სომხეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 29 წლის გიორგი კინოიანი, რომელიც უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
კინოიანი 3 სექტემბერს სომხეთის საზღვარზე აიყვანეს. რუსეთს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
ამჟამად მას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. ოჯახი შიშობს, რომ რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, გიორგი არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობის რისკის წინაშე დადგება.
"სომეხმა მესაზღვრეებმა გააჩერეს და ადგილზე დააკავეს. როგორც მითხრეს, კომპიუტერში ამოუგდო შეტყობინება, რომ გიორგი იყო რუსეთის მიერ ძებნილი და ითხოვდნენ მის დაკავებას“, - აცხადებს მისი ძმა, ვაკო კინოიანი.
"ამის შემდეგ მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, მათ შორის არც ადვოკატებისგან“, - ავრცელებს დაკავებულის ძმის, ვაკო კინოიანის განცხადებას “რადიო თავისუფლება“.
პრესსპიკერის თანახმად, მას შემდეგ, რაც 3 სექტემბერს საზღვრის კვეთისას პოლიციის თანამშრომლებმა კინოიანის იდენტიფიცირება მოახდინეს, ამის შესახებ აცნობეს გენერალურ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, ასევე, ძებნის ინიციატორ მხარეს (რუსეთის ფედერაციას).

“გიორგი კინოიანი ნამდვილად იყო “ქართული ლეგიონის“ წევრი. ყველა მებრძოლს უტარდება ინსტრუქცია, რომ“ქართულ ლეგიონში“ ყოფნის დროს ან შემდეგ, უნდა აარიდონ თავი რუსეთის მოკავშირე ქვეყნებში მოხვედრას.
რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ მოხდეს ამ ადამიანის ექსტრადირება. ეს იქნება სიკვდილის ტოლფასი.
ხელისუფლებამ ახლა ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ არ დაუშვას საკუთარი მოქალაქის გადაცემა რუსეთის ფედერაციაში,“ - განაცხადა “ქართული ლეგიონის“ დამფუძნებელმა მამუკა მამულაშვილმა “ტვ პირველთან“ საუბარში.
ოჯახს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს იმის შესახებ, თუ როდის გაიმართება შემდეგი სასამართლო სხდომა სომხეთში, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გააგზავნის რუსეთი დოკუმენტებს და ოფიციალურად მოითხოვს მის ექსტრადიციას.
დაკავებულის ოჯახის წევრების თქმით, როგორც სომეხმა ადვოკატებმა მათ აუხსნეს ექსტრადიციის საფრთხე ძალიან მაღალია - დაახლოებით 90%.
ახლობლების თქმით, ქართული მხარის,მესაზღვრეების პირდაპირი მოვალეობა იყო, გაეფრთხილებინათ კინოიანი, რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში რომ იყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეცდომა არ დაუშვიათ: რუსეთს გიორგი კინოიანი ინტერპოლის ცირკულარით არ უძებნია, ძებნა გამოცხადებული იყო DESETE-ს სისტემის მეშვეობით, რომელსაც ქართველი მესაზღვრეები ვერ ხედავენ. შესაბამისად, რადგან საქართველო აღარ არის დსთ-ის წევრი, მესაზღვრეებს მონაცემთა ბაზაში არ დაუფიქსირებიათ, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეს ეძებდა.
დაკავებულის ახლობლების თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები გიორგი კინოიანის გასათავისუფლებლად.