პროევროპულ აქციებში მონაწილე ოთხი პირიდან, რომელთაც ნარკოდანაშაულში ედებოდათ ბრალი, ერთის გარდა ყველა გათავისუფლებულია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ანტონ ჩეჩინს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ანტონი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
როგორც გაირკვა, ანტონს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს - "პაციენტს მარჯვენა შუბლ-თხემის მიდამოში აღენიშნება გაურკვეველი სახის ქსოვილი. თავის ტვინში ნებისმიერმა წარმონაქმნმა, შესაძლოა, პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ამოკვეთილი და შესწავლილი უნდა იყოს“, - ამის შესახებ ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესზე მოწმე ექიმმა, ნეიროქირურგმა ედიშერ მაღალაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქირურგიული ჩარევის გარდა, პერიოდულობით კვლევების ჩატარება და წარმონაქმნის მუდმივი კონტროლია საჭირო“.

"ეს არის პოლიტიკური სასჯელი, ანტონს საქართველოს პროევროპული მოძრაობის მხარდაჭერისთვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, სხვა არაფრისთვის“, - ამბობს ანტონის მეუღლე მანანა (მანჩო) სამხარაძე და ციმბირელი ბიჭის თბილისური ისტორიის თხრობას მისი დაკავების დღიდან იწყებს.
მანანა სამხარაძე:
- ანტონი კაფეში მუშაობდა. 3 დეკემბრის დილას სამსახურში მიდიოდა და სადარბაზოდან გავიდა თუ არა, დააკავეს. ანტონი უდანაშაულოა და მისი დაკავება აქციებზე აქტივობებს უკავშირდება, ის ყოველ დღე დადიოდა რუსთაველზე და სამიზნეში ამოიღეს. შარშან დააჯარიმეს კიდეც, დაკავებამდე ორი კვირით ადრე დაიჭირეს და დაემუქრნენ, თუ არ გაჩერდები, ინანებო. წარმოდგენა არ მაქვს, ნარკოტიკების თემა საიდან წამოვიდა, ალბათ ყველაზე მარტივია ამ ბრალის წაყენება და ყველაზე დიდი სასჯელიც ამას მოსდევს.
ანტონი და ნარკოტიკი ისეთი შეუსაბამობაა, წარმოუდგენელი რაღაცაა. მას ნარკოტიკი ჩაუდეს, ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ აქვს, დაცვის მხარის მტკიცებულებები კი საერთოდ არ მიიღო სასამართლომ. მარტო აქედანაც ჩანს, რომ ეს სასჯელი პოლიტიკურადაა მოტივირებული. ბრალის მტკიცებულებად გამოიყენეს თარჯიმანის ჩვენება, რომელიც ოქმზე აწერს ხელს და რომელმაც თავად დაადასტურა რომ მათი ახლობელია. თარჯიმანი შორენა ტაბატაძე არის ცრუმოწმე, ის ასევე ფიგურირებს ზინოვკინას საქმეშიც, პროცესზე მოიყვანეს და გააცილეს თავიანთი მანქანით, არანაირი ნეიტრალური პიროვნება არაა და არის ყველაფერზე ხელის მომწერი. როგორც მითხრეს, მეოთხე საქმეზე ხედავენ ამ ქალს, სადაც ცრუ ჩვენებებს იძლევა, მისი კომპანია "ინტელექტს მარკეტი“ მუდმივად იგებს ტენდერებს... პუტინის საამებლად ჩატოვეს ციხეში. ანტონის წინააღმდეგ პროკურატურას არაფერი მამხილებელი არ აქვს, სახლის ჩხრეკაზეც ვერ გაბედეს რამის ჩადება, რადგან იქ ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ და ერთი ამბავი ატყდებოდა. ანასტასიასთან და არტემთან (ზინოვკინა და გრიბული) ეს მოახერხეს, იქ ჩადეს ნარკოტიკი (ბინის მეპატრონე იყო მარტო), ანტონს კი პოლიციელებმა მანქანაში ჩაუდეს ნარკოტიკი.

- როდის ჩამოვიდა ანტონი თბილისში და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- ანტონი რუსეთის მოქალაქეა, ციმბირში, ქალაქ ბარნაულში დაიბადა და გაიზარდა. ის ინტერნეტით გავიცანი და 2 წელზე მეტია, რაც შევუღლდით. ანტონი ნავალნის მხარდამჭერი იყო და პუტინის საწინააღმდეგო აქციებს მართავდა ციმბირში. ის ხშირად მარტოც მდგარა პლაკატებით ხელში, უკრაინაში ომს აპროტესტებდა და თავის გამომწერებს სთხოვდა, მას შეერთებოდნენ. მეგობრებს ეშინოდათ და ეუბნებოდნენ, რომ არ უნდოდათ, მის გამო პრობლემები შეჰქმნოდათ. ანტონი მაინც ჯიუტად აგრძელებდა პროტესტს.
ის ერთხელ დააკავეს და ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს, სტრასბურგში გაასაჩივრა და ანტონმა ეს საქმე რუსეთს მოუგო. მას მერე დევნის ობიექტი გახდა, პირდაპირ ეუბნებოდნენ, ქვეყნიდან თუ არ წავიდოდა, რაღაცას დამართებდნენ. მის მიმართ დაწყებული რეპრესიები იმით დასრულდა, რომ ქვეყანა სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა. ერთი ზურგჩანთით გამოემართა საქართველოსკენ, აქ იპოვა მეორე სახლი და ჩვენი ქვეყანა უზომოდ შეუყვარდა.
თავიდანვე მოვიხიბლე მისი კეთილი ბუნებით, ასეთ საინტერესო პიროვნებას აქამდე არასდროს შევხვედრივარ. თბილისში დავიბადე და გავიზარდე და ის მაინც ახერხებდა, რომ ჩემთვის სრულიად უცნობი ადგილები ეჩვენებინა და ჩემს მობეზრებულ ყოველდღიურობაში მზის სხივი შემოეტანა. ყოველ შაბათს ანტონი მშრალ ხიდზე დადიოდა მონეტების, მარკების და სხვა ძველმანების აღმოსაჩენად. ქალაქში სტიკერები ჰქონდა გაკრული, სადაც თავისი ინსტაგრამ გვერდის სახელი ეწერა. უნდოდა, რომ ფირის ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოები ბევრს ენახა. მერე აქ დადიოდა აქციებზე, იღებდა ფოტოებს, უკრაინელებს ეხმარებოდა, მოხალისეების ორგანიზაციაში იყო... როცა "რუსული კანონის" წინააღმდეგ ხელახალი აქციები დაიწყო, ანტონი სამსახურის შემდეგ მაშინვე იქ გარბოდა. ვთხოვდი, ფრთხილად ყოფილიყო და საერთოდაც, სახლში დარჩენილიყო, მაგრამ მპასუხობდა, რომ მე კიდევ ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა ჩვენს თავს, რომ იქ დგომით მეც მიცავდა. მეც დავყვებოდი, მაგრამ დარბევებს ვერ ვუძლებდი, ის კი სულ წინ იყო ხსნარებით ხელში, რომ ხალხს დახმარებოდა. აქციაზე დგომისთვის ის მაისში დააჯარიმეს კიდეც.
18 ნოემბერს ანტონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართული აქციიდან გაიტაცეს. ხედავდა, უფორმო პოლიციელები როგორ უღებდნენ ფოტოებს აქციის მონაწილეებს და ანტონმა თავად დაუწყო მათ ფოტოების გადაღება, რადგან ყურადღება თავის თავზე გადაეტანა და სხვების დაჯარიმება ვეღარ მოეხერხებინათ. ანტონს მანქანაში ემუქრებოდნენ, სცემდნენ და ეუბნებოდნენ, რომ სანამ რამეს არ დამართებდნენ, პროტესტი შეეწყვიტა.

3 დეკემბერს დილით, სახლიდან გასვლისას კი, ნარკოტიკი ჩაუდეს ადამიანს, რომელმაც არც ნარკოტიკების დასახელება იცის და ამ ყველაფრისგან შორს არის. ადამიანს, რომელიც არც ეწევა, არც სვამს და თინეიჯერობიდან მუშაობს. ანტონი დღეს არ აცდენდა, სიცხიანიც კი დადიოდა აქციებზე. მეშინოდა, თავში რამე არ მოხვედროდა, ან არ ეცემათ თავში ვინმეს არ ჩაერტყა და მერე სავალალო შედეგი არ ყოფილიყო. უსაყვარლესი ადამიანია ანტონი, როგორც კი დავინახე, მაშინვე ძალიან მომეწონა, განათლებულია და ჭკვიანი ბიჭია. ციმბირში კოლეჯში სწავლობდა, მონეტების შეგროვების გარდა, მას უამრავი ჰობი და ინტერესი აქვს - შესანიშნავად იცის ისტორია, გეოფრაფია, გეოლოგიით და უცხო ქვების შეგროვებითაც დაინტერესებულია. ანტონს ძალიან უყვარს საქართველო, ერთად მოვიარეთ ბევრი მხარე, მართლა შეყვარებულია საქართველოზე და დაკავებისას პოლიციელს ასე უთქვამს, საქართველო თუ ასე გიყვარს, ახლა სამუდამოდ იჯდები ჩვენთან ციხეშიო. ანტონი ქართული ენის სწავლას ცდილობდა, ახლა ლექსიკონი შემაგზავნინა ციხეში. სხვები რუსულ არხებს უყურებდნენ და ანტონმა ცალკე იყიდა ტელევიზორი, მარტო ქართული არხებისთვის რომ ეყურებინა. დარწმუნებული ვარ, ახლა უკვე კარგად ესმის ქართული, მითხრა კიდეც, უკვე ყველაფერი მესმისო, ლაპარაკსაც ცდილობს.
- მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვითხარით რამე, იმაზეც, რა პირობებშია საპატიმროში...
- ანტონმა ჯერ კიდევ რუსეთში გაიგო, რომ თავში კისტა ჰქონდა, რომელიც მუდმივად უნდა ეკონტროლებინა. როდესაც საქართველოში ტომოგრაფია გაიკეთა, კისტა ჯერ კიდევ პატარა იყო, თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, ციხეში ყოფნისას გადაუღეს და აღმოჩნდა, რომ გაიზარდა და ახლა საოპერაციოა. (თებერვალში ციხიდან წაიყვანეს, ტომოგრაფია გადაუღეს და გვითხრეს, რომ კისტა გაზრდილი იყო). როგორც ბატონმა ედიშერ მაღალაშვილმა თქვა, კისტა დიდი ზომის არაა, მაგრამ არის ცუდ ადგილას და რისკის შემცველია, არის პარალიზების რისკიც... ტომოგრაფია 6 თვის მერე, ანუ ამ თვეში გვიწევს.
ბევრი ამბობს, თუ ასეთი მდგომარეობა იყო, აქციებზე რა უნდოდაო. კი, მეც ვდარდობდი და არ მინდოდა, რომ თავი საფრთხეში ჩაეგდო, როცა ვხედავდი, როგორ უსწორდებოდნენ ხალხს. თუმცა, თავად მეუბნებოდა, რომ არ იცოდა, რამდენი დრო ჰქონდა დარჩენილი და უნდოდა ეცხოვრა და არა, უბრალოდ, ეარსება. უნდოდა, რომ ეს ქვეყანა, მისი მეორე სახლი მაინც გადარჩენილიყო და ამაში მასაც ჰქონოდა წვლილი შეტანილი.
ცოტა ხნის წინ, ანტონზე ციხეშიც იძალადეს. მან მხოლოდ საკნის შეცვლა ითხოვა, რის გამოც ის, უეცრად, ძალის გამოყენებით გაიყვანეს საკნიდან და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როცა ტკივილის გამო ექიმს ითხოვდა, დასცინეს და უთხრეს, რომ თუ არ გაჩერდებოდა, უარესს უზამდნენ. შემდეგ კი მას რამდენიმე საათი კარცერში გაატარებინეს და არც ექიმი მიუყვანეს.
ანტონს რთული ოპერაცია ელის, თავის ქალა უნდა აიხადოს, რის მერეც სერიოზული მოვლა და რეაბილიტაცია სჭირდება. "ვივამედში“ პატიმრობაში მყოფ ადამიანს ვერ მიხედავენ. ოპერაციამ წარმატებით რომც ჩაიაროს, ციხეში რომ დააბრუნებენ (იმ ანტისანიტარიაში), სპეციალისტს ვინ მიუყვანს, ვინ მიხედავს, იმ პირობებში გამოჯანმრთელების შანსი არაა. ამიტომ ვამბობ, რომ ანტონისთვის ეს სასიკვდილო განაჩენია, მის მიმართ გამოიტანეს უკანონო სასიკვდილო განაჩენი, ის ფაქტობრივად გაწირეს... რა თქმა უნდა, განაჩენს გავასაჩივრებთ, მაგრამ ამათ პირობებში რომ არაფერი იქნება, ეს ვიცი.
- თვითონ როგორ განწყობაზეა?
- ცუდად არის, საშინელი თავის ტკივილები აქვს, სიმსივნეზე ემოციური ფონიც მოქმედებს და ახლა, სასჯელის გამო რომ ინერვიულა, შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდა კისტა, არ ვიცი, რა იქნება, მეც ძალიან ვნერვიულობ. თავიდან იმედი არ მქონდა, რომ გაუშვებდნენ, მაგრამ როცა ნარკოდანაშაულზე 2 ადამიანი გაათავისუფლეს, ცოტა იმედი მომეცა, 50/50-ზე. თარჯიმანს რომ არ მოეწერა ამ ყველაფერზე ხელი, ის რომ არ ეპოვათ, ცრუმოწმე პოლიციელების ამარა მოსამართლეები ვერაფერს გახდებოდნენ. ის ქალია მთავარი ბოროტმოქმედი, არადა, ნეიტრალურ მოწმედ გამოიყვანეს - შორენა ტაბატაძე პირადი ჩხრეკის მერე მიიყვანეს, მერე სასამარეთლოზე - ცრუმოწმედ, მან მოაწერა ხელი ოქმს, სადაც ეწერა, რომ ანტონ ჩეჩინს დიდი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა. აბრამოვის და ახობაძის საქმეში ითქვა, ჩვენებები ერთმანეთს ემთხვეოდა და ისინი მხოლოდ იმიტომ გამოვუშვით, ნეიტრალური მოწმე არ არსებობდაო. ანტონის და დანარჩენების საქმეები იდენტური იყო, მაგრამ რომ არა ეს ტაბატაძე, ანტონსაც გამოუშვებდნენ. მას ცრუმოწმედ დაატარებენ, რომელ საქმეშიც დასჭირდებათ. მოვიდა და უსირცხვილოდ იცრუა.

- რისი იმედი გაქვთ? როგორ ფიქრობთ, ანტონს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა?
- ეს ხელისუფლება თუ შეიცვალა, ის მალე გამოვა ციხიდან. ანტონი არის პოლიტპატიმარი, უდანაშაულო ადამიანია ციხეში და როცა ესენი დაემხობიან, ისიც გათავისუფლდება. ანტონს აქციებზე არაფერი დაუშავებია იმის გარდა, რომ ადამიანებს ეხმარებოდა პირველადი დახმარებით, ხსნარებით, სასწრაფომდე მიჰყავდა დაშავებულები, ის ჩვეულებრივი მონაწილე იყო და მისი სასჯელი დაკავებული ბიზნესმენებისას გაუტოლდა, გამოდის, რეჟიმს ანტონისაც კი ეშინია, იმ ადამიანის, რომელიც არც პოლიტიკაში იყო ჩართული, უბრალოდ, რუსულ კანონს აპროტესტებდა, იმას, რომ ქვეყანა მიდიოდა დიქტატურისკენ. ის იმავეს აპროტესტებდა რუსეთშიც, სადაც სახლი, მშობლები და ძმა დაკარგა, ახლა მეორე სახლსაც აკარგინებენ... ამ რეჟიმს ავადმყოფი ბიჭის ეშინია, რომელიც იმისთვის იბრძვის, სიცოცხლე რომ შეუნარჩუნდეს. ჩვენთვის ახლა მთავარია მისი თავისუფლება, ციხეში თუ დარჩება, მას ჯანმრთელობას ვერ შევუნარჩუნებთ, იქ ფიზიკურად ვერ მიხედავენ და მოუვლიან.
ყველაზე დიდი უსამართლობა მაინც ის არის, რომ მსოფლიომ გაიგო ჩვენი პოლიტპატიმრების უდანაშაულობის შესახებ და ისინი ისევ ციხეში არიან. ყოველი დღე, რომელსაც ისინი ციხეში ატარებენ უდრის მათ და ჩვენს, მათი ოჯახის წევრების, ნელ სიკვდილს. ჩვენ კიდევ არ ვიცით, თუ რისი გადატანა უწევთ მათ ციხეში. ზოგი უკვე ერთ წელზე მეტია, ტყვეობაშია. ამდენ ხანს ნამდვილ კრიმინალებსაც არ აჩერებენ ხოლმე. საშველიც არ ჩანს...
ანტონის სიხარული ახლა მხოლოდ ფოსტით წერილების მიღებაა. იქ მონეტებს ვერა, თუმცა კონვერტებზე დაკრულ მარკებს აგროვებს და ასე მაინც არ კარგავს რეალობასთან შეხებას.
- თქვენ რას საქმიანობთ?
- "მეიჯერელ ტელეპერფორმანსში “-ში, ქოლცენტრში ვმუშაობდი, მაგრამ ამ ამბების გამო სამსახურიდან გამაგდეს...