ავტორი:

თბილისი ცენტრის ტყვეობაში: პოლიცენტრიზმი, როგორც გამოსავალი

თბილისი ცენტრის ტყვეობაში: პოლიცენტრიზმი, როგორც გამოსავალი

ოფიციალური მონაცემებით, თბილისში 1.5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ქალაქის 10 ადმინისტრაციულ რაიონში არიან დასახლებული. თუმცა ყოველდღიურად მათი უმრავლესობა ძირითადად ერთი მიმართულებით მოძრაობს - სხვადასხვა უბნებიდან ქალაქის ცენტრისკენ. შესაბამისია სატრანსპორტო განაწილებაც: დღის პირველ ნახევარში თითქმის მთელი ქალაქი ერთი მიმართულებით მიედინება, საღამოს კი - პირიქით. დროის დიდი ნაწილი კი საცობებში გადის.

რა მოხდება, თუ ეს სქემა შეიცვლება და ქალაქის ისტორიულ ცენტრში წასვლის ნაცვლად, ადამიანებს საკუთარ რაიონებშივე ექნებათ მსგავსი სიმძლავრის ცენტრები? ამ კითხვის პასუხი ურბანულ პოლიცენტრიზმშია, რომელიც მსოფლიოს დიდმა ქალაქებმა, უკვე მრავალი წელია, ქალაქგანვითარების ყველაზე პრაქტიკულ გზად აღიარეს.

ურბანული პოლიცენტრიზმი გულისხმობს ქალაქში თანაბარი სიმძლავრის დამოუკიდებელი ცენტრების გაჩენას, რომლებშიც ადამიანისთვის საჭირო ყველა სერვისია ხელმისაწვდომი. ქალაქის ამგვარი მოწყობა კი მოსახლეობას საშუალებას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარ უბანშივე დარჩეს და არ იყოს დამოკიდებული ქალაქის მთავარ ცენტრზე.

ზურაბ ბაქრაძე - ქალაქმგეგმარებელი:

"ეს აზრი, რომ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში დამოუკიდებელი ცენტრები უნდა არსებობდეს, დიდი ხანია, რაც განვითარებულ ქალაქებში აქტუალურია - მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ მოდერნის ქალაქგეგმარება არ არის პრაქტიკული. პოლიცენტრულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია ბერლინი, რომელიც უზარმაზარი ქალაქია დიდი ტერიტორიითა და მოსახლეობით. ბერლინში უკვე დიდი ხანია, გაჩნდა ისეთი ცენტრები, რომლებიც სრულად ავტონომიურია. შესაბამისად, იქ ადამიანები აღარ არიან იძულებული, გარკვეული სერვისების მისაღებად ქალაქის ცენტრში წავიდნენ. ეს კი ძალიან იმედისმომცემი მოძრაობაა დიდი ქალაქებისთვის".

თბილისი დღეს მეტწილად მონოცენტრული ქალაქია ორი ძირითადი ცენტრით - რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებით. რუსთაველის გამზირის ერთგვარ გაგრძელებად მიიჩნევა მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებიც, რაც ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ერთიან ცენტრს ქმნის. გარკვეულ ცენტრს წარმოადგენს საბურთალოც, თუმცა, სპეციალისტების თქმით, ის არ არის სრულად ავტონომიური და ნაწილობრივ მაინც დამოკიდებულია რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებზე, რის გამოც მისი პოლიცენტრიზმის ჭრილში განხილვა ვერ ხერხდება.

არსებული ცენტრებიდან მოშორებით კი პოლიცენტრულობის მაგალითს თბილისში გლდანისა და მუხიანის ცენტრი ქმნის. პოლიცენტრიზმის პრინციპის გათვალისწინებით, ამ უბნების მოსახლეობას ისე შეუძლია ცხოვრება, რომ გარკვეული სერვისების მისაღებად სხვაგან წასვლა არ სჭირდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცენტრი იდეურად პოლიცენტრულობის მაგალითს წარმოადგენს, შესაბამისი მართვის არარსებობის პირობებში მისი განვითარება ქაოსურია და არ შეესაბამება ქალაქგანვითარების სტანდარტებს.

"გლდანი და მუხიანი ნამდვილად არის პოლიცენტრულობის მაგალითი თბილისში, თუმცა ის ვერ ჩაითვლება სწორად განვითარებულ პოლიცენტრულ მოდელად, რადგან პროცესები იქ ძალიან ქაოსურად წარიმართა. ამ უბნებში საერთოდ არ არსებობს მართვის ელემენტი, რაც ქალაქგეგმარებაში აუცილებელია მუნიციპალიტეტის მხრიდან. გლდანი და მუხიანი საბჭოთა პერიოდში დაიგეგმა. მას შემდეგ კი, რაც იქ გამოყენებათა განვითარება უმეთვალყურეოდ დარჩა, აღმოჩნდა, რომ მათი ქალაქიც ცენტრიდან სიშორე (მიუხედავად მეტროს არსებობისა) ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა გარკვეული გამოყენებების განვითარებისთვის. ეს გამოყენებები კი განვითარდა ქაოსურად, ყოველგვარი მართვის გარეშე. ახლა იქ არის ნამდვილი ქაოსი, როგორც გამოყენებების, ასევე სივრცული თვალსაზრისით, რაც სრულიად არ ეთანხმება ქალაქგანვითარების მიზნებს. მაგრამ ფაქტია, რომ ისეთი სიმძლავრე აქვს, არც გლდანელებს და არც მუხიანელებს აღარ სჭირდებათ ქალაქის ცენტრში წასვლა, თეატრიც კი თავისი აქვთ.”

ზურაბ ბაქრაძის თქმით, პოლიცენტრულობის იდეალური მაგალითი თბილისში ამ ეტაპზე არ არსებობს. თუმცა რამდენიმე უბანი, შესაბამისი კვლევებისა და სწორი დაგეგმარების შემთხვევაში, ამ მხრივ დიდ პოტენციალს ატარებს. მათ შორის არის ვარკეთილი, დიდი დიღომი, აფრიკის დასახლება და სხვა. საინტერესო უბანია თემქაც, რომლის სწორი განვითარება სანზონის რეკონსტრუქციის პერსპექტივასაც აჩენს.

სანზონა, იგივე სანიტარული ზონა, უბანს განაკუთრებული მიკროკლიმატის გამო დაერქვა. ტერიტორია იმთავითვე შენარჩუნებული იყო, როგორც მავნე წარმოებისგან თავისუფალი ზონა, რადგან სწორედ იქ იყო განლაგებული წყლის რეზერვუარები, რომლებიც ქალაქის წყალმომარაგებას უზრუნველყოფდა. ამის გამო უბანში შედარებით უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა შენარჩუნდა. რაც შეეხება თემქას, დასახლებას სახელწოდება თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის გამო დაერქვა, რომელიც რეგიონული მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენდა. თუმცა დღეს, როცა უბანს ინდუსტრიული ფუნქცია გამოეცალა, მის ადგილას მხოლოდ ისტორია და უზარმაზარი მწვანე სივრცე დარჩა.

"იმის შედეგად, რომ წყალმომარაგების გამო ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა მავნე წარმოების გაჩენა, თავისთავად მოხდა, რომ სანზონა ნაწილობრივ კეთილმყოფელად განვითარდა. შემდეგ კი აშენდა ბეტონის ჯუნგლები, მაგრამ ძირითადად იქ მაინც დარჩა ინდივიდუალური განაშენიანება, რომელიც თუ სწორად განვითარდა, შეიძლება გამჭიდროვდეს და ისევ ეკოლოგიურად სუფთად დარჩეს, მაგრამ უფრო მჭიდრო იყოს, ანუ მეტი ადამიანი დასახლდეს. ამ მეტი ადამიანისთვის კი უნდა არსებობდეს რაღაც მიმზიდველი, რაც შეიძლება ამ უბანში გაჩნდეს, თუ სწორად მოხდა თუნდაც ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიის განაშენიანება და შეიძლება სწორედ სანზონა გახდეს ამის მუშტარი. ამ უბანს ნამდვილად სჭირდება ამოსუნთქვა. ასე რომ, თუ თემქაზე ქალაქმგეგმარებელმა ეს პოტენციალი დაინახა, ამან შესაძლოა "წამოიკიდოს” სანზონის რეკონსტრუქციის მოთხოვნაც. თუმცა ეს ყველაფერი შესაბამის კვლევებს უნდა ეყრდნობოდეს.”

გარდა სრულიად დამოუკიდებელი ცენტრებისა, ქალაქის სხვადასხვა უბანში შესაძლოა სპეციფიკური ცენტრების ფორმირებაც, მაგალითად, ბიზნესცენტრი, საგანმანათლებლო ან კულტურული ცენტრები. ამ შემთხვევაში მსგავსი ცენტრი შესაძლოა არა მხოლოდ აღნიშნული რაიონის, არამედ მთელი ქალაქის სპეციფიკურ ცენტრად იქცეს. სწორი მართვის შემთხვევაში კი ამგვარი ელემენტი, თავის მხრივ, აჩენს მის გარშემო არსებული ტერიტორიის დამოუკიდებელ ცენტრად განვითარების პერსპექტივას.

პოლიცენტრიზმის სარგებელი დიდია, რაც, პირველ რიგში, თავად მოქალაქეებზე აისახება. პოლიცენტრულ ქალაქებში დაბალანსებულია ტრანსპორტის გადანაწილება, შედეგად, მცირდება საცობები და მგზავრობის ხანგრძლივობა; ხდება სამუშაო ადგილების დივერსიფიკაცია სხვადასხვა უბანში, რითაც იზრდება უბნის ეკონომიკური პოტენციალი; ფართოვდება ურბანულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც ადამიანებს საცხოვრებელი, სამუშაო და საგანმანათლებლო ადგილების ფართო არჩევანს სთავაზობს; და შესამჩნევად უმჯობესდება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა, რადგან მცირდება ზეწოლა ცენტრალურ უბნებზე, შესაბამისად, გარემოზე უარყოფითი გავლენაც იკლებს.

"ქალაქი არის მოსახლეობა. პოლიცენტრულობა კი სწორედ მოსახლეობას აძლევს სარგებელს. პოლიცენტრულ ქალაქში ადამიანებს აქვთ არჩევანი: მათ შეუძლიათ დარჩნენ თავიანთ უბანში და ყველანაირი მომსახურება იქ მიიღონ, ან წავიდნენ სხვა ცენტრში, ან კიდევ - მთლიანად ქალაქის ცენტრში. ეს ყველაფერი კი დაეტყობა სატრანსპორტო სისტემას, ეკოლოგიას... ეკოლოგია უმნიშვნელოვანი რამაა და აუცილებლად გასათვალისწინებელია ქალაქგანვითარებაში. პოლიცენტრულობა კი მისი მოწესრიგების ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სწორი პოლიცენტრულობის მაგალითი თბილისში არ გვაქვს. პოტენციალი არსებობს, მაგრამ ამის ამოქმედება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მისი მართვა იქნება სწორი. თორემ თბილისი სიდიდით იმხელაა, მისი ზომა უკვე მეტყველებს იმაზე, რომ პოლიცენტრული უნდა იყოს, რაც ამოსუნთქვა იქნებოდა ქალაქისთვის.

ქალაქი პრაგმატულად უნდა ვითარდებოდეს - როგორც ქალაქს სჭირდება, როგორც სოციალურ ადგილს სჭირდება. ქალაქი არის სოციუმი. ქალაქი ხომ სივრცული ელემენტი არ არის. ეს არის სოციუმი, რომელმაც სივრცული სისტემები, როგორც ტანსაცმელი, ისე ჩაიცვა, თორემ რეალურად მას ადამიანები წარმოადგენენ. ქალაქი არის მოქალაქეები.”