"ჰამასმა" ისრაელელი მძევლების ვიდეო გამოაქვეყნა - კადრებში 2023 წლის ოქტომბერში, მუსიკალურ ფესტივალზე აყვანილი ორი მძევალი, გაი გილბოა-დალალი და ალონ ოჰელია ასახული. 28 აგვისტოთი დათარიღებული ვიდეო მანქანაშია გადაღებული.
ჰამასის მიერ გამოქვეყნებული ადრეული ვიდეოები მსოფლიო ლიდერებმა პროპაგანდად შეაფასეს. ისრაელის ულტრამემარჯვენე ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა, საპასუხოდ ღაზის სექტორის სრული ოკუპაცია მოითხოვა და განაცხადა, რომ ეს "მძევლების უსაფრთხოდ დაბრუნების“ ერთადერთი გზა იყო.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა მძევლების მშობლებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი დაუყოვნებლივ დასრულდება, თუ ჰამასი ისრაელის პირობებს დათანხმდება და ყველა მძევალს გაათავისუფლებს.

მძევლებისა და დაკარგული ოჯახების ფორუმის განცხადებით, ტყვეების სახლში დაბრუნების ერთადერთი გზა მოლაპარაკებების განახლებაა. ჯგუფმა პარასკევს, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 700 დღის აღსანიშნავად, თელ-ავივის "მძევლების მოედანზე“ მიტინგი გამართა და მთავრობას მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.
ამჟამად ჰამასის ტყვეობაში 48 ისრაელელი მძევალი იმყოფება, რომელთაგან 20, სავარაუდოდ, ცოცხალია.