ავტორი:

მსოფლიო ვარსკვლავის სახლში გაშლილი ქართული სუფრა და აღტაცებული სტუმრები - რა ფოტოებს აქვეყნებს ქეთი მელუა?

მსოფლიო ვარსკვლავის სახლში გაშლილი ქართული სუფრა და აღტაცებული სტუმრები - რა ფოტოებს აქვეყნებს ქეთი მელუა?

ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთი მელუა შეფ გურამ ბაღდოშვილთან და მსოფლიოში ცნობილ შეფ-მზარეულ ჯეიმი ოლივერთან ერთად გატარებულ საღამოზე საუბრობს.

  • მელუას თქმით, მან ქართული სამზარეულო სხვა თვალით დაინახა და დარწმუნდა, რომ მისი სიყვარული ქართული კერძების მიმართ მიკერძოებული არ ყოფილა.

“საოცარი დღე იყო! ჯეიმი ოლივერისა და გურამ ბაღდოშვილის მიერ გაშლილი ქართული სუფრა.

ვინც არ იცით, სუფრა ქართული ნადიმის ტრადიციული სახელია. ქართული სუფრის ერთ-ერთი უნიკალური თვისება ისაა, რომ მაგიდა თავიდანვე უხვად არის ქართული კერძებით მოფენილი, ეს გემოების ნამდვილი ზეიმია.

ჩემთვის მომხიბლავი იყო ჯემის თვალით იმის ნახვა, თუ რა ხდის ქართულ სამზარეულოს განსაკუთრებულს. როგორც გულმხურვალე ქართველ პატრიოტს, ხშირად მიფიქრია, რომ ჩემი სიყვარული და სიამაყე ჩვენი სამზარეულოს მიმართ მიკერძოებული იყო. არადა, ქართული სამზარეულო ნამდვილად ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული.

მადლობა, ჯეიმი და გურამ, რომ დამეხმარეთ ჩემი ქვეყნის სამზარეულოს სხვა თვალებით დანახვაში,“ - წერს ქეთი მელუა და სუფრაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც გასულ წელს ცნობილმა შეფ-მზარეულმა საქართველო მოინახულა, ქართველი მეგობრები ბრიტანეთში, მის სახლში მიიღო.

“ცოტა ხნის წინ მქონდა პრივილეგია ესექსში მდებარე ჩემს სახლში, შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი მიმეღო და ტრადიციული სუფრა გაგვეშალა. რა სასიამოვნო ნადიმი გვქონდა, ძალიან შთაგონებული ვარ!

გემოები, ინგრედიენტები და მისი კერძები უმაღლესი დონის იყო“ - წერს ჯეიმი ოლივერი და youtube-ზე აქვეყნებს ვიდეოს.

საღამო, რომელსაც გურამ ბაღდოშვილი, ქეთი მელუა და სხვა მიპატიჟებული სტუმრები ესწრებოდნენ დაახლოებით ერთი თვის წინ შედგა.

  • შეგახსენებთ, ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, გასტრონომიული ტურის ფარგლებში საქართველოში 2024 წელს იმყოფებოდა.

მან ქართული გასტრონომიისა და ტრადიციული სუფრის შესახებ ვიდეოები გადაიღო, რომელიც მის სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე განათავსა. ოლივერი საქართველოს უნიკალურ კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო.

ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე – 6 მილიონამდე.

ფოტო: Chris Terry / Photography