ინდოეთში მამაკაცს ცოლის დაწვისთვის სიკვდილით დასჯიან.
ინდოეთის ქალაქ უდაიპურში სასამართლომ კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, მას შემდეგ რაც იგი დამნაშავედ ცნეს ცოლის, ლაქშმის, ცოცხლად დაწვაში. სასამართლოსთვის ცნობილია, რომ ქალს ქმარი მუდმივად ამცირებდა კანის მუქი ფერის გამო.
შემთხვევა 2017 წლის 24 ივნისს მოხდა - ქიშანდასმა ცოლს სხეულზე უცნობი სითხე წაუსვა, რომელიც, როგორც თავად არწმუნებდა, კანის გათეთრებისთვის იყო განკუთვნილი. ლაქშმიმ უთხრა, რომ სითხეს საეჭვო სუნი ჰქონდა, რის შემდეგაც ქმარმა მას ცეცხლი წაუკიდა. როდესაც ცოლი ცოცხლად იწვოდა, დარჩენილი სითხეც გადაასხა და გაიქცა.
ქალი მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
პროკურორმა დინეშ პალივალმა განაჩენს "ისტორიული“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ეს სხვებისთვის გაკვეთილი გახდება.
დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ლაქშმის სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო და ბრალდებულს უდანაშაულოდ სჯიან.
ეს საქმე კიდევ ერთხელ ხსნის ინდოეთში ადამიანის ფერის მიმართ მტკივნეულ დამოკიდებულებას. ქვეყანაში მუქი კანის მქონე ქალები ხშირად ხდებიან დაცინვისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი.
კანის გათეთრების ინდუსტრია მილიარდობით დოლარის მოგებას ნახულობს. ქორწინების განცხადებებში კი ღია კანის ფერს განსაკუთრებულად უსვამენ ხაზს. BBC-ს ცნობით, არსებობს თვითმკვლელობის შემთხვევებიც, როცა ქალები ქმრების მხრიდან "მუქი ფერის“ გამო დაცინვას ვერ იტანდნენ.
ბოლო წლებში აქტივისტები აქტიურად ებრძვიან სტერეოტიპს, თითქოს "ღია ფერის კანი უკეთესია“, მაგრამ სანამ ასეთი დამოკიდებულება არ შეიცვლება, ინდოეთში უამრავი ქალი დისკრიმინაციის მსხვერპლი რჩება.