ამ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთი კორეა "საერთაშორისო შეთქმულებაში“ დაადანაშაულა. "გეთაყვა, გადაეცით ჩემი ყველაზე თბილი სურვილები ვლადიმერ პუტინს და კიმ ჩენ ინს, სანამ თქვენ მანდ შეთქმულებას აწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ“, - მიმართა დონალდ ტრამპმა პეკინში, ტიანანმენის მოედანზე გამართულ, მასშტაბურ სამხედრო აღლუმზე შეკრებილ ლიდერებს. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და იაპონიის კაპიტულაციის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას 25 ქვეყნის ლიდერი დაესწრო, თუმცა მთავარი ყურადღება მაინც სამი ფიგურის - მასპინძელი სი ძინპინის და მისი სტუმრების - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ტრიბუნაზე ერთად გამოჩენამ მიიპყრო. ანალიტიკურ წრეებში განსაკუთრებული აქცენტები გააკეთეს ძინპინის ამ განცხადებაზე: "მსოფლიო ისევ დგას ომისა და მშვიდობის, დიალოგისა და კონფრონტაციის გზაგასაყარზე... ჩინეთის აღორძინებას ვერავინ შეაჩერებს...“ მან ასევე აღნიშნა, რომ საერთო უსაფრთხოება მხოლოდ მაშინ იქნება უზრუნველყოფილი, როცა ქვეყნები თანასწორად და ჰარმონიულად იცხოვრებენო. ისმის კითხვები: პეკინში გამართული სამხედრო აღლუმი ისტორიული თარიღის პატივისცემა იყო თუ ჩინეთის ძალის დემონსტრაცია მსოფლიოსთვის? არის, თუ არა პროცესები ახალი გეოპოლიტიკური განაწილების დასაწყისი? - ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება:

- ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს აღლუმი მხოლოდ იუბილე არ ყოფილა. ეს იყო გეოპოლიტიკური დეკლარაცია, რომ ყალიბდება "ავტორიტარული ღერძი“ - ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა. მათი ტრიბუნაზე ერთად დგომა, ფაქტობრივად, ამ ალიანსის ოფიციალური პრეზენტაცია იყო. თუ ადრე ეს მხოლოდ კოოპერაციის ფორმით არსებობდა, ახლა უკვე აშკარად სტრატეგიულ ალიანსად ყალიბდება.
- იყო თუ არა სიმბოლური ჟესტი სი ძინპინს, ვლადიმერ პუტინს და კიმ ჩენ ინის ერთად გამოჩენა?
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება იყო, ჩინეთმა აჩვენა, რომ ის არის ამ ღერძის ცენტრი, რუსეთი - მისი სტრატეგიული მოკავშირე ევროპაში, ხოლო ჩრდილოეთ კორეა - მის მიერ მართული საფრთხობელა რეგიონში, რომელიც იაპონიასა და სამხრეთ კორეას მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს. ეს აჩვენებს, რომ ავტორიტარული ქვეყნები ერთმანეთზე არიან დამოკიდებული: რუსეთი ეკონომიკურად ჩინეთზეა მიბმული, ჩინეთი კი რუსეთს იყენებს ევროპასთან დაპირისპირების ბერკეტად.
- სი ძინპინის განცხადება, რომ "ჩინეთის აღორძინებას ვერავინ შეაჩერებს“, როგორ უნდა გავიგოთ?
- ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური წინსვლის განცხადება. ჩინური ვერბალური ექსპრესია აღმოსავლურ პოლიტიკურ სტილს ეკუთვნის. რუსულ ვერბალურ სტილთან გარკვეულ მსგავსებას შეიძლება ხედავდე, თუმცა რუსული გაცილებით უხეში და მარტივია. რუსები ტყუილებს ვერ მალავენ, მაშინ როცა ჩინელებს ეს უკეთ გამოსდით. ზოგადად, ავტორიტარული ქვეყნების განცხადებების ენა ყოველთვის გადატრიალებულ შინაარსს ატარებს. მაგალითად, როცა ჩინეთი "აღორძინებაზე“ საუბრობს, რეალურად იგულისხმება ექსპანსიონიზმი და დაპირისპირება თავისუფალ სამყაროსთან. იგივე ლოგიკა მოქმედებს რუსეთშიც: როცა რუსეთი ამბობს "ჩვენ გვინდა მშვიდობა“, სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ სხვა სახელმწიფოებმა უნდა შეწყვიტონ არსებობა. თუ ისინი არ შეეგუებიან ამ აზრს, მაშინ ომი გარდაუვალია. ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთი აპირებს გავლენის გაფართოებას აზიაში, სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციას, ტაივანზე პრეტენზიის გაძლიერებას და დასავლეთ აზიაში ეკონომიკურ ექსპანსიას. ეს არის გზავნილი, რომ ჩინეთი გლობალური მოთამაშეა და მზად არის დაპირისპირებისთვის...
- როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი შეიძლება იყოს ამერიკის რეაქცია ამ ყველაფერზე?
- გარდა იმისა, რომ ტრამპის პოლიტიკა სერიოზულად ასუსტებს დასავლურ ერთიანობას, თავად ამერიკის შიდა პოლიტიკაში სერიოზული რეგენერაცია მიმდინარეობს. ამ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის ფორმატირება მიდის და სამწუხაროდ, დღევანდელ ამერიკას საერთო აღარაფერი აქვს 90-იანი ან თუნდაც 2000-იანი წლების ამერიკასთან. ტრამპი არ აფასებს ალიანსების მნიშვნელობას და მოკავშირეებთან ურთიერთობებს, რასაც ამერიკის ძალა წლების განმავლობაში ეყრდნობოდა. ამის შედეგად ავტორიტარული ღერძი ხედავს, რომ დასავლეთი სუსტი და გახლეჩილია. მათთვის ეს არის "სტრატეგიული შესაძლებლობის ფანჯარა“ - მომენტი, როცა შეუძლიათ თავიანთი გეგმების მაქსიმალურად სწრაფად განხორციელება.
- თქვენ ახსენეთ, რომ ეს "ღერძი“ მხოლოდ სამ ქვეყანას არ მოიცავს. რა როლი აქვს ირანსა და ინდოეთს ამ კონტექსტში და არის თუ არა, ტრამპის შეცდომის შედეგი, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა დღეს რუსეთისა და ჩინეთის გვერდით დგას? სხვათა შორის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მოდი და პუტინი ერთი მანქანით მივიდნენ.
- ირანი გარკვეული მიზეზების გამო დროებით "ამოვარდა“ ამ ჯაჭვიდან - განსაკუთრებით ისრაელის მიერ განხორციელებული ოპერაციების შემდეგ. მაგრამ სტრუქტურულად ირანიც ამ ავტორიტარულ ბლოკში ჯდება. ინდოეთი კი ცალკე თემაა. მას ისტორიულად ჰქონდა ახლო ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან და დღესაც ინარჩუნებს კავშირებს რუსეთთან. ამავდროულად, ინდოეთი ცდილობს მიუმხრობლობის პოლიტიკის გაგრძელებას - ერთის მხრივ თანამშრომლობს დასავლეთთან, მეორეს მხრივ იყენებს ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობებს საკუთარი ინტერესების გასაძლიერებლად. თუმცა გეოპოლიტიკურად ჩინეთთან დაპირისპირებას ვერ გაექცევა.
- ამ ყველაფერს რა გავლენა აქვს უკრაინის ომზე?
- უკრაინა დღეს არის ფარი დასავლეთისთვის. თუ დასავლეთი ვერ გაერთიანდება და ვერ აჩვენებს საკმარის პოლიტიკურ ნებასა და რესურსს, მაშინ რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა უფრო გაბედულად იმოქმედებენ. ომი უნდა დასრულდეს უკრაინისთვის მისაღები პირობებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება რუსეთის გამარჯვება და ავტორიტარული ღერძის კიდევ უფრო დიდი გაძლიერება. დასავლეთმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - სურს თუ არა რეალურად რუსეთის დამარცხება. ამის გარეშე უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ დროის მოგებას ნიშნავს.
- დღეს დასავლეთის პოზიცია რამდენად მყარია?
- სამწუხაროდ, ერთიანობა სუსტია. ევროპაში საზოგადოება ომისთვის არ არის მზად - გერმანიაში, მაგალითად, გამოკითხვებით მხოლოდ 16% აცხადებს, რომ მზადაა ქვეყანა დაიცვას. ასეთ ფონზე რთულია მოლოდინი, რომ ისინი სხვების გამო უფრო სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამენ. რუსეთი ამას ძალიან კარგად ხედავს და სწორედ ეს უპირატესობას აძლევს.