საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ქულები აიღო - "დინამო არენის" წვიმიან მოედანზე, სამ დღეში ჩატარებულ მეორე მატჩში ბულგარეთის ნაკრები დომინანტური ანგარიშით - 3:0 დაამარცხა. მოედანზე გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საქართველოს ნაკრების კაპიტნობაც მოუწია.
ხვიჩა მოგების შემდეგ აღნიშნა, რომ მისთვის ეს დიდი პატივი იყო.
"პირველი 5 წუთის გარდა, თამაშს დადებითად შევაფასებდი. დასაწყისში ბულგარელებმა ძალიან სახიფათო მომენტი შეგვიქმნეს და რომ გაეტანათ, ალბათ, გაჭირდებოდა თამაში. ჩემი აზრით დანარჩენი ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ. მწვრთნელის დავალება შევასრულეთ, კიდევ შეგვეძლო გოლის გატანა.
ძალიან მნიშვნელოვან თამაში იყო, რადგან თითოეულ გუნდთან მაქსიმალური რაოდენობის ქულები უნდა ავიღოთ. ქულების გარდა, ჩემი აზრით, ძალიან კარგი ფეხბურთიც ვაჩვენეთ...
4-3-3 ტაქტიკა ძალიან კომფორტულია. ახლა ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ჩემი აზრით, ამ ტაქტიკით უფრო საშიშები ვიქნებით მეტოქეებისთვის.
კაპიტნობა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს მაშინ, როცა ისეთი კაპიტანი გვყავს, როგორიც გურამ კაშიაა...
ძალიან მიხარია კალათბურთელების გამარჯვება. თამაშის დროს ეკრანზე დავინახეთ, რომ ევრობასკეტზე ჩვენმა ნაკრებმა მერვედფინალში საფრანგეთი დაამარცხა. აქედან მივულოცავ მათ, ძალიან გაგვახარეს და იმედია, კიდევ წინ და წინ წავლენ", - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.
იხილეთ ასევე: