102 წლის მთამსვლელი კოკიჩი აკუძავა ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელიც ფუძიამას მწვერვალზე ავიდა. მიუხედავად იმისა რომ ასაკოვანი ადამიანისათვის სამთო მარშრუტი ძნელი დასაძლევი გამოდგა, მეგობრების დახმარებისა და გამხნევების წყალობით, მამაკაცმა მოახერხა და დასახულ მიზანს მაინც მიაღწია.

აკუძავა მთაზე თავის შვილთან, 70 წლის მოტოესთან, მის ქმართან, შვილიშვილთან და სამთო კლუბის ოთხ მეგობართან ერთად ავიდა. მისი მიღწევა უკვე ოფიციალურად აღიარა გინესის რეკორდების წიგნმაც.

ეს ფუძიამაზე მისი პირველი რეკორდული ასვლა არ ყოფილა. 96 წლის ასაკში ის ასევე ყველაზე ხანდაზმული მთამსვლელი გახდა, ვინც მწვერვალს მიაღწია. თუმცა შემდგომში გულის პრობლემები შეექმნა, მწვერვალზე ასვლის დროს თოკის გაწყვეტის გამო მიღებულმა ჭრილობამაც თავი შეახსენა და იძულებული გახდა, მთებისთვის თავი დაენებებინა, როგორც აღმოჩნდა დროებით.
ფუძიამაზე ასვლამდე კოკიჩიმ სამი თვე ივარჯიშა: დილით 5 საათზე დგებოდა, დაახლოებით ერთი საათი სეირნობდა და ცდილობდა კვირაში ერთ მთაზე მაინც მოეხერხებინა ასვლა, უმეტესად ნაგანოს პრეფექტურაში.

აკუძავა პროფესიით ძრავების კონსტრუქტორია. მწვერვალების დალაშქვრა კი მთების მიმართ სიყვარულმა გადააწყვეტინა.
“მწვერვალზე ასვლა ჯადოსნური პროცესია, რასაც ვერაფერი ვერ შეედრება... უდიდესი სურვილი მაქვს კიდევ ვიარო მთებში მაგრამ ალბათ ვეღარ შევძლებ, ძალიან დავსუსტდი და მწვერვალამდეც მხოლოდ სხვების დახმარების წყალობით მივაღწიე. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი უკვე აკაგის მთაა, რომელიც ფუძიამას ნახვარია სიმაღლეში“, - აცხადებს 102 წლის მთამსვლელი.

დღეს აკუძავა დილაობით ხანდაზმულთა ცენტრში მოხალისედ მუშაობასა და სახლში თავისუფალ დროს ფერწერის სწავლებას უთმობს.
მისი თქმით, როგორც მთაში სიარული, ისე ხატვა ადამიანისაგან დროსა და ერთგულებას მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროდ ორივე მას სულიერ სიმშვიდეს ანიჭებს. “მრავალი სურვილი მაქვს. მინდა, დავხატო სცენები ფუძიამას მწვერვალიდან, ადგილები, რომლებიც ჩემთვის განსაკუთრებულ მოგონებებს უკავშირდება, რადგან ალბათ ეს ჩემი უკანასკნელი ასვლა იყო“, - ამბობს ის.
ფუძიამა მოქმედი სტრატოვულკანი იაპონიაში. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3776.24 მეტრია და მდებარეობს ქვეყნის მთავარ კუნძულ ჰონსიუზე, ტოკიოს ჩრდილოეთით, იამანასისა და სიძუოკის პრეფექტურების საზღვარზე. ფუძიამა იაპონიის უმაღლესი წერტილია და წარმოადგენს იაპონიის ერთ-ერთ მთავარ ეროვნულ სიმბოლოს.