Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია პოლიტიკოსი აკაკი ასათიანი. გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს.
აკაკი ასათიანი ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე და ეროვნული ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ. თავიდან უზენაესს საბჭოში ზვიად გამსახურდიას მოადგილე იყო, ხოლო როცა ზვიად გამსახურდია პრეზიდენტი გახდა, პარლამენტის თავმჯდომარე. აკაკი ასათიანი შემდგომში რამდენჯერმე პარლამენტის წევრი, მისი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე იყო...
ამ ეტაპზე მიიჩნევს, რომ საქართველოში ისეთი ტიპის პოლიტიკა მიმდინარეობს, რომ ეს მის აქტიურობას ნაკლებად საჭიროებს.
თემო:
- რა იყო და რა არის თქვენთვის პოლიტიკა?
- ძალიან საინტერესო საქმეა, ოღონდ, უმადური. არავის უნდა დაამადლო, რომ პოლიტიკაში იყავი... პოლიტიკოსს აქვს ერთი უპირატესობა, მას შეუძლია, თუ ამის უნარი, თვისება აღმოაჩნდა, პოლიტიკაში ყოფნისას განახორციელოს მისი სანუკვარი იდეალები, მისწრაფებები. ჩემთვის ასეთი საქართველოს დამოუკიდებლობა იყო, ისევე როგორც ზვიად გამსახურდიასთვის, - ამისთვის მთელი ცხოვრება იბრძოდა. ეს არის პოლიტიკა... რომ ვამბობ, ეს დარგი უმადურია-მეთქი, იმას ვგულისხმობ, რომ ხელისგულზე არავინ გატარებს. ამას არც უნდა ელოდო და თუ ამას ელოდები, უკეთეს შემთხვევაში, იდიოტი ხარ. არავის უნდა დაამადლო, ამ საქმეში ხომ შენი სურვილით ხარ თუ იყავი, ხომ თვითონ იმოქმედე?!

შეუცდომლობა შეუძლებელია, - ეს უნდა გესმოდეს. ცილისწამება, ლანძღვა, გინებაც კი მოსულა, ამის ისტორიული მაგალითია ზვიადი, მერაბი, გია ჭანტურია... თუ გეშინია, თუ გერიდება, თუ კეკლუცობ და აზიზობ, - ვაიმე, რამე არ თქვან, რამე არ დამაბრალონ, ცილი არ დამწამონო (ეს იმ ცილისმწამებლის სინდისზე იქნება), ამ საქმეს არც კი უნდა გაეკარო.
მე გაცნობიერებული მქონდა და მესმოდა, რომ ასე იქნებოდა... როგორც წესი, მიტინგებზე ოვაციებით მხდებოდნენ, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ყოველთვის ასე არ იქნებოდა... იმ წლებს არაფერზე გავცვლი, ყველაზე მშვიდ ან სვებედნიერ ცხოვრებაზეც კი... ბევრ პრობლემას გადავეყარე, - ოჯახისთვის, შვილებისთვის, მშობლებისთვის, დისთვის ვერ ვიცლიდი. ეს ისეთ ბობოქარ პერიოდებს ახლავს, რომელშიც მომიწია მოღვაწეობამ. მიუხედავად ამისა, ღმერთმა საუკუნეც რომ მომცეს ცხოვრება, ვიმეორებ, არც ერთ წუთს არ გავცვლი. ღირდა ამისთვის დაბადება.
რამდენჯერ შეიძლება მოხდეს ერთ ასწლეულში დამოუკიდებლობის აქტი. გასულ საუკუნეში ორჯერ მოხდა - 1918 წელს და 1991-ში... ხალისით უნდა იყო ადამიანი, უნდა გეხალისებოდეს საქმე, რასაც აკეთებ და ემსახურები.
დავითი:
- ბატონო აკაკი, გაიხსენთ 1991 წლის 9 აპრილი და უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზი... რა მოლოდინი გქონდათ იმ დღეს?
- დამოუკიდებლობა იმდენად მიუწვდომელი ჩანდა, 1991 წელს შესაძლებელი რომ გახდა, ხალხს მაშინაც კი არ სჯეროდა, მათ შორის, ზოგიერთი დისიდენტიც არ იჯერებდა... წარმოიდგინეთ, რისთვისაც იბრძვი და ის კარიბჭე რომ გაიღება, - უცნაური გრძნობაა, თურმე როგორი ყოფითი და ჩვეულებრივი ამბავია, არადა, ამ დროს გრანდიოზული მოვლენაა... განსაცვიფრებელი გრძნობაა, ამის მსგავსი არც მქონია...
თუმცა ფეხბურთი, სპორტი ძალიან მიყვარს და 1981 წელს "დინამომ“ რომ გაიმარჯვა - თასების თასი რომ მოიგო, მსგავსი განცდა არა მარტო მე, მთელ საქართველოს და თბილისს ჰქონდა.
1991 წლის 9 აპრილის კადრები არის და როცა ვუყურებ, სახე წაშლილი მაქვს, ჰალსტუხი მოღრეცილი, თმა აბურდული... ზვიადს გადავეხვიე, რაღაც საოცარი ამბავი იყო, სიზმრიდან რომ გამოფხიზლდები და სიზმარი ცხადი აღმოჩნდება. დიდებულ ამბავი გახლდათ!
სოსო:
- ხელი რომ მოაწერეთ დამოუკიდებლობის აქტს, ემოციურად რას განიცდიდით?

- წინა ღამეს არ დამეძინა, სვეტიცხოველში წავედი, ვილოცე. ჩამოვედი და დილით ჩამთვლიმა, შემოვიდა ბატონი ზვიადის თანაშემწე და სად ხარ, ბატონი ზვიადი გელოდებაო. სად ხარ გენაცვალე, ასეთ რამეზე აგვიანებო?! უცნაირი განწყობა იყო, საზეიმოც არა, საქმიანი, სპორტსმენებს რომ აქვთ ხოლმე დიდი მატჩების წინ, დაახლოებით ასეთი. თან მშვიდი ხარ და თან შინაგანი ამაღლების გრძნობა გაქვს... ღმერთმა მართლა მოწყალება უნდა მოიღოს შენზე, რომ ასეთ დოკუმენტს ხელი მოაწერო...
ქეთი:
- ბაბუები რეპრესირებული გყავდათ, ვინ იყვნენ ისინი და რა მიზეზით იყვნენ დახვრეტილ-გადასახლებულები? ამან რა კვალი დატოვა თქვენს ცხოვრებაზე?
- ბებიები გადარჩნენ და მათ გაზარდეს ჩემი მშობლები. დედაჩემი მამა - დავით სვანიძე თბილისში დახვრიტეს. როცა დააპატიმრეს, მისი წიგნებიც წაიღეს და იქიდან მხოლოდ ორი წიგნი გადარჩა... ბებიას, დედაჩემს დიდხანს არ ეუბნებოდნენ, რომ დახვრიტეს. მათ ეგონათ, რომ ცოცხალი იყო. ვიღაცები ეუბნებოდნენ, რომ არხანგელსკში იყო... არადა, დაპატიმრებიდან ერთ თვეში დახვრიტეს. განაჩენი აქაურმა გარეწრებმა გამოუტანეს, "ტროიკებს“ რომ ეძახდნენ მათ, რომელთა ხსენებაც არ მინდა...
შემდეგ რეაბილიტაციის ფურცელი მოვიდა, რასაც ხელს აწერენ ამხანაგები იოსებ სტალინი, მოლოტოვი და ჟდანოვი. რომ ამბობენ, სტალინმა არ იცოდაო, ბაბუაჩემის დახვრეტაზე ხელი აქვს მოწერილი სტალინს, ამხანაგ მოლოტოვთან ერთად...
მამაჩემის მამა - აკაკი ასათიანი, ვის პატივსაცემადაც დამარქვეს სახელი, გურული აზნაური იყო და რაში დაეხატებოდა გულზე საბჭოთა წყობილება?! ანტიკომუნისტი კი არა, პატრიოტი იყო და სოფელ ხიდისთავის ორგანიზაციის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი. 1937 წელს ჩვენი სოფლიდან 200 კაცი იყო დაპატიმრებული. მათგან აზნაური მხოლოდ ბაბუაჩემი, დანარჩენი გლეხკაცობა და ბაბუაჩემის მეგობრები. გურულები პოლიტიკურად აქტიური ადამიანები იყვნენ და შესაბამისი შედეგებიც დადგა. მამის მამისგან მხოლოდ ორი წერილი შემოგვრჩა...
ირაკლი:
- საერთოდ როგორ დაუკავშირდით ბატონ ზვიად გამსახურდიას და როგორი იყო თქვენი თვალით დანახული საქართველოს პირველი პრეზიდენტი?

- ზვიადს ხალხი, ჩვენი საზოგადოება არ იცნობს. მის უკან სრულიად სხვა კაცი იდგა. დიდად განათლებული, კეთილშობილი, რაღაცნაირად გულუბრყვილოც კი. ისეთ რამეზე აუჩუყდებოდა გული, სახტად ვრჩებოდი. ღამე პურის რიგებს რომ დაინახავდა, ვერ იძინებდა, იმის მეტი ხელისუფალი არავინ ვიცი, რომ პურის რიგების დანახვაზე არ დასძინებოდა. მისი პატრიოტიზმზე, ისინიც კი, ვინც თავის დროზე უპირისპირდებოდნენ, ამბობენ, არა პატრიოტი როგორ არ იყო, ქვეყანა უყვარდა, მაგრამ პოლიტიკოსი - რა მოგახსენოთო. რა პოლიტიკოსი არ იყო, კაცი მთელი ცხოვრება დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა! ამის მინიმალური შესაძლებლობა როგორც კი გაჩნდა, ეს გამოიყენა. თავისი ხალხი დარაზმა, პირველად საბჭოთა კავშირში კომუნისტებს მრავალპარტიული პარლამენტი აარჩევინა, დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარა. სწორედ მაშინ მითხრა - აკაკი, ამას ვეღარავინ მოერევაო...
შეცდომები როგორ არ ჰქონდა, მითხარით, ვინმე უშეცდომო, ზოგს შეცდომა კი არა, დანაშაული აქვს ჩადენილი... მას თუ რამე შეცდომა ჰქონდა, ყველა ანგარიში გაასწორა, - სიკვდილს არ შეეპუა.
თაკო:
- დამოუკიდებლობა ბრძოლით იქნა მოპოვებული. როგორ ფიქრობთ, დღეს ის საფრთხეშია?
- დამოუკიდებლობა საფრთხეში არ არის... მინდოდა ჩემი სამშობლო რუკაზე ყოფილიყო დახატული... გორბაჩოვი ისეთი კაცი იყო, კამათი შეიძლებოდა და გვიკამათია კიდეც. ერთ-ერთი შეხვედრისას - აი, შენ რა გინდაო? - ვუპასუხე, - რა უნდა მინდოდეს... ჩემი უფროსი ბიჭი რომ წამოიზარდა, მკითხა, საქართველო რატომ არ ხატია მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე და აღარ მინდა უმცროსმა შვილმა იგივე მკითხოს-მეთქი. სხვათა შორის, მიხვდა, რასაც ვეუბნებოდი. ოდესმე იქნებაო. - როდის-მეთქი? - როცა საშუალება იქნებაო... ახლა ჩვენი დამოუკიდებლობა ისეთი რამაა, ამას ვეღარავინ წაშლის...
ნიკა:
- ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდით. როგორ აფასებთ იმ წლებს და რა იყო მაშინ თქვენთვის მთავარი?
- შესანიშნავი კოლექტივი იყო, სპეციალიზებული სასწავლებელი გახლდათ და იქ ისინი სწავლობდნენ, ვისაც მხატვრობა უნდოდათ. მხატვრები ძალიან საინტერესო ხალხია. ჩემს იმ სასწავლებელში მუშაობის პერიოდს 1978 წლის 14 აპრილი დაემთხვა. პედაგოგიური კოლექტივის შეკრება გაიმართა და ითქვა, რომ ეს უნდა იყოს ამოღებული და აბა, ვინ რას იტყვითო? მე წინააღმდეგი ვარ-მეთქი. თუ მაინცდამაინც შერბილებული ვარიანტი უნდა იყოს, ითქვას, რომ საქართველოში არის ქართული და რუსული. არ მინდოდა, უხერხულ მდგომარეობაში პედკოლექტივი, დირექტორი ჩამეყენებინა... იქ იყო ერთი კარგი კაცი გვარად ვეშაპიძე. მე შესწრებული ვარ, ვიცი ეგ ყველაფერი და ჩაწერეთ, რომ ყველა წინააღმდეგი ვართო... ასეც ჩაიწერა და გაიგზავნა. მეორე დღეს ის დემონსტრაცია გაიმართა. ჯერ კიდევ გაურკვეველი სიტუაცია იყო. ჯარისკაცები უზენაესის ჩამოსასვლელებში იყვნენ ჩამდგარები... სახლში ცოტა ხნით მივედი და სასწავლებლიდან დამირეკეს - აკაკი, იქნებ გამოხვიდე, ბავშვები ყველაფერს ანგრევენ. უნდათ, რომ მოხვიდე და მათ მიტინგზე გაუძღვეო. მივედი სასწავლებელში. ბავშვებო, ვერ გაგიძღვებით, თქვენ არ იცით, რა მოხდა 1956 წელს. მსგავს რამეს კისერზე ვერ დავიდებ, ვერც ვერავის დაგაკავებთ, რომ მიტინგზე არ წახვიდეთ. მე იქ ვარ, ვიყავი და კიდევ წავალ, მაგრამ თქვენ ვერ გაგიძღვებით. მოდი, ასე ვქნათ, როცა საქმე თავგანწირვაზე მიდგებოდა, ძველ ბერძნებს უშვილოები არ მიჰყავდათ, თქვენ უშვილოები ხართ. მათ შორის შვილიანი ერთი აღმოჩნდა და მაშინ ეს გავუშვათ-მეთქი. ამაზე ვიცინეთ. მერე მოვიდა მშობელი ქალი, მასწავლებლებს შერცხვათ მასთან შეხვედრა, რადგან ბავშვები ვერ დააკავეს. იქნებ შენ დაელაპარაკოო, - მთხოვეს. მეგონა, ის ქალბატონი გამიბრაზდებოდა, დამწყევლიდა, ამიტომ დაძაბული ვიყავი. ვერ გავაჩერეთ და ვერც გავუძეხი-მეთქი, - ვუთხარი. აბა, სად უნდა იყოსო, თავის შვილზე თქვა და წავიდა. კინაღამ ავტირდი, მაშინ მივხვდი, რომ ვერაფერი გააჩერებდა გარეთ გამოსულ ხალხს.
ვალერი:
- აპირებთ თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას?
- ღმერთმა ნუ ქნას, ისეთი პოლიტიკური ვითარება შეიქმნას, ჩვენს დამოუკიდებლობას, ან ჩვენს ახალგაზრდებს რაიმე დაემუქროს, რომ იძულებული გავხდე, დავბრუნდე... ოღონდ, ამის არავითარი სურვილი არ მაქვს.
თემო:
- რას ურჩევდით არსებულ ხელისუფლებას?
- რამდენიმე რამეს. პირველი, - პრობლემები, საკმაოდ დიდად, რა თქმა უნდა, გარედან არის ინსპირირებული, მაგრამ ნუ ჩათვლიან, რომ მარტო გარე ფაქტორი ქმნის პრობლემას. პრობლემები არის შიგნითაც და უნდა მიხედონ მათ და მაშინ გარე ფაქტორი ვერავითარ როლს ვერ შეასრულებს. ამიტომ მიხედონ შიდა პრობლემებს...
რუსის იმედად თუ ვინმე არის, ნუ იქნებიან. გავიხსენოთ ისტორია - ვახტანგ VI, ერეკლე II, ნოე ჟორდანია, ედუარდ შევარდნაძე - ვინც რუსს ენდო და აქვე გავიხსენოთ, მათი შედეგები... ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. მათი დაჯერება, გარანტიების გარეშე (საერთაშორისო მხარდაჭერა) არ შეიძლება. მესამე - ნუ ჩავთვლით თავს, არა მარტო ხელისუფლება, რომ ჩვენ მსოფლიოს მბრძანებლები ვართ... დედამიწაზე აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა აღარ არსებობს, მით უმეტეს, პატარა ქვეყანა. მიმაჩნია, რომ სწორია, როცა პირველი ხელის გატკაცუნებაზე არ ვდგებით სმენაზე... საერთოდ, ყველაფერი კორექტული უნდა იყოს, - არავის აქვს უფლება, არც რიგით პარლამენტარს და არც ხელისუფლების წარმომადგენლებს, უდიერად მოიხსენიონ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც, გინდა თუ არ გინდა, ჩვენი მოკავშირეები არიან ჩვენს ჩრდილოელ, პირშავ მეზობელთან ურთიერთობაში...