ავტორი:

იდუმალებით მოცული და გავლენიანი მელანია ტრამპი - ისევ პირველი ლედი, მაგრამ ბევრად განსხვავებული

იდუმალებით მოცული და გავლენიანი მელანია ტრამპი - ისევ პირველი ლედი, მაგრამ ბევრად განსხვავებული

“რობოტები უკვე მტკიცედ დამკვიდრდნენ ადამიანის ცხოვრებაში და ამერიკელთა მოვალეობაა მოამზადონ შვილები ხელოვნურ ინტელექტთან თანაცხოვრებისთვის“, - განუცხადა ამერიკის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა ხუთშაბათს, AI-ისა და განათლების სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს.

მისი თქმით, ჩვენი მომავალი უკვე აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკა.

“ამ ეტაპზე ჩვენი მოვალეობაა, AI-ს ისე მოვეპყროთ, როგორც საკუთარ შვილებს: აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა, მაგრამ ამავე დროს ყურადღებით ვაკონტროლოთ და ვმართოთ", - განაცხადა მან.

თეთრ სახლში სამუშაო ჯგუფთან გამართული აღნიშნული შეხვედრა იმ მცირერიცხოვან საჯარო ღონისძიებებს შორის იყო, რომლებშიც პირველმა ლედიმ მას შემდეგ მიიღო მონაწილეობა, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა. თუმცა მედია სულ უფრო ხშირად მოიხსენიებს ამჟამინდელ პირველ ლედის იდუმალ და გავლენიან ქალად.

ყოფილი მოდელი მელანია კნავსი, დღეს კი აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლე მელანია ტრამპი, 55 წლის წინ სლოვენიაში (ყოფილ იუგოსლავიაში) დაიბადა.

როგორც პირველი ლედი, ის ბევრად იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ, ვიდრე სხვა პრეზიდენტების ცოლები, იშვიათად გამოდიოდა სიტყვით და მონაწილეობდა ღონისძიებებში.

ქმრის 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მელანია ასევე ხშირად დიდი ხნით უჩინარდებოდა.

ახლაც უკვე პირველი ლედის სტატუსში მას იშვიათად ხედავენ თეთრ სახლში, როგორც ამბობენ, დროს ძირითად ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ატარებს.

თუმცა როგორც ჟურნალისტები ამბობენ, დღევანდელი მელანია გაცილებით მიზანმიმართულად და აქტიურად მიუდგა აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლის როლს, ვიდრე ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას.

  • ბავშვები, AI და “პორნო შურისძიება“

ახლა მელანია ბევრ ყურადღებას უთმობს ბავშვების თემას, აგრძელებს მუშაობას იმ “იყავი საუკეთესო“ სახელწოდების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს წამოიწყო. პროგრამა ონლაინ-ბულინგისა და ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ არის მიმართული.

გარდა ამისა, პირველი ლედი აქტიურად მუშაობს AI-ის თემაზე და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "Take It Down Act“-ის მიღებაში - კანონის, რომელიც გულისხმობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ინტიმური სურათების (რეალური თუ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული) დაუკითხავად გამოქვეყნებისთვის.

ხუთშაბათს თეთრ სახლში გამართული შეხვედრა განათლების საკითხებს ეძღვნებოდა, თუმცა მელანიას გარშემო ტრადიციულად ბავშვები კი არა, მთავრობის წევრები, ადმინისტრაციის ჩინოვნიკები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ, ისეთების, როგორიც IBM და Google-ია.

ამერიკის უნივერსიტეტის პირველი ლედების პროგრამის დირექტორის, ლორა ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ანიტა მაკბრაიდის აზრით, ასეთ შეხვედრებზე ჩანს, როგორ შეიცვალა მელანია ტრამპის მიმართ დამოკიდებულება მისი პირველი ვადის შემდეგ.

“ის გარე მოთამაშეები, რომლებიც ადრე, შესაძლოა, თანამშრომლობაზე უარს ამბობდნენ, ახლა მზად არიან მასთან იმუშაონ. პირველ ვადაში მასთან შეხვედრას ერიდებოდნენ, თავადაც უჭირდა დიდი შეკრებების გამართვა, მის გარშემო ძლიერი კავშირების სისტემა არ არსებობდა", - აცხადებს მაკბრაიდი.

მისივე თქმით, სიტუაცია შეიცვალა და ტექნოლოგიური, კომერციული კანონმდებლობის ასპექტებზე ფოკუსირებით, ბავშვთა დაცვისა და განათლების საკითხების წინ წამოწევით.

მოკლედ, მელანია უკვე აჩვენებს რომ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და აღნიშნულ სფეროში “ტონის მიცემაც“ შეუძლია.

  • წერილი პუტინს

ივლისში დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინთან საუბრის დეტალებს მეუღლეს უზიარებს და მისი თქმით, მელანია სკეპტიკურად უყურებს პუტინთან მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების მცდელობებს.

აგვისტოში მელანია ტრამპმა ქმრის მეშვეობით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წერილი გადასცა, რომელშიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში ბავშვების დაცვისკენ მოუწოდა .

პირველი ლედის საგარეო პოლიტიკაში ჩართვისა ეს მცდელობა და აქცენტის ბავშვებზე გადატანა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მოგვიანებით სწორედ მას მიმართეს წერილებით უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების მეუღლეებმა, ელენა ზელენსკამ და ემინე ერდოღანმა.

ანიტა მაკბრაიდის აზრით, ის, რომ ქალბატონმა ტრამპმა პუტინს წერილი მისწერა, მიუთითებს, რომ პირველ ლედის სურს ჩაერთოს იმ საქმეებში, რომლებიც აინტერესებს, მიუხედავად იმისა რომ კვლავ ერიდება საჯაროდ ხშირად გამოჩენას.

“მელანია არ აპირებს წარსულში სხვების ქცევას მიბაძოს, ის თავის წესების მიხედვით მოქმედებს და რაოდენობა კი არა, ხარისხი აინტერესებს”, - მიიჩნევს მაკბრაიდი.

წყარო