2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ 30-ე წუთზე გახსნა.

პირველი ტაიმის მიწურულს - 44-ე წუთზე თავისი სადებიუტო გოლით სხვაობა ორ ქულამდე გაზარდა ნიკა გაგნიძემ.

ხოლო მატჩის მესამე გოლი ბულგარელებს 65-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა. ამრიგად ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა "დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა.
მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდნენ თვალს მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

მათთან ერთად, ეროვნულ ნაკრებს მხურვალედ გულშემატკივრობდნენ ქართველი ქომაგები.


საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა საქართველოს კალათბურთი ნაკრების გამარჯვების შესახებაც. კერძოდ, საქართველომ საფრანგეთი 80:70 დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გადავიდა. გამარჯვება სტადიონზე სპეციალური ბანერებით აღნიშნეს.


შეგახსენებთ, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველო თურქეთთან დამარცხდა.
ჯამში 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.
საქართველოს ნაკრებმა კვარაცხელიას და გაგნიძის გოლებით პირველი ტაიმი მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.
ფოტო: ვანო გორგიშვილი
იხილეთ ასევე: