ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი, რომელსაც ებრაელები, ქრისტიანები და მუსულმანები ეთაყვანებიან, მალე ტურისტულ მეგაპროექტად იქცევა.
სინას მთა, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა რელიგიის მიმდევართათვის თანაბრად წმინდა ადგილადაა მიჩნეული, ადგილობრივებისთვის ჯაბალ მუსას სახელითაა ცნობილი. მორწმუნეთა მიხედვით, სწორედ ამ მთაზე გადაეცა მოსეს 10 მცნება, ბიბლიისა და ყურანის თანახმად კი, სწორედ აქ ესაუბრა ღმერთი წინასწარმეტყველს ცეცხლმოკიდებული ბუჩქიდან.

ეგვიპტის მთავრობის გეგმების მიუხედავად, მე-6 საუკუნის წმინდა ეკატერინეს სალოცავი კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საბერძნეთის ეპარქიის დამსახურებაა. ეგვიპტის ხელისუფლების სურვილის მიუხედავად, საბერძნეთის ზეწოლამ შედეგი გამოიღო და მისი დახურვაც გადაიფიქრეს.
თუმცა არსებობს ღრმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გარდაიქმნება დიდი ხნის განმავლობაში იზოლირებული უდაბნოს ლოკაცია ტურისტულ "ჰაბად".

სინას მთა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლიცაა და მოიცავს მონასტერს, ქალაქსა და მთას, ახლა ტრანსფორმაციის წინაშეა. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ აქ ცხოვრობს ბედუინების თემი - ჯებელეიას ტომი. წმინდა ეკატერინეს მცველების სახელით ცნობილ ტომს უკვე დაუნგრიეს სახლები, ეკო-ბანაკები და სანაცვლოდ მცირე, ან საერთოდ არანაირი კომპენსაცია არ მისცეს. ამას გარდა, ისინი იძულებულიც კი გახდნენ, საფლავებიდან ცხედრები ამოესვენებინათ, რათა ახალი ავტოსადგომისთვის ადგილი გაეთავისუფლებინათ.
"შესაძლოა, ამ ტერიტორიას ესაჭიროებოდა კიდეც ტურისტული განვითარება, თუმცა ეს არ უნდა მომხდარიყო ბედუინების ხარჯზე",- აცხადებს ბრიტანელი მოგზაური და ავტორი, ბენ ჰოფლერი, რომელიც სინას მთის ტომებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.
"მომთაბარე ბედუინების ტომის გარშემო ახალი ურბანული სამყარო შენდება, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მათ ცხოვრებას",- დასძინა ჰოფლერმა.

ეგვიპტემ ტურისტებზე გათვლილი პროექტი 2021 წელს დაიწყო. გეგმა მოიცავს სასტუმროების, ეკო-ლოჟების და ვიზიტორთა უშველებელი ცენტრის გახსნას, ასევე ახლომდებარე პატარა აეროპორტისა და მოსეს მთამდე მიმავალი საბაგირო გზის გაფართოებას.

ექსპერტების თქმით, ის თვისებები, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულს ხდიდა, ახლა განადგურებულია. ადგილმდებარეობის უნივერსალური ღირებულების დეტალურად აღწერისას, იუნესკო აღნიშნავს, თუ როგორ "ქმნის მონასტრის ირგვლივ არსებული უხეში მთიანი ლანდშაფტი იდეალურ ხედს".
2023 წელს იუნესკომ თავისი შეშფოთება გამოთქვა და ეგვიპტის ხელისუფლებას მიმდინარე სამუშაოების შეჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა უშედეგოდ.

კოვიდის შემდგომ ეგვიპტის მთავრობამ 2028 წლისთვის 30 მილიონი ვიზიტორამდე მიღწევის სურვილი გამოთქვა და როგორც ჩანს სწორედ ამ მიზანს ემსახურება სინას მთის ტურისტულ "ჰაბად" ქცევა. ამასთან, სინას კომერციული განვითარების მიზნები ბედუინების თემებთან განხილვის გარეშე განხორციელდა.
ეგვიპტის მთავრობა იმასაც აცხადებს, რომ ისინი ადგილობრივებზეც ზრუნავენ და ბედუინების საცხოვრებელი უბნების განახლებაც დაწყებულია. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ეკატერინეს მონასტერი და ამ ადგილის ღრმა რელიგიური მნიშვნელობა შენარჩუნდება, მისი გარემო და საუკუნოვანი ცხოვრების წესი შეუქცევადად შეიცვლება.

წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა