ავტორი:

გია ხუხაშვილი: "კობახიძის პასუხი, რომ გვარებს არ დაასახელებს, ირიბი დადასტურებაა იმისა, რომ სწორედაც ღარიბაშვილს გულისხმობდა"

გია ხუხაშვილი: "კობახიძის პასუხი, რომ გვარებს არ დაასახელებს, ირიბი დადასტურებაა იმისა, რომ სწორედაც ღარიბაშვილს გულისხმობდა"

მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ბოლო ხანს 4 ოქტომბრის მნიშვნელობაზე ბევრს ლაპარაკობს და ეროვნულ შეკრებას აანონსებს. როგორც განაცხადეს, ხელისუფლების "მშვიდობიანად დასამხობად" ორი მილიონი მოსაწვევი უკვე შეკვეთილია. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "კი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა (იგულისხმება ლევან ხაბეიშვილი - ავტ.) ამ ყველაფერში. ეს არის იმავე პირების დავალება, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა". ამის შემდგომ დასმულ კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს, მან განაცხადა, რომ გვარებს არ დაასახელებდა. ვის შეიძლება გულისხმობდეს ირაკლი კობახიძე? - ამ კითხვას გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" პასუხობს:

- ჩემი აზრით, კობახიძის პასუხი, ფაქტობრივად, დადასტურებას ნიშნავს. ფსიქოლოგიური მომენტია, როდესაც გეკითხებიან რაღაცას და გისახელებენ გვარს, რომელსაც შენ არ გულისხმობ, პირველი რეაქცია უარყოფაა. შესაბამისად, კობახიძის პასუხი, რომ გვარებს არ დაასახელებს, ირიბი დადასტურებაა იმისა, რომ სწორედაც ღარიბაშვილს გულისხმობდა. ამგვარი განცხადებისთვის აქვს რეალური საფუძველი თუ არა, არ ვიცი, არც მაინტერესებს. თვითონ ხაბეიშვილიც არ არის ჩემთვის სერიოზული ფაქტორი. მისი ფეხის ბაკუნი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. ის სცენარი, რასაც ხატავს, "მშვიდობიან დამხობას" რომ ეძახის, პროვოკაციის შთაბეჭდილებას ტოვებს, ნებისმიერი პროვოკაცია კი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. არ გამოვრიცხავ, რომ კობახიძეს ენამ გაუსწრო წინ, როგორც წესი, სპეცსამსახურები ამგვარ კარტს ათამაშებენ ხოლმე ყველაზე საჭირო მომენტში. როგორც ჩანს, ხელისუფლების გეგმები ხაბეიშვილის კარტის გათამაშებასთან დაკავშირებით კობახიძეს დროზე ადრე წამოსცდა. წაიკითხეთ სრულად