ციფრულ ტექნოლოგიებს უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თითქმის ყველა სფეროში, რადგან დამხმარე საშუალებად იქცა როგორც სერვისის მიმწოდებელთათვის, ისე მიმღებთათვის. ამის მაგალითია ტელემედიცინა, რომელიც წარმატებით დაინერგა მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში და COVID-19-ის პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო.
ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ექიმთან კონსულტაციის აღნიშნული ფორმა უფრო განვითარდება და დამკვიდრდება, რადგან განსაკუთრებით ახალგაზრდები ხშირად მიმართავენ მას.
მსოფლიოს მასშტაბით უკვე ფართოდ არის გავრცელებული კოლეგებს შორის ონლაინ კონსულტაციის სერვისიც. ცოტა ხნის წინ აღნიშნული პრაქტიკა გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) გაეროს სხვა სააგენტოებისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დანერგა. აღნიშნული მიდგომა ექიმს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ მოისმინოს ე.წ მეორე მოსაზრება კოლეგისგან და მასთან ერთად განიხილოს დიაგნოზი ან მკურნალობის პროტოკოლი.

ფოტოზე: მეან-გინეკოლოგი - მაკა ჩიქოვანი
ავტორი: დინა ოგანოვა/UNFPA
რაც შეეხება ორსულების მხრიდან ტელემედიცინის გამოყენებას, UNFPA-ს ჩართულობით ანტენატალურ მომსახურებაში ორსულთა ალტერნატიული ონლაინ ვიზიტები ინტეგრირდა. კერძოდ, სახელმწიფო პროგრამით ორსულებს მეან-გინეკოლოგთან 8 ანტენატალური და ერთი პოსტსამშობიარო ვიზიტი ეკუთვნით. აღნიშნული ვიზიტებიდან ორის განხორციელება კი მალე მათ მთელი საქართველოს მასშტაბით ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. ეს მათ საშუალებას მისცემს, სეზონური ვირუსების გავრცელების პერიოდში ან პირადი მიზეზების გამო თავი არ აარიდონ ექიმთან კონსულტაციას და დისტანციურად შეძლონ მისი გავლა.
გაეროს მოსახლეობის ფონდმა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო ორსულებისა და მამებისთვის სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და სკრინინგ პროგრამაში ჩართულობის გაზრდის მიზნითაც. კერძოდ, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა ორსულთა წიგნი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი, რომელ ტრიმესტრში რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს ქალს, როგორ უნდა იკვებოს ის, რა ტიპის სამედიცინო კვლევების ჩატარებაა რეკომენდებული და სხვა. ასევე, კლინიკების ბაზაზე არსებული მშობელთა სკოლებისათვის შეიქმნა მოდულები, რომელიც ორიენტირებულია დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე ბავშვისა და დედის მოვლასთან და მამების ჩართულობასთან დაკავშირებით.
უფრო მეტ დეტალზე, როგორ შეუძლიათ ორსულებს ონლაინ კონსულტაციის დაგეგმვა მეან-გინეკოლოგთან, რა ფორმით არის ჩართული ციფრული სერვისები სკრინინგის პროგრამაში და რა სარგებელს მიიღებს მოსახლეობა ორსულთა წიგნისა და მშობელთა სკოლისგან, UNFPA-ს ტელემედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი ლელა შენგელია საუბრობს:

ფოტოზე: ლელა შენგელია/UNFPA
● რა სარგებლის მოტანა შეუძლია ციფრულ ტექნოლოგიებს სამედიცინო სერვისებისა თუ ინფორმაციის გავრცელების კუთხით მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უფრო კონკრეტულად, საქართველოში?
პანდემიის პერიოდმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სამედიცინო სექტორში უმნიშვნელოვანესია. მაშინ, როცა შეიქმნა ვაკუუმი, ტელემედიცინის მეშვეობით გამოინახა გზა, რომ პაციენტი დაკავშირებოდა ექიმს და კონსულტაცია გაევლო მასთან.
სწორედ მაშინ დავინახეთ მასშტაბური სურათი, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ციფრული ტექნოლოგიების ამ თვალსაზრისით გამოყენება. ეს ხელს შეუწყობდა სერვისების განვითარებას და პაციენტებს საშუალებას მისცემდა, მიეღოთ პროფესიონალის რეკომენდაციები, თუ რა თქმა უნდა, რაიმე სამედიცინო ინტერვენცია არ დასჭირდებოდა მას.
გარდა ამისა, ელექტრონული სისტემები შესანიშნავი საშუალებაა ორი კოლეგის დაკავშირებისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის. ასე უფრო უკეთ და ეფექტიანად არის შესაძლებელი რთული პაციენტის მართვა და ასევე, ექიმს შესაძლებლობა აქვს, მეტი გამოცდილება შეიძინოს. საბოლოო ჯამში კი ამ ყველაფრისგან პაციენტი იღებს სარგებელს.
კოვიდპანდემიისას კერძო სექტორმაც კარგად დაინახა, რომ ტელემედიცინა შეიძლება ხარჯთეფექტურად გამოიყენო, რამაც მათ ონლაინ სერვისების განვითარებისკენ უბიძგა. ასეთი მაგალითები უკვე გვაქვს საქართველოში.
ჩვენს ქვეყანაში UNFPA-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეპროდუქციული ჯანმრთელობაა, რასაც ემსახურება ტელემედიცინის საპილოტე პროექტი ანტენატალურ მომსახურებაში. პირველი ონლაინ კონსულტაციები განხორციელდა აჭარის რეგიონში, საიდანაც ზამთრის პერიოდში რთულია ხოლმე გადაადგილება და შესაბამისად, ორსულებს უჭირთ სამედიცინო სერვისების მიღება.

ფოტოზე: მეან-გინეკოლოგი - მაკა ჩიქოვანი
ავტორი: დინა ოგანოვა/UNFPA
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გაიდლაინით, რომელიც სახელმწიფო პროგრამაშია ინტეგრირებული ორსულებს ეკუთვნით 8 ანტენატალური და ერთი მშობიარობის შემდგომი ვიზიტი, საიდანაც მე-5 და მე-7 ვიზიტების განხორციელება ტელემედიცინის მეშვეობით არის შესაძლებელი. პირველი 4 ვიზიტი ყველაზე მეტად არის გაჯერებული ინსტრუმენტული, ულტრაბგერითი და სხვა კვლევებით, ბოლო ტრიმესტრებში კი ნაკლებად დგება ამის საჭიროება.
ონლაინ ვიზიტებზე სამი რამ არის მნიშვნელოვანი: განისაზღვროს ორსულის სისხლის წნევა, გაიზომოს შარდში ცილა და ასევე საშვილოსნოს ფუძე. აღნიშნულ საკითხებში ორსული თავიდანვე უნდა გათვითცნობიერდეს, რაზეც მეან-გინეკოლოგმა უნდა იზრუნოს. ექიმმა ორსულს უნდა ასწავლოს, როგორ გაიზომოს სისხლის წნევა და როგორც გამოიყენოს ტესტ-ჩხირები შარდში ცილის დონის განსაზღვრისთვის. ასევე, მას დამოუკიდებლად შეუძლია საშვილოსნოს ფუძის გაზომვაც. მიღებული ინფორმაციის მიწოდება კი ორსულს ექიმისთვის უკვე ონლაინ შეუძლია.

ფოტოს ავტორი: დინა ოგანოვა/UNFPA
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექიმს აქვს ანტანატალური მოვლის ეროვნულ პროტოკოლზე წვდომა, სადაც გაწერილია რა შემთხვევაში არის და არ არის შესაძლებელი ონლაინ ვიზიტებს განხორციელება. თუ ფიზიოლოგიური ორსულობა მიმდინარეობს გართულებების გარეშე, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ვიზიტი დისტანციურად ჩაატაროს და რეკომენდაციები გასცეს, სხვა შემთხვევაში კი პაციენტი ადგილზე უნდა მივიდეს მასთან. ჩვენ ვსაუბრობთ ალტერნატიულ ვიზიტზე, რომლის შესაძლებლობაც ექნებათ მათ, ვისაც პირადი ან სამედიცინო მიზეზების გამო კლინიკაში მისვლა არ შეუძლია და ორსულს სურვილისამებრ აქვს შესაძლებლობა, კლინიკაში მივიდეს ონლაინ ჩართვის ნაცვლად.

ავტორი: დინა ოგანოვა/UNFPA
● სამედიცინო სფეროში UNFPA-ს მიერ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ნაწილი იყო ექსპერტთა ჰაბის განვითარებაც, რაც ექიმებს შორის ონლაინ კონსულტაციას გულისხმობს. რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას როგორც მეან-გინეკოლოგისთვის, ისე პაციენტისთვის?
ე.წ ექსპერტთა ჰაბი ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ექიმს, რომელსაც ხულოში ჰყავს რთული ორსული, შეუძლია, ონლაინ მოისმინოს კოლეგის მოსაზრება. ეს მას ძალიან დაეხმარება ორსულის მდგომარეობის მართვაში. აღნიშნული მოდული იმაზე უფრო სწრაფად ამუშავდა, ვიდრე ველოდით და ვფიქრობთ, რომ ძალიან სწრაფად მოიკიდებს ფეხს.
ორივე მოდული - იქნება ეს პაციენტის ონლაინ კონსულტაცია ექიმთან თუ ე.წ ექსპერტთა ჰაბი დაკავშირებულია დაბადების სახელმწიფო რეგისტრთან, სადაც აღირიცხება, ორსულობა მიმდინარეობს ფიზიოლოგიურად, პათოლოგიურად, საკეისრო კვეთა ხდება თუ აბორტით სრულდება. ეს არის უნივერსალური ელექტრონული სისტემა, რომელიც აგროვებს ინფორმაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი ციფრული სერვისების სახელმწიფო სისტემაში ინტეგრირება უმნიშვნელოვანესია, რადგან ანგარიშგების საშუალებას გვაძლევს და ექიმი ონლაინ ჩატარებულ ვიზიტში შესაბამის ანაზღაურებას იღებს. ამასთან, იწარმოება სტატისტიკაც, რაც ასევე გარკვეულ სურათს გვაძლევს.

ფოტოს ავტორი: დინა ოგანოვა/UNFPA
● რა შედეგები მიიღეთ ტელემედიცინის საპილოტე პროექტის დანერგვიდან დღემდე და როგორ შეაფასებთ, რამდენად გაამართლა აღნიშნულმა სერვისმა? ასევე, რა გამოწვევები არსებობს პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით?
პროექტის პილოტირება დავიწყეთ აპრილში, როგორც აღვნიშნე აჭარის რეგიონში და გარკვეულ გამოწვევებს წავაწყდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოდულები სახელმწიფო სისტემაშია ინტეგრირებული, მისი განმახორციელებელი კერძო სექტორია. ამ პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა საჭირო. მისი შედეგები უფრო უკეთ გამოჩნდება შემოდგომიდან, რადგან ჯერჯერობით არც სეზონური ვირუსების პერიოდია და არც უამინდობის გამო გზის ჩაკეტვის რისკი.
უნდა აღინიშნოს, რომ ონლაინ კონსულტაციის რამდენიმე წარმატებული შემთხვევა უკვე გვქონდა, თუმცა განსაკუთრებით კარგად იმუშავა ექსპერტთა ჰაბმა.
მართლაც გამოწვევაა საზოგადოების ინფორმირება, თუმცა ვფიქრობ, რომ ორსულები დადებითად შეხვდებიან ამ სიახლეს. ვინც შეიტყო მის შესახებ, ყველამ გამოთქვა მასში მონაწილეობის სურვილი. ცხადია, ამ თვალსაზრისით ბევრია სამუშაო და როდესაც ორსულები დაიწყებენ აღნიშნული სერვისის მოთხოვნას, კლინიკებშიც გაჩნდება მზაობა, რომ მისი მიწოდება დაიწყონ.
● დაახლოებით რა ვადაში გეგმავთ, ტელემედიცინის სერვისის დანერგვას მთელი ქვეყნის მასშტაბით?
რადგან პილოტირება ახლა სრულდება, ვფიქრობთ, მომავალ წელს გავავრცელოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სისტემა უკვე მთელს საქართველოშია დანერგილი, რადგან როგორც განვმარტე, ის დაბადების რეგისტრშია ინტეგრირებული.
რაც შეეხება ექსპერტთა ჰაბს, ვფიქრობ, რომ უკვე 2025 წლის შემოდგომიდან გააქტიურდება ის და სწრაფად გახდება სამედიცინო სერვისის მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.
· თქვენი შეფასებით, ერთი მხრივ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან ინფორმირებულობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით და მეორე მხრივ, UNFPA როგორ გეგმავს მუშაობას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს ტელემედიცინის შესახებ?
აღნიშნული პროექტი, რომელიც ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული და გაეროს ოთხი სააგენტო ახორციელებდა, აგვისტოს ბოლოს სრულდება. მანამდე ჩვენ მაქსიმალური ჩართულობით ვმუშაობდით სახელმწიფოსთან და მისი გაკეთებულია როგორც ანტენატალურ პერიოდში ონლაინ კონსულტაციების პროექტი, ისე ექსპერტთა ჰაბი.
ჩვენ სახელმწიფო ორგანიზაციები მაქსიმალურად ჩავრთეთ პროექტში, რათა ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა ეგრძნოთ სერვისების განვითარებაზე და მეორე მხრივ, ხელი შეეწყოთ დანერგილი სერვისების გავრცელებისთვის. სახელმწიფოს მიზანიც უნდა იყოს, რომ მეან-გინეკოლოგებმა კვალიფიციური მოსაზრებები გაცვალონ ერთმანეთში და უკეთ მართონ რთული ორსულობები.
ჩვენ ვცდილობთ, რომ გაგრძელდეს პროექტი და დონორები დავაინტერესოთ მისით. ციფრულ სამედიცინო სერვისებს ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება საქართველოში, რადგან ჯერ საწყის ეტაპზეა და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ მათ განვითარებას.
● გაეროს მოსახლეობის ფონდი ციფრულ ტექნოლოგიებს იყენებს არამარტო ტელემედიცინის განვითარებისთვის, არამედ ინფორმაციის გავრცელებისთვისაც. ამის მაგალითია სკრინინგის პროგრამაში ონლაინ ჩაწერის შესაძლებლობა საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, მშობელთა სკოლა და ორსულთა წიგნი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრნობით შეიქმნა. რა მოლოდინები გაქვთ აღნიშნული პროექტებისგან?
სკრინინგში დისტანციურად ჩაწერის შესაძლებლობა გულისხმობს ნებისმიერ კლინიკაში სისტემის ხელმისაწვდომობას, რომელიც პაციენტს სასურველ დროს დაუჯავშნის რეგიონულ ცენტრებში ვიზიტს. მაგალითად, ოჯახის ექიმთან ვიზიტის დროს, იქნება ეს თბილისი, ზუგდიდი თუ სხვა ქალაქი, მას შეუძლია შემოგთავაზოთ საშვილოსნოს ყელის, ძუძუს, ფარისებრი ჯირკვლისა და სხვა უფასო სკრინინგები, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული და თავად ჩაგწეროთ სპეციალისტთან კონსულტაციაზე. ეს შესაძლებლობას გვაძლევს გავზარდოთ სკრინინგ პროგრამის მოცვა, რომელიც უნიკალური სერვისია ჩვენი ქვეყნისთვის და მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ინფორმაცია მის შესახებ.
მშობელთა სკოლა და ორსულების ონლაინ წიგნი დაფუძნებულია მსოფლიოში არსებულ საუკეთესო მტკიცებულებებზე და ექიმებს საშუალებას აძლევს, უნიფიცირებული ინფორმაცია მიაწოდონ ორსულებს.
ორსულთა წიგნი მოიცავს მარტივ ენაზე დაწერილ ზღვა ინფორმაციას, რაც მათ პროცესის მართვაში დაეხმარება. რაც შეეხება მშობელთა სკოლას, აქ გათვალისწინებულია მამის საკითხიც, რადგან მათი ჩართვა ბავშვის მოვლის პროცესში უმნიშვნელოვანესია. მშობელთა სკოლა ინტეგრირებულია სამშობიარო სახლებსა და ანტენატალური მომსახურების გამწევ კლინიკებში, რომელთაც გარკვეული დონეები აქვთ მინიჭებული და სხვადასხვა სერვისის მიწოდება შეუძლიათ პაციენტებისთვის. ყველა მათგანს აქვს ვალდებულება, გარკვეული საათები დაუთმოს მშობლებს და წარუდგინოს ჩვენ მიერ 15 მოდულისგან შექმნილი პროგრამა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ბავშვის მოვლის სპეციფიკა. მოდულებს ექიმისთვის მოჰყვება სპეციალური სახელმძღვანელო, სადაც ახსნილია, ექიმმა როგორ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მშობლებს. ყველა მათგანს აქვს ვალდებულება იცოდნენ თუ რას ნიშნავს ეს. ყველა კლინიკამ უნდა გამოყოს სივრცე და საათები, რომელიც ზოგან ფასიანი იქნება, ზოგან კი უფასო. მაგალითად აჭარაში უფასოა მშობელთა სკოლა, რადგან
სამინისტრო აფინანსებს მას. კლინიკაში, სადაც სერვისია გათვლისწინებული, მიდის ორსული თავის პარტნიორთან ერთად, სხდებიან, ექიმი წარადგენს პრეზენტაციას და განიხილავენ სხვადასხვა საკითხს. ჩვენ შევქმენით 15 მოდული, რომელიც მოიცავს სხვადასსხვა თემას, რომლის მიხედვითაც მომზადდა პრეზენტაციებიც. თითოეულს მოჰყვება სპეციალური სახელმძღვანელო, სადაც ახსნილია, ექიმმა რა უნდა ისაუბროს მშობლებთან შეხვედრისას. ვფიქრობ, ჩვენ მიერ შექმნილი მოდულები ბევრ კოლეგას დაეხმარება, ერთნაირი ტერმინოლოგიით, მტკიცებულებებითა და საერთაშორისო გაიდლაინებით მიაწოდონ ორსულებსა და მამებს ინფორმაცია.
· რა გეგმები გაქვთ არსებული ციფრული ტექნოლოგიების კიდევ უფრო განვითარების კუთხით და ხომ არ აპირებთ ახალი სერვისების დანერგვას?
ჯერჯერობით გაგვიჭირდება გეგმებზე საუბარი, თუმცა მნიშვნელოვანია, არსებული სერვისები გაძლიერდეს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი გაგრძელდეს.
ასევე, თუ დაინერგება მშობიარობის შემდგომი ანუ მეცხრე ვიზიტის ონლაინ გამოყენების შესაძლებლობაც, ძალიან დაეხმარება მეძუძურ დედებს, სწორად კვებონ შვილები და სწორად მოუარონ ახალშობილებს.