ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი, ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Armani Group-მ გაავრცელა. მათი თქმით, იტალიელი მილიარდერი, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
“Armani Group-ი უსაზღვრო მწუხარებით აცხადებს თავისი შემქმნელის, დამფუძნებლისა და მამოძრავებელი ძალის, ჯორჯო არმანის გარდაცვალების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლეგენდის გარდაცვალებასთან ერთად მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეული ეპოქა დასრულდა. ჯორჯო არმანი იყო ადამიანი, რომელმაც გიგანტური ინდუსტრიის შექმნა არაფრისგან შეძლო და აი როგორია მისი ცხოვრების ისტორია...
მოდის სამყაროში არმანის მთავარ მემკვიდრეობად კოსტიუმის ხელახლა დამკვიდრება აღიქმება. დიზაინერმა გაათავისუფლა კოსტიუმი დამახასიათებელი სიმკაცრისგან და მოუხერხებლობისგან, მან მამაკაცებს ელეგანტურობის განცდა მისცა, ქალებს - ძალაუფლების შეგრძნება.

ლეგენდარული დიზაინერი იტალიის ჩრდილოეთში, პიაჩენცაში 1934 წლის 11 ივლისს დაიბადა. ომმა მისი ოჯახის ცხოვრება დაამსხვრია.
“ბავშვობის პირველი მოგონება შიმშილი იყო. ქუჩაში ჭურვების ნამსხვრევებთან თამაშობდა, სანამ ერთ-ერთი არ აფეთქდა - ჯორჯო მძიმედ დაიწვა, ხოლო მისი მეგობარი დაიღუპა,“ - წერს BBC და მისი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვება.
ახალგაზრდა არმანიმ 1956 წელს მედიცინის შესწავლა დაიწყო, თუმცა სამ წელიწადში მიატოვა და არმიაში წავიდა, სამხედრო ცხოვრებით იმედგაცრუებულმა მილანის უნივერსალურ მაღაზია La Rinascente-ში დაიწყო კონსულტანტად მუშაობა. ამ პერიოდიდან იწყება მისი თავბრუდამხვევი კარიერაც.

იმ დროს როდესაც დიზაინერთა უმეტესობა თავის პროფესიას შეგირდად ყოფნისას ან მოდის სკოლაში ეუფლებოდა, არმანის აკადემია თავად მაღაზია გახდა. ის აკვირდებოდა, რომელი ქსოვილი მოსწონდათ მყიდველებს, თვითონ დადიოდა ქსოვილების ქარხნებში და მატერიის სტრუქტურებს იკვლევდა. მალევე ქსოვილის ოსტატი გახდა და ეს ცოდნა მომავალში იდეალური ჩაცმულობის სტილის შესაქმნელად გამოიყენა.

შემდეგ არმანმა გავლენიანი დიზაინერ ნინო ჩერუტისთან დაიწყო მუშაობა. რამდენიმე თვეში ჩერუტიმ კომპანიას სთხოვა მყიდველების მიმართ მიდგომა შეეცვალათ. საშუალო ფენა მაღალი მოდის ტანსაცმელს ვერ ყიდულობდა, თუმცა საზოგადოებაში სულ უფრო მეტად მკვიდრდებოდა მზარდი მოთხოვნა ჩაცმულობის გამორჩეული სტილის მიმართ. არმანიმ გამოსავალი შესთავაზა — დახვეწილი ქსოვილებით შექმნა სუფთა, ზუსტი ჭრილის კოსტიუმები, რომლებიც შეიძლებოდა მასობრივად წარმოებულიყო.
1966 წელს არმანიმ გაიცნო სერჯიო გალეოტი — ახალგაზრდა არქიტექტორი, რომელმაც მალევე მიატოვა საკუთარი კარიერა და საყვარელთან მუშაობა დაიწყო. გალეოტიმ არმანის საკუთარი ბრენდის გახსნა ურჩია და საკუთარი „ფოლკსვაგენის“ გაყიდვით საწყისი კაპიტალიც უშოვა. პირველი ოფისი იმდენად ბნელი აღმოჩნდა, რომ არმანის ლამპებიდან ქუდები მოხსნაც კი დასჭირდა, რათა ქსოვილი დაენახა. მაგრამ მათმა ნამუშევარმა მოდაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.


არმანიმ “შეარბილა“ მამაკაცის სამოსი, ქალისა კი პირიქით - “გაამკაცრა“. მამაკაცის კოსტიუმები უფრო რბილი და სენსუალური გახდა. თუმცა მოდაში ჯერ კიდევ არ არსებობდა გამოხატული სტილი რომელიც ახალი ეპოქის, სამუშაო გარემოში მყოფ ქალზე იქნებოდა გათვლილი.
ამაში დიზაინერმა შესანიშნავი შანსი დაინახა: “მე მივხვდი, რომ მათ სჭირდებოდათ ჩაცმის ისეთი სტილი, რომელიც მამაკაცისას გაუტოლდებოდა - ისეთი, რაც მათ ღირსებას შესძენდა სამსახურში,“ - იხსენებდა შემდგომში არმანი.

1978 წელს კომპანიამ ხელი მოაწერა კონტრაქტს მწარმოებელ GFT-თან, რამაც მაღალი ხარისხის ტანსაცმლის მასშტაბური წარმოება გახადა შესაძლებელი. იმავე პერიოდში არმანიმ დიდ მარკეტინგულ წარმატებას მიაღწია - 1980 წლის ფილმში American Gigolo რიჩარდ გირი თითქმის ყველა სცენაში არმანის სამოსში ჩნდება.

არმანიმ ბრენდი გააფართოვა: Armani Jeans, Emporio Armani, სუნამოები L’Oreal-თან, სათვალეები, სპორტული სამოსი, კოსმეტიკა, აქსესუარები — ყველაფერი ის, რასაც შემდგომში ჟურნალმა GQ - მ “სრული სახე“ უწოდა.
2000 წელს ნიუ-იორკის გუგენჰაიმის მუზეუმმა მისი ნამუშევრების გამოფენა გამართა, სადაც აღიარეს ჯორჯოს უდიდესი გავლენა როგორც დიზაინის სფეროში, ისე სოციალურ ცვლილებებზე.
2010 წელს დუბაის Burj Khalifa-ში სასტუმროს ინტერიერიც თავად არმანის მიერ არის მოწყობილი. დიზაინერი სპორტის დიდი მოყვარული გახლდათ და ინგლისის, ჩელსისა და იტალიის ოლიმპიური ნაკრების ფორმებიც შექმნა.
ცხოვრებაში რამდენიმე დაპირისპირებაც ჰქონდა, მათ შორის Vogue-ის რედაქტორ ანა ვინტურთან. მაგრამ, მიუხედავად კრიტიკისა, სიცოცხლის ბოლომდე პარიზსა და მილანში ახალ კოლექციებს წარმოადგენდა.

დისციპლინა და სიმკაცრე მთელი მისი ცხოვრების მახასიათებელი თვისება იყო. ჯორჯიომ საკუთარი თავი საყვარელ საქმეს მიუძღვნა, გარე ინვესტიციები არ მიუღია და ცხოვრების ბოლომდე კომპანიაზე სრული კონტროლი შეინარჩუნა.
Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 13 მილიარდ დოლარს აღწევდა.
“მე არასოდეს ვკმაყოფილდები... სანამ სრულყოფილებას არ მივაღწევ, არ ვჩერდები,“ - განაცხადა ლეგენდარულმა დიზაინერმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.