ავტორი:

გორელი ფეხბურთელი ჰოლივუდური გარეგნობით - რა არის ცნობილი ნიკა გაგნიძეზე, რომელმაც საქართველოს ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა?

გორელი ფეხბურთელი ჰოლივუდური გარეგნობით - რა არის ცნობილი ნიკა გაგნიძეზე, რომელმაც საქართველოს ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა?

2025 წლის 7 სექტემბერი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული ემოციური აღმოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბულგარეთთან, ქართველებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, ანგარიშით 3:0. ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი გმირი ნიკა გაგნიძე იყო, რომელმაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა. მისმა თამაშმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა გორის "დილას“ აკადემიის აღზრდილი, 24 წლის ნახევარმცველი.

მისი კარიერა, რომელიც გორიდან დაიწყო, ეტაპობრივად წინ მიდის და ახალ წარმატებებს აღწევს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.

ნიკა, დასთან ერთად, 2019 წელი

დოსიე:

  • ნიკა გაგნიძე 2001 წლის 20 აპრილს, გორში დაიბადა
  • სიმაღლე: 1,80 მ
  • სათამაშო პოზიცია - ცენტრალური ნახევარმცველი
  • მიმდინარე კლუბი: უკრაინული კოვალივკას "კოლოსი“
  • "ტრანსფერმარკეტის" თანახმად, მისი ამჟამინდელი ღირებულება 600 000 ევროა

კარიერული გზა: დაწყება "დილიდან“

ნიკა გაგნიძე გორის "დილას“ ძირითად გუნდს 2018 წელს შეუერთდა. ამ გუნდში მან 116 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა, რითაც გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა. მისი სტაბილურობა და მნიშვნელობა გუნდისთვის ნათელი გახდა 2021 წელს, როდესაც ეროვნულ ლიგაში სეზონის მეოთხე ფაზის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

2022 წელს ნიკამ თურქეთის "სუპერ ლიგის“ კლუბ "უმრანი ესფორში“ იჯარით გადაინაცვლა, სადაც 2 მატჩი ითამაშა, თუმცა მალევე გორის "დილაში“ დაბრუნდა და გუნდის კაპიტანიც გახდა. დაბრუნების შემდეგ მან კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში და 2024 წელს ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ერთი გოლითა და ხუთი საგოლე პასით.

ტრანსფერი უკრაინაში

2024 წლის ივლისში ნიკა გაგნიძემ კარიერაში ახალი თავი დაიწყო და უკრაინულ კლუბ "კოლოს კოვალივკას“ შეუერთდა.

"დიდი მადლობა ერთად გატარებული უამრავი მოგონებისთვის FC Dila Gori განსაკუთრებული მადლობა კი გულშემატკივარს და რა თქმა უნდა გუნდის ფანკლუბს, რომლის მხარდაჭერასაც ყოველთვის ვგრძნობდი წარმატებები და მომავალ შეხვედრამდე", - დაწერა ნიკამ სოციალურ ქსელში იმჟამად.

მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდეა აქვს გაფორმებული.

ნიკა აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების თამაშებს. მას ნათამაშები აქვს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. 2023 წელს, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, ნიდერლანდებთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ გუნდის წარმატება მოედანზე მაინც ძალიან ემოციურად აღნიშნა...

დებიუტი და პირველი გოლი ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2025 წლის 5 ივნისს ფარერის კუნძულების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ნიკა გაგნიძემ შეხვედრა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

გუშინ კი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ბულგარეთის წინააღმდეგ, როგორც თვითონ თქვა ბავშვობის ოცნება აისრულა და ეროვნული ნაკრების რიგებში გოლიც გაიტანა.

"უპირველესად, კატოს ვეტყვი, კატო, შენ გეძღვნება ეს გოლი, მიყვარხარ ძალიან... ბავშვობის ოცნება ავიხდინე და სავსე "დინამო არენაზე“ გოლი გავიტანე, მაგრამ ეს არ იყო უმთავრესი. მთავარი იყო ის, რომ თურქეთთან წაგებული თამაშის შემდეგ გამოვედით მოედანზე, მოვიგეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ.

იმის მიუხედავად, რომ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში წვიმდა და ცუდი ამინდი იყო, გულშემატკივრებმა გასაოცარი ატმოსფერო შექმნეს. ქომაგების მხარდაჭერას მთელი თამაშის განმავლობაში ვგრძნობდით, მადლობა მათ ამისთვის.

ვისარგებლებ შემთხვევით და საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებას სრულიად საქართველოს მივულოცავ, ბიჭებმა ძალიან გაგვახარეს“, - თქვა ნიკამ მატჩის შემდეგ.

როგორც ირკვევა, ნიკა კარგ ფეხბურთელობასთან ერთად, კარგი მოქალაქეც არის, რომელიც საკუთარი პოზიციის გამოხატვასაც არ ერიდება.

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, ნიკას სოციალურ ქსელში ჰქონდა გამოქვეყნებული პოსტები "სინდისის პატიმრებზე“, ასევე, ის ხშირად ყოფილა "რობოკოპების“ წინ, უყლაპავს გაზი და მოხვედრილა ჭყლეტაშიც.

იხილეთ ასევე: