ავტორი:

“თვალში მოსახვედრია გაზის მილები, რაც იერსახეს ამახინჯებს - ყველა ახალი პროექტი განხორციელდება მიწის ქვეშ და არა ზედაპირზე“ - ირაკლი კობახიძე

“თვალში მოსახვედრია გაზის მილები, რაც იერსახეს ამახინჯებს - ყველა ახალი პროექტი განხორციელდება მიწის ქვეშ და არა ზედაპირზე“ - ირაკლი კობახიძე

“როდესაც გაივლით დასახლებებში, განსაკუთრებით სოფლებში, ყველგან თვალში მოგხვდებათ გაზის მილები, რაც იერსახეს ამახინჯებს, აქაც გვინდა, რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

  • როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთბაშად ყველა გაზის მილის ჩანაცვლება და მიწის ქვეშ ჩატანა იქნება რთული, თუმცა ყველა ახალი პროექტი განხორციელდება მიწის ქვეშ.

“როდესაც გაივლით დასახლებებში, განსაკუთრებით სოფლებში, ყველგან თვალში მოგხვდებათ გაზის მილები, რაც იერსახეს ამახინჯებს, აქაც გვინდა, რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ. რა თქმა უნდა, ერთბაშად ყველა გაზის მილის ჩანაცვლება და მიწის ქვეშ ჩატანა იქნება რთული და შეუძლებელი, თუმცა გვინდა, დავადგინოთ ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ახალი სამუშაოები დაექვემდებარება შესაბამის ვიზუალურ სტანდარტს. ყველა ახალი პროექტი განხორციელდება მიწის ქვეშ და არა ზედაპირზე იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ დასახლებების იერსახეზე. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში თითოეული დასახლების იერსახეზე აისახება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, უკავშირდება შენობების იერსახეს, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. მადლობა მინდა გადავუხადო მარიამ ქვრივიშვილს, რომელმაც დააჩქარა ეს პროცესი და ძალიან წინ ვართ უკვე წასული. ძალიან მალე ჩვენ დავამტკიცებთ კონკრეტულ სტანდარტებს, რაც დაკავშირებულია შენობების ფასადების, ღობეების გადახურვის იერსახესთან. ფასადებიც, შემოღობვაც, გადახურვაც უნდა იყოს გემოვნებიანი, მოწესრიგებული, უნდა ერგებოდეს ბუნებას, ურბანულ ქსელს, ლანდშაფტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს თუ გადავხედავთ ჩვენ ჩვენს დასახლებებს, ზოგადად ჩვენი ლანდშაფტი არის ძალიან ლამაზი, თუმცა ხშირად შენობები ხელს არ უწყობს ესთეტიკური თვალსაზრისით იერსახის გალამაზებას, ამიტომ ჩვენ გვჭირდება კონკრეტული სტანდარტების დადგენა, რათა გაუმჯობესდეს არქიტექტურული გემოვნება, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად ჩვენ გვინდა მომავალში მივიღოთ უფრო მოწესრიგებული შენობა-ნაგებობები. ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს ჩარევა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც. აქედან გამომდინარე, ვთხოვე ეკონომიკის სამინისტროს დასახლებების ვიზუალური, ესთეტიკური და სხვა მახასიათებლების საერთო პრინციპებით რეგულირება, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უკვე დასრულების პროცესშია ეს სამუშაო და ძალიან მალე ეს სტანდარტები იქნება დადგენილი. როცა გაიცემა ახალი ნებართვა, ახალი შენობის აშენების კუთხით, ან რეაბილიტაციის კუთხით, ყველა შესაბამისი ნებართვა დაექვემდებარება სწორედ ამ სტანდარტებს და ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად წლიდან წლამდე, გაუმჯობესდება ჩვენი დასახლებების იერსახე. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს შესაბამის პროფესიულ წრეებთან, მუშაობა არის დასკვნით ეტაპზე და საზოგადოებას ახლო მომავალში წარვუდგენთ შედეგებს. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც წარმატებით უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.