მწერალი ცისნამი საყვარლიშვილი – სახელი, რომელიც ბევრისთვის უამრავ ემოციასთან ასოცირდება. წლების განმავლობაში მისი ცხოვრება ღია წიგნივით იყო – ტკივილი, ბრძოლა, იმედგაცრუება, მაგრამ ამავდროულად, უსაზღვრო სიყვარული და გაუტეხელი ნება. ახლა კი, ამერიკაში დიდი ბრძოლის შემდეგ, მისი მთავარი განძი, შვილი – ირაკლი, ისევ მის გვერდითაა.
როგორც თავად ამბობს, ეს მეორე შანსია, რომელიც ღმერთმა მისცა, რათა დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ ძლიერი დედაა. ამ ეტაპზე, როცა ცხოვრება ახლიდან დაიწყო და წარსული წარსულს ჩაბარდა, ცისნამი სიყვარულზე, ოჯახზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და იმ გზაზე გვესაუბრება, რომელიც მან ბოლომდე გმირულად გაიარა
- ცისნამი, დიდი ბრძოლის შემდეგ, თქვენი შვილი, ირაკლი, ისევ თქვენთან არის ამერიკაში. რა გრძნობით შეხვდით მის დაბრუნებას?
- ირაკლის დაბრუნებისას დამეუფლა გრძნობა, რომ ხელმეორედ დავიბადე. ძალიან გამახარა და გამაბედნიერა ჩემმა შვილმა. მის გარეშე ფრთა მოტეხილი ვიყავი და ბედნიერებას გემოს ვერ ვატანდი. სულ ძალით ვიცინოდი. საშინელი სტრესული ერთი წელი მქონდა. ჰემპტონების სახლში წასვლა აღარ მინდებოდა. ირაკლის ოთახის კარს რომ ვაღებდი ვღრიალებდი ხმამაღლა, “ირაკლი, სად ხარ?“ - მადლობა უფალს რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მიყვარს მე ჩემი ბიჭი ძალიან.
- თქვენს პოსტში წერთ, რომ "დიდი გაკვეთილი ჩაგიტარათ ცხოვრებამ“. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რა იყო ეს გაკვეთილი და როგორ შეცვალა მან თქვენი შეხედულებები დედობაზე?
- ადრე ვფიქრობ, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი შვილთან. რა მეთქვა, როგორ მესაუბრა, რას ნიშნავდა იყო დედა. წარმოდგენა არ მქონდა დედობის და ბავშვთან ურთიერთობის. ეს ერთი წელი ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავთან. უმისობამ თვალები ამიხილა და მაჩვენა, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს, როცა შენი შვილი შენს გვერდით არაა. კარგი ჭკუის სასწავლებელი იყო ჩემთვის. ახლა ვცდილობ ყველაფერი გამოვასწორო და რაც შეიძლება მეტი ბედნიერი დღეები ვაჩუქო ჩემს შვილს. მიხარია, რომ ჩემთანაა. ყოველ დღე მადლობას ვეუბნები უფალს და ალექსანდრეს მის აქ მეორედ ჩამოყვანისთვის

- თქვენს შვილს რომ ჰკითხოთ, როგორი დედა ხართ, რას გიპასუხებდათ?
- ეგ კითხვა ჩემს შვილს უნდა დაუსვათ. ირაკლი ძალიან სერიოზული ბიჭია, თავშეკავებული და დინჯი. მე ხმაურიანი ვარ, ენერგიული, აქტიური. ვფიქრობ, ეს ირაკლის არ მოსწონს, მაგრამ მე რაღა შემცვლის, ის ვარ ვინც ვარ. დედა ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის. რომ ჰკითხო როგორი ვარ, გეტყვის, თინეიჯერულად იცვამს და ჩემს კლასელებს ჰგავს 40 წლის ქალიო. არადა ჯერ 40-ის არ ვარ. ბობოქარი მჩქეფარე არაგვი ვარ. ირაკლის კი მშვიდად მოდუდუნე მტკვარი ანკარა მოსწონს. ჰოდა ალბათ ასეთი მეორე ნახევარი ეყოლება მომავალში. ისე რასაც მთხოვს ყველაფერს ვუსრულებ და იცის, რომ მისთვის მთელი სამყარო მემეტება.
- თქვენ წერთ, რომ "გამოჯანმრთელების“ და "Healing“-ის პროცესი იწყება. როგორ გეგმავთ ამ ახალ ეტაპს თქვენს ცხოვრებაში და რა არის თქვენი პრიორიტეტი?
- შვილთან რაც შეიძლება მეტი დროის გატარება. მასთან ერთად დასვენება, ბევრი სიცილი და მხიარულება. ჩემს ტრავმირებულ გონებას ძალიან სჭირდება სიყვარული და ახლა ნელ-ნელა ვიღებ მისგან ამას და მეც გავცემ დიდი რაოდენობით. დღეს დილით სკოლაში რომ დავტოვე მითხრა, მიყვარხარ დედაო და კინაღამ გადავირიე. მე უფრო-მეთქი ვუპასუხე და მთელი დღე ბედნიერებისგან დავფრინავ. სიყვარული არის მთავარი “ჰილინგი.”

- ამ პროცესში, რა როლი ითამაშა თქვენმა ფსიქოლოგმა? რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს სიტუაციაში პროფესიონალური დახმარება?
- ამერიკაში მყავს პროფესიონალი ფსიქიატრი ელენა, რომელსაც კვირაში ერთი დღე ვესაუბრები, პლუს საქართველოში ვესაუბრები ბატონ ზურა მხეიძეს. ორივე პროფესიონალი ძალიან დამეხმარა. ელენასთან ტრავმებზე ვმუშაობ და პრემენსტრუალურ სინდრომზე. შემოწმებული ვარ ყველანაირად. თავის ტვინზე გადაღებული მაქვს კატე. გაკეთებული მაქვს ყველანაირი ტესტი. დამიდგინდა “Premenstrual dysphoric disorder (PMDD)” რომლითაც ყოველ თვე ვიტანჯები და ვცილობ, დავძლიო საშინელი ტკივილები, ხასიათის ცვლილებები, ჰორმონების ცვალებადობა და ქალური პრობლემები.
ორივე პროფესიონალი გვერდით მიდგას და მათი დახმარებით ყველაფერს გადავლახავ. მალდობა უფალს რომ ბიპოლარულობა და "ბორდერ ლაინ პერსონალითი" არ აღმომაჩნდა. თუმცა არც ეს სინდრომია ადვილი გადასალახი. მენტალურ ჯანმრთელობას ისე სჭირდება მიხედვა და ყურადღება, როგორც სხვა დანარჩენ ორგანოებს. ასე რომ, აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალს. როცა ადამიანს კიბო აქვს ის ხომ მიდის ექიმთან და უნდა რომ განიკურნოს, მას ხომ არ დავცინით არა? - პირიქით ვგულშემატკივრობთ. ასევე უნდა იყოს მენტალური ჯანმრთელობის მიმართ განწყობილი ადამიანი. როცა ადამიანს უჭირს, გვერდში უნდა დავუდგეთ და არ დავცინოთ. მე ყოველ თვე ვიტანჯები ჰორმონების ცვლილებით და იმ ქიმიური ცვლილებებით რაც ჩემს ორგანიზმში მიმდინარეობს. ამას სჭირდება გაგება და თანადგომა და არა ღლიცინი. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.
- თქვენს პოსტში ალექსანდრეზეც საუბრობთ, რომ ის "სულ გვერდში გიდგათ და გგულშემატკივრობთ“. როგორ შეძელით ამ სირთულეების ერთად გადალახვა?
- ალექსანდრე ჩემი ნომერი პირველი გულშემატკივარია. უბრალოდ ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამ ადამიანს შევუყვარდი ასეთი ტრავმირებული, დაშლილი და განადგურებული. ის ცდილობს ამაწყოს და იგებს ჩემს ყველა ტკივილს. ის რომ არ ყოფილიყო ასაკით უფროსი, შემდგარი და გონიერი მამაკაცი, ახალგაზრდა კაცი ამას ვერ გაიგებდა და ასე ვერ დამიდგებოდა გვერდით. ალექსანდრე ზე-ადამიანია. მისი მადლიერი ვარ. რომ არა ალე, მე და ირაკლი ამერიკის მოქალაქეობაზე ვერც კი ვიოცნებებდით და კიდევ ბევრი რამ. ის ჩემი სულის სიმყუდროვეა.

- ერთ-ერთ ბოლო პოსტში წერთ, რომ ერთხელ გაყრა მოითხოვეთ, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეთ. რამდენად რთულია მსგავსი პირადი მომენტების საჯაროდ განხილვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკაში ცხოვრობთ და საქმე ოფიციალურ დოკუმენტებს ეხება?
- ამაში არაფერია დასამალი. მე ყოველთვის გულახდილად ვამბობდი როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ალე დამეხმარა რომ საბუთები გამეკეთებინა და მე მისი ნამდვილი ცოლი თუ გავხდებოდი, ამას არ ვგეგმავდი. მაინც სულ მეფიქრებოდა იმაზე, რომ ასაკით ჩემზე უფროსია, თან ქართველების მუდმივი ბულინგიც ამ თემაზე ყელში ამომივიდა. ჩვენ არ გვეგონა რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით. როცა პირველად ავიღე გრინ კარტა, ვიფიქრე ახლა დროა დავემშვიდობო ამ კეთილ ადამიანს-თქო. მისი რეაქცია იყო ადამიანური, ოქეი ჰანი, როგორც შენ გაგიხარდება, მაგრამ მე მთელი ცხოვრება მეყვარებიო. კაცი რომ ამას გეტყვის, გადაიფიქრებ აბა რა იქნება. მეთქი სადღა ვნახავ ამისნაირ ადამიანს-თქო და აღარ გავეყარე და ასე ვართ ერთად 8 წელი. ფაქტობრივად ქეისი სასამართლომდეც არ მისულა, ადვოკატმა ეგრევე შეაჩერა. იქ ბევრი იღებს გრინ კარტას უცხოელზე ქორწინებით და ამაში არაფერია გასაკვირი. მაგრამ მე და ალე შევრჩით ერთმანეთს დედის რძესავით.
- თქვენი ოჯახის ისტორია, მამის პოვნა და ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობა, საზოგადოებისთვის ცნობილია. რა გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე ამ მოვლენებმა?
- მამა, დები და მამის ოჯახი ძალიან მაბედნიერებს. ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდნენ. იცით, რა მაგრები არიან? ფეისბუქზე გვაქვს ჯგუფი, “ბაგრატიჩები”, ანუ დიდი ბაბუის, ბაგრატის შთამომავლები და მთელი დიდი ოჯახი იქ ვართ. მამას ჰყავს სამი ძმა და ერთი და. სამწუხაროდ მურმანი ძია გარდაცვლილია. მათ ჰყავთ შვილები, შვილიშვილები და მოკლედ სულ კაპანაძეები ვართ მთელ იმერეთში. ჩემი დის გარეშე, მადონას გარეშე უკვე აღარ შემიძლია. ყოველ დღე ვწერთ ერთმანეთს. ირაკლის მანდ პატრონობდა და დედობას უწევდა. ძალიან ჯიგარი ხალხია. მიხარია რომ მათი სისხლი და ხორცი ვარ. ბიოლოგიური დედის კი არაფერი არ ვიცი, დაკარგულია, გაბრაზებულია, ნაწყენია და ცივი წყალი დალიოს წყაროზე.

- თქვენ მადლობას უხდით ბიოლოგიურ დედას იმისთვის, რომ მან თქვენი დაბადების საშუალება მოგცათ, თუმცა დედასთან ისევ არ გაქვთ ურთიერთობა?
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამეგო ვინ ვიყავი და მქონოდა ჩემს ხალხთან ურთიერთობა. მათმა ყურადღებამ მე სიყვარული და ბედნიერება მომიტანა. მე ვიღაცას ვეკუთვნი და ჩემი იდენტობა მაქვს. მე მამაჩემის შვილი ვარ, თან როგორც თვითონ ამბობს, დიდი სიყვარულის ნაყოფი. მაგარი შეგრძნებაა როცა ზურგს გიმაგრებს ძლიერი და მყარი ოჯახი. მადლიერი ვარ რომ მიმიღეს ჩემი ტრავმებითა და დანგრეული ნებისყოფით. მადლიერი ვარ რომ შემიყვარეს და ცდილობენ შეყვარებას. მიხარია, ყველაფერი მაგრად იქნება. ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას. გააზიარეთ სიყვარული და დადებითი ენერგია. მე მხოლოდ კარგი მინდა ყველასთვის და მხოლოდ სიყვარული მემეტება.
წაიკითხეთ ასევე: