"იქ, სადაც გაზაფხული ივნისში იწყება,
იქ, სადაც საჯიხვეებს თოვლი არ სცილდება,
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება,
იქ, სადაც თუში კაცის წარსული იწყება,
იქ, სადაც იქსოვება ფერადი წინდები,
იქ, სადაც უნგრეველი კოშკები შენდება,
იქ, სადაც გიყვარდება ყოველთვის ვიღაცა..." - სწორედ იქ, ღრუბლებს ზემოთ, ზღაპრულ თუშეთში გადაწყვიტეს დაეკავშირებინათ ერთმანეთისთვის ცხოვრება ნატამ და გიორგიმ...

გვითხრეს, რომ რამდენიმე ვერსია განიხილეს, თუმცა ბოლოს არჩევანი სოფელ ომალოში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაზე შეაჩერეს და მარიამობის დღესასწაულზე ჯვრისწერა გადაწყვიტეს.
- რატომ თუშეთი?
ნატა ბაიხოიძე:

- ჩვენ თუშები ვართ, ალვანში ვცხოვრობთ და ახლაც მთაში ვართ. ჩემთვის თუშეთი ბავშვობის სიყვარულიც იყო და ტრადიციების დაცვაც. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს მიწა განსაკუთრებულად მეკუთვნოდა - თითქოს წინაპრების სული მაბრუნებდა აქ. დღეს კი, როცა აქ ვცხოვრობ, ეს უკვე არა მარტო ოცნების ასრულებაა, არამედ პასუხისმგებლობა, რომ თუშური სული და ტრადიცია მომავალ თაობას და სტუმრებს გავაცნო.
გიორგი ბაკურიძე:
- თუშეთში ყოფნა ჩემთვის მხოლოდ ტრადიციის დაცვა არ არის - ეს ჩემი შინაგანი ძალაა. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ამ მიწასთან ჩემი ბმა ძალიან ღრმა იყო. აქ ყოფნა მაძლევს ძალას, რომ ჩვენი წინაპრების გზა გავაგრძელო და ამავდროულად ოჯახიც ამ გარემოში შევქმნა, სადაც სიყვარული და ტრადიციები ერთად ცხოვრობს...
- საქორწინო სამოსიც ტრადიციების გათვალისწინებით შეარჩიეთ?
ნატა:
- დიახ, სამოსი ტრადიციულთან მაქსიმალურად მიახლოებულად შეიქმნა. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი დეტალი იყო ბებიის ყელსაბამი, რომელიც ცერემონიაზე მეკეთა. ეს მხოლოდ სამკაული კი არ არის - ეს კავშირია ჩემს ოჯახთან, ჩემს ფესვებთან და იმ ქალებთან, ვინც თაობიდან თაობას გადმოსცემდა ძალას და სიყვარულს...

გიორგი:
- როცა ნატა ბებიის ყელსაბამით იდგა ჩემს გვერდით, ვიგრძენი, რომ იმ წამს ჩვენს ქორწილში ჩვენი წინაპრებიც ესწრებოდნენ. თითქოს მთელი ჩვენი ოჯახები, ჩვენი დიდი ბებია-პაპები ერთად აკურთხებდნენ ჩვენს ახალ ცხოვრებას. ეს ყელსაბამი იყო ხიდი წარსულსა და მომავალს შორის, სიმბოლო იმისა, რომ სიყვარულს და ოჯახურ ერთობას თაობები ამაგრებენ.

ჩვენს რესპონდენტებს ამ ტრადიციის შესახებ ვკითხეთ.
ნატა:
- ჯვრის შემოტანა ეს არის სიმბოლო ერთიანობისა და რწმენის. ეს გვახსენებს, რომ ოჯახი მარტო ორი ადამიანის გაერთიანება არ არის, ეს არის მთელი თემის მხარდაჭერა და უფლის კურთხევა. თუშეთში განსაკუთრებულ როლს ამ დროს დედისძმა ასრულებს. ჯვარი მისი კუთვნილებაა, რადგან სწორედ დედისძმა შემოაქვს ოჯახში სიმტკიცე, სიყვარული და ერთიანობა. ჩვრის სახით. ჩემთვის ეს იყო არა მხოლოდ ემოციური, არამედ სულიერი განცდაც, რადგან აქ რელიგია და ტრადიცია ერთიანი ხდება და ის შეგრძნება რომ დედისძმა არის ის, ვინც მუდამ შენ გვერდით იქნება.

გიორგი:
- ჩემთვის ჯვრის შემოტანა ნიშნავს იმას, რომ ახალი ოჯახი სუფთად და ღვთის მადლით იწყებს ცხოვრებას. ეს არის რელიგიური სიმბოლო და იმავდროულად თემის ერთიანობის გამოხატულება. ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ ჩვენი სიყვარული არა მხოლოდ ჩვენი გულებით, არამედ ღმერთის წინაშეც გამტკიცდა და თემის მხარდაჭერით გაძლიერდა.