად არ არის ამისთვის. რუსეთს მოუწევს გაიაზროს საკუთარი ქმედებები და გადაიხადოს რეალური ფასი. სამშვიდობო მოლაპარაკებები, უკრაინის სუვერენიტეტის ხარჯზე ვერ შედგება. ტრამპის მორიგი ინიციატივა თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული, ის უბრალოდ პუტინის რეპუტაციის აღდგენას შეეცადა საერთაშორისო პოლიტიკაში. სამშვიდობო შეთანხმება ვერ შედგება მანამ, სანამ რუსეთის ჯარი უკრაინის ტერიტორიაზეა. პრეზიდენტი ზელენსკი კონსტიტუციას არ დაარღვევს და რუსეთს ტერიტორიებს არ გადასცემს