გივი გაბლიანი მესტიის რაიონის სოფელ მულახში 1915 წლის 19 დეკემბერს საზოგადო მოღვაწის ეგნატე გაბლიანის ოჯახში დაიბადა. დედა - ვერა გაბლიანი ცნობილი პედაგოგი იყო... ამ ადამიანის ბედი შემდგომ ისე წარიმართა, რომ 2001 წლის 21 აპრილს ნორზ-ადამსში, მასაჩუსეტსის შტატში (აშშ) გარდაიცვალა. გივი გაბლიანი ქართველი სამხედრო მოღვაწე, ექიმი, მემუარისტი გახლდათ.
მამა - ეგნატე გაბლიანი 1937 წელს დაუხვრიტეს.
1939 წელს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, შემდეგ კი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, სადაც მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო. ფრონტზე ტყვედ შეგნებულად ჩავარდა. ბერლინში არსებული "ქართული სამეკავშირეო შტაბის“ და მისი ხელმძღვანელის, მიხეილ კედიას ძალისხმევით, ტყვეობიდან გათავისუფლდა და შტაბის სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.
მას უნდა აღენუსხა ტყვეთა ბანაკებში გაფანტული ქართველები და გაეთავისუფლებინა. წესრიგში მოეყვანა გერმანელების ინიციატივით უკვე ბანაკებიდან გამოყვანილი, სამხედრო ერთეულებად ქცეული 40 ათასამდე ქართველი და განესაზღვრა მათი იურიდიულ-ლეგალური მდგომარეობა.
გერმანული სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ ობერლეიტენატის წოდება მიიღო, შტაბის დავალებით, ტყვედ ჩავარდნილი ქართველები გამოჰყავდა და ქართულ სამხედრო დანაყოფებში გაწევრებაში ეხმარებოდა.

ომის შემდეგ გაბლიანი, გერმანიის მხარეზე მებრძოლ სხვა ქართველთა მსგავსად, საბჭოთა მხარეს ხელში რომ არ ჩავარდნოდა, ამერიკაში გადასახლდა. ნიუ-ჯერსის შტატში დასახლდა, სადაც ექიმად 1987 წლამდე მუშაობდა. იმავდროულად სტატიებს წერდა პრესაში. პენსიაში გასვლის შემდეგ კი თავისი ჩანაწერების მოწესრიგებას და წიგნის წერას შეუდგა..
დარჩა მეუღლე, ემიგრანტ გრიგოლ ალშიბაიას ქალიშვილი რუსუდანი (1919-2006), რომელზეც 1947 წელს დაქორწინდა გერმანიაში და სამი შვილი - გრიგოლი, ვერა და ეთერი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.
- კი, მე გივი გაბლიანს პირადად შევხდი... ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. მისი მამა ეგნატე გაბლიანი 1937 წელს ხალხის მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს. არადა, სვანეთში წერა-კითხვის გამავრცელებელი იყო, სკოლის დირექტორი, ისტორიის მასწავლებელი, განათლებული და იმ დროისათვის განსწავლული კაცი. ხალხის მტრად გამოაცხადეს მისი ოჯახიც, ოჯახის წევრებს ავიწროებდნენ.
გივი გაბლიანს მეორე მსოფლიო ომში წასვლამ როცა მოუწია, მალევე გერმანელების მხარეს გადავიდა.
ქართველებისთვის ის იმხანად სამამულო ომად ითვლებოდა, სადაც უამრავი ქართველი დაიღუპა. არაერთი ქართველის პაპა, ბებია - წინაპარი ფრონტიდან შინ ვერ დაბრუნდა, ბევრიც დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ქერჩთან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქართველი დაეცა. მიუხედავად ამისა, ის არ იყო ომი ოკუპირებულ ქვეყანაში, ჩვენი ომი არ იყო, ის თავსმოხვეული გახლდათ... ცუდი რამ არის ნაციზმი და ფაშიზმი, მაგრამ მიუხედავად ქართველების მიერ გაღებული ამხელა მსხვერპლისა, ვიმეორებ, მას ჩვენთვის სამამულო ომის სტატუსი არ ჰქონდა.
გივი სრულიად უდანაშაულოდ იყო რეპრესირებული, მას ასევე უდანაშაულო მამა დაუხვრიტეს და გერმანიის მხარეს მისი გადასვლა ამით იყო გამოწვეული. ამიტომ ასეთი ადამიანების გაგება ამ თვალსაზრისით, ალბათ შეიძლება.
დავწერე მოთხრობა, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა კრებულისთვის "სამოცდაათი მოთხრობა საბჭოთა კავშირის შესახებ“ და მასში შევიდა. კრებულის ავტორთა შორის არიან - დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე და სხვები.
გივი გაბლიანმა ჩემი ლექტორიც, შამშე ქევანიშვილი გადაარჩინა, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში იყო და ქერჩთან მედპუნქტში გადაიყვანა. სწორედ ასე გადარჩა დახვრეტას ბატონი შამშე. მისგან ეს ისტორია რომ ვიცოდი, 1991 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონში ბატონ გივის როცა შევხვდი, ამის შესახებ ვუთხარი კიდეც. ბატონი შამშე თქვენ გადაარჩინეთ-მეთქი, ნიკაპი აუკანკალდა... საერთოდ ეს შეხვედრა ჩემს მოთხრობაში დეტალურად მაქვს აღწერილი.
გივი გაბლიანი 2001 წელს გარდაიცვალა. ჩვენი შეხვედრა გარდაცვალებამდე 10 წლით ადრე შედგა. საქართველოში რომ ჩამოვედი, ბატონი შამშესთვის ამბავი უნდა ჩამომეტანა და გარდაცვლილი დამხვდა.

გივი გაბლიანი პენსიაზე რომ გავიდა, იყო ნატოს გაერთიანებული ჯარების ავიაციის მთავარი ექიმი. ემსახურებოდა როგორც პერსონალური ავტომობილი, ასევე თავისი თვითმფრინავი ჰქონდა. ნატოს წევრ ქვეყნებში საკუთარი თვითმფრინავით დაფრინავდა. საბჭოთა საქართველოში ეს ადამიანი მტრად იყო გამოყვანილი.
არადა, მტერი არ ყოფილა, მამა იმ რეჟიმმა დაუმსახურებლად დაუხვრიტა. დედას ავიწროებდნენ, თვითონაც ახალგაზრდა ყმაწვილი შევიწროებულ იყო. სამედიცინოზე ჩააბარა, ისწავლა, წავიდა ფრონტზე და საბოლოოდ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ გერმანელების მხარეს გადავიდა...
მისი მტერი ბოლშევიზმი იყო. ციფრებითაა დადგენილი, რომ ბოლშევიკებმა მეტი ხალხი დახოცეს, ვიდრე ნაცისტებმა - მათ ტერორი მეტი ჰქონდათ.
- ამ თემაზე ვიცი, რომ ერთი საინტერესო ამბის მოყოლაც შეგიძლიათ და მოთხრობაც გაქვთ ამაზე დაწერილი...
- სამედიცინოზე რომ ვსწავლობდი, ყამირზე გამგზავნეს და შუაგულ რუსეთში მოვხვდი. შრომითი სემესტრი ერქვა იმას, როდესაც არდადეგების პერიოდში სამუშაოდ გვიშვებდნენ. ასპირანტურაში სწავლას ვერ გავაგრძელებდი, თუ იქ არ წავიდოდი. მესამეკურსელ ეკონომისტებს, იურისტებს ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან ექიმად წავყევი. მოვხვდი შუაგულ რუსეთის სოფელში (სმოლენსკის ოლქი), სადაც ერთი მოხუცი ქალი გავიცანი.
მოხუცებული იმ ადგილას ცხოვრობდა, სადაც ფრონტმა 1941-1945 წლებში გადაიარა და გადმოიარა... წნევას ვუზომავდი, მედიკამენტებს ვაწვდიდი. ტიპური თავსაფრიანი რუსი ბებო იყო. სულ მაინტერესებდა, პირველი პირისგან გამეგო, რა ხდებოდა ომის დროს სოფლებში. ვკითხე, როგორი იყო იქ ომის სიმძაფრე-მეთქი? ბებოს თავიდან შიშის მომენტი ჰქონდა, მაგრამ მერე მენდო. როგორ იყო და გერმანელი ოფიცერი მოდიოდა და ჩვენგან რძეს ყიდულობდაო. თუ სახლში არ ვიყავით, მაგიდაზე ჭურჭლით რძე იდგა, თანხას იქვე ტოვებდა და რძე მიჰქონდაო. ჩვენ მას მერე დავიღუპეთ, წითელმა არმიამ მათგან აქაურობა რომ გაათავისუფლა და ეგენი გაყარაო. რატომ-მეთქი? - ვკითხე. გოჭებიან დედა ღორს კლავდნენ, ბიძაჩემმა უთხრა, - რას შვრებით, არ მოკლათო. შენ წითელ არმიას საჭმელს დამალავო?!. და ბიძაჩემი მოკლეს. ყველაფერი გაწყვიტეს, აღარც საქონელი, აღაც ფრინველი არ დატოვეს.
ეს ქალი არც პოლიტიზებული იყო და არც არანაირი ინტერესი არ ალაპარაკებდა. ჩვეულებრივი მოხუცი იყო, მე მისთვის ექიმი ვიყავი, რომელიც წნევას ვუზომავდი, წნევის დამწევს ვაძლევდი, რადგან თან მინიმალური აფთიაქი მქონდა, რომ ჩემი ჯგუფის წევრებს მოვმსახურებოდი და დახმარებას იმ ბებოსაც სრულიად გულწრფელად ვუწევდი... ეს ამბავი მერე ყველაზე დემოკრატი რუსისთვის რომ მომიყოლია, თუნდაც პეტერბურგში, ამბობდნენ, ასე არ იქნებოდაო. როგორ არ იქნებოდა, ადამიანმა მომიყვა ეს და ეს ამბავიც მაქვს იმ წიგნში შეტანილი.
- ზოგიერთ ადამიანს დღემდე აქვს საბჭოეთის ნოსტალგია...
- კი, იგონებენ, რომ საბჭოთა კავშირში ყველაფერი იაფი იყო, მაგრამ რეალურად ქვეყანა ვერ ვითარდებოდა, უძრაობა იყო. თუკი რაიმე ტექნიკური წარმატება ჰქონდათ, მხოლოდ დასავლური გამოგონებებიდან მოპარული. თითქმის ყველა დარგში უტიფრად იპარავდნენ. საბჭოთა კავშირის სიძლიერე იმით გამოიხატებოდა, რომ დიდი და მასშტაბური იყო.
მას, ვისაც იმ წარსულის ხიბლი აქვს, სინამდვილეში თავისი ახალგაზრდობის წლები ენატრება. ასალგაზრდული წლების თავისებურება კიდევ ისაა, ადამიანი უდაბნოშიც რომ დაასახლო, ასაკში იმ პერიოდს ისე გაიხსენებს, თითქოს სამოთხეში იყო.
იმ ადამიანებს, ვისი პაპებიც სამწუხაროდ მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ, იმის გააზრება უჭირთ, რომ ეს არ იყო საქართველოსთვის სამამულო ომი. მაგალითად, ქერჩში უზომოდ ბევრი ქართველი მებრძოლი ტყუილად დაეცა, არავითარი სტრატეგიული და ტაქტიკური მნიშვნელობა იმ ყურეს არ ჰქონდა. ფაქტობრივად, ჩახოცეს ამდენი ქართველი ახალგაზრდა. ბევრი სამხედრო ოპერაცია, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, სრულიად გაუაზრებლად და დაუსაბუთებლად იყო ჩატარებული... ასე რომ, ბოლშევიკებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრად მეტი ადამიანი ჰყავს დახოცილი რეპრესიებით დაწყებული, თუნდაც მეორე მსოფლიო ომით დამთავრებული...