„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„ლელო-ძლიერ საქართველოს“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს. პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე აურზაური, დაპირისპირება შემოიტანოს. იმის მიუხედავად, რომ ბრძოლის ტაქტიკა სხვადასხვა გვაქვს, მიზანი გვაქვს ერთი - ეს მიზანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მიზანია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.
ამ მიზნისთვის“ძლიერ საქართველოს“ არც ერთი წუთით არ უღალატია და ამ ბრძოლას გააგრძელებს. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენს ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მივიღებთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია ისეთივეა, როგორიც მათი სატუსაღოში მოთავსების დღემდე იყო.

„ჩვენი პოზიცია ისეთივეა, როგორიც ჩვენი სატუსაღოში მოთავსების დღემდე იყო. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისთვის, ახალი არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ 74 დღის წინ, რაც გვქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რის გამოც დაგვატუსაღეს, რომ ჩვენ ამ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებდით, არ შეგვიცვლია. ამის გამო მოგვათავსეს სატუსაღოში, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
ასევე შეგახსენებთ, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს პარტიის ოფისში დააკავეს. მათი დაკავება მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ორივე ლიდერი დამნაშავედ ცნო.
მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ამავე დროს, აკრძალული თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
ფოტო: ვანო გორგიშვილი
იხილეთ ასევე: