ავტორი:

"სიმღერის გარდა ცხოვრებაში არც არაფერი გამაჩნია და არც შემიძლია. სულ ვმღერი. 7 საკრავზე ვუკრავ..." - ბიჭი საოცარი ხმით, რომლის ნამღერსაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"სიმღერის გარდა ცხოვრებაში არც არაფერი გამაჩნია და არც შემიძლია. სულ ვმღერი. 7 საკრავზე ვუკრავ..." - ბიჭი საოცარი ხმით, რომლის ნამღერსაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

როგორც ყველა ბიჭს ფეხბურთი მასაც ბავშვობიდან უყვარდა, საკმაოდ კარგად თამაშობდა და დღემდე თამაშობს, მაგრამ ფეხბურთმა მასში ისე, როგორც სიმღერამ, ვერ იძალა. ის და სპორტის სხვა სახეობები მისთვის მხოლოდ ჰობად დარჩა. სიმღერას კი 17 წლის ნიკა კუბლაშვილი აპირებს, რომ სერიოზულად გაჰყვეს. მას მართლა გამორჩეული მონაცემები აქვს. გასულ კვირას მისი ნამღერის ვიდეოებმა სოციალური ქსელი მთლიანად მოიცვა.

ნიკა კუბლაშვილის ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ და ისე მოხდა, რომ მისი პირველი ინტერვიუც ჩავწერეთ. ცოტას ღელავდა, რადგან მორცხვიც არის. დანარჩენს უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.

- შენი ვიდეოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. რას განიცდი ამ დროს?

- ცოტა ისეთი ვარ, ვერ გამოხატავ ემოციებს, გულის სიღრმეში კი ძალიან მიხარია. პასუხისმგებლობა არ მაკლდა, მაგრამ ვგრძნობ, რომ მომემატა.

- მოგვიყევი შენზე...

- დავიბადე რუსთავში, სამი წელი იქ ვცხოვრობდით, შემდეგ სოფელში წამოსვლა მოგვიწია, ბებია და ბაბუა მყავდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში და აქ გადმოვედით. იმის მერე აქეთ ვართ. სკოლაშიც აქ ვსწავლობ. მეთორმეტეკლასელი ვარ.

- პირველად როდის გამოვლინდა შენში მუსიკალური მონაცემები?

- სადღაც 4 წლიდან ვმღერი. მაშინ სოციალურ ქსელები, არც "იუთუბი“ ასე განვითარებული... "ბასტი-ბუბუს“ სიმღერებიდან მაქვს მუსიკის მოსმენა დაწყებული. ამ სტუდიის ჩანაწერებს ვუსმენდი. მერე მშობლებმა რომ შემატყვეს, რომ მუსიკის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ვიჩენდი და მონაცემები მქონდა, გადაწყვიტეს აფენში საკრავზე სასწავლებლად შევეყვანეთ. ეს იმ დროისთვის უფრო ხელსაყრელი იყო. ადგილობრივ პედაგოგთან დავდიოდი და ფანდურზე დაკვრას ვსწავლობდი.

- შემდგომ არავინ იყო ისეთი, ვინც გეტყოდა, რომ შენს მონაცემებს მეტი და სხვანაირი განვითარება უნდოდა?

- ეს უფრო მოგვიანებით იყო, როცა გავიზარდე და შევხდი ადამიანს, რომელმაც სწორედ ეს მითხრა და ამაში ხელიც შემიწყო. მას მერე მის გვერდით ვარ და ის უკვე ჩემი ოჯახის წევრია. ეს ადამიანი იოანე ქართველია.

- ის, რაც სოციალურ ქსელში მასობრივად გავრცელდა და მოვისმინეთ, სტუდიაში ჩაწერისას არის გადაღებული?

- სტუდიური ნამუშევარი არ არის, ჩემს სახლშია ჩაწერილი. მიკროფონში ვმღერი. მას მხოლოდ აკუსტიკის ეფექტი აქვს...

საუბარში იოანე ქართველი ჩაერთო. ის ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის თანამშრომელია, ასევე ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობი:

- მინდა მოგიყვეთ, როგორ გავიცანი და აღმოვაჩინე ნიკა. მოგეხსენებათ, ყვარელში ყოველ 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული ილიაობა იმართება. ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრმა, რომლის დირექტორი მაია ზარდიაშვილია, გვითხრა, რომ უნდა დაგვეწყო ილიაობისადმი მიძღვნილი საკონცერტო პროგრამის შექმნა. ამისთვის ახალსოფელში მოღვაწე ქალბატონმა - თეა დევდარიძემ, ახალსოფლელი ბავშვები ყვარელში შესარჩევ ტურზე ჩამოიყვანა, რომ პროექტისთვის შეგვერჩია. ნიკუშა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან კია, მაგრამ იმის გამო, რომ თეასთან ახლობლობდა, მან ახალსოფლის ანსამბლთან ერთად ისიც წამოიყვანა. ამ ტურზე კომისია მუშაობდა და მათ შორის მეც ვიყავი. მონაწილეების არტისტიზმი, სასცენო მოძრაობა უნდა შემეფასებინა. ვუსმენდით უამრავ შემოქმედებით ჯგუფს... მორიგ ჯერზე ისე მოხდა, რომ ტელეფონში თავჩახრილი ვიყავი და უცებ სცენიდან გამორჩეული ნამღერი შემომესმა, თავი ავწიე და საოცარი ბიჭი დავინახე. მისი ნამღერით მოვინუსხე და ვთქვი, - ამ ახალგაზრდამ ილიაობაზე აუცილებლად უნდა იმღეროს-მეთქი. თუმცა საუბარი იმაზე მაინც მიდიოდა, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტიდან არ იყო. მაია ზარდიაშვილმა თქვა, - იმდენად კარგი ახალგაზრდაა, რა მნიშვნელობა აქვს, საიდან არის და ნიკუშამ ყვარელში, ყვარლის ტბაზე, დიდ სახალხო დღესასწაულზე იმღერა და დიდი მოწონება დაიმსახურა...

- კარგ დღეს მომხდარა მისი სასცენო ნათლობა... სოციალურ ქსელში მისი ვიდეოებს უკვე აქტიურად აზიარებენ...

- კი, ასეა... წლის განმავლობაში უამრავ სხვადასხვა პროექტს ვაკეთებ, მაქვს საავტორო პროექტი "ლურჯი აპრილიც“, სადაც თბილისიდან ცნობილ ხელოვანებს ვიწვევთ, არანაირი ბილეთი არ იყიდება, გადავსებულია ხოლმე დარბაზი. მორიგ "ლურჯი აპრილზე“ ნიკას დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ უნდა ჩამოხვიდე-მეთქი... რა თქმა უნდა, გავიცანი მისი მშობლებიც და ოჯახებით ისე დავახლოვდით, რომ საერთოდ არ მგონია, რომ გენეტიკურად სხვადასხვა გვარის ადამიანები ვართ... ერთი შვილი მყავს, 23 წლის სოფია, რომელიც თვლის, რომ ნიკას სახით ძმა ჰყავს, ნიკუშას პატარა ძმა ჰყავს საბა და ჩემი შვილის სახით მას და ჰყავს. ასე რომ, ჩემს არაერთ პროექტზე უკვე აქტიურადაა ჩართული ნიკა არაერთი სიმღერით და არაერთი მიმართულებით. გარდა იმისა, რომ მღერის ფოლკლორს, არაჩვეულებრივად ასრულებს საესტრადო ნამუშევრებს და მხოლოდ გემოვნებიანი მომღერლების რეპერტუარიდან.

მზადება მქონდა ქართული კინომუსიკის საღამოსთვის, რომელიც საქართველოს სახალხო არტისტის დოდო ჭიჭინაძის ხსოვნას მივუძღვენი. ნიკუშასთან ვიყავით და რეპეტიციებს გავდიოდით. ნიკას დედამ თქვა, ყოველთვის მინდოდა, სცენაზე ვმდგარიყავი და მეც მემღერაო. ჩემთვის მოულოდნელი იყო ამის მოსმენა, რომ თურმე დედაც არაჩვეულებრივად მღერის. მერე დედა-შვილმა ერთად წაიმღერეს. შემდეგ კი ის შესანიშნავი ნომერი გამოვიდა.

- სწორედ ამის კითხვა მინდოდა, ნიკასთან ოჯახში კიდევ ვინმე ხომ არ მღერის-მეთქი...

- კი, მღერიან და ასევე მღეროდა დიდი ბებია... როგორც გითხარით, არაჩვეულებრივად მღერის დედა - ლალი და მღერის მამაც - მალხაზი. მათი შეხმატკბილებული სიმღერის მოსმენა ერთ რამედ ღირს. შემდეგ საბა, ნიკუშას უმცროსი ძმაც რომ ხმას ამოიღებს, საოცარი მოსასმენია.

სტუდიური ჩანაწერიაო? სოცქსელში გავრცელებულ ნიკას ნამღერზე კომენტარებში ბევრმა იკითხა. ნიკამაც თქვა და მეც გეტყვით, არანაირი სტუდიური ჩანაწერი. 7 საათი წერდა "დაიგვიანეს“. სახლში მხოლოდ მიკროფონი აქვს. "წინწყაროში“ კი სამივე ხმა მისი ნამღერია...

- ნიკას მოსმენისას ბევრს ჰამლეტ გონაშვილი გაახსენდა და კომენტარებში ამოვიკითხე - ჰამლეტს ძაბავსო......

ნიკა:

- არავის ვბაძავ. ფოლკლორსში არსებობს 2 სახის ნამღერი - ერთი ღია ბგერით და მერე - დახურული ბგერით, კრინით. წინა თაობა უმეტესად დახურული ბგერით მღეროდა, ახლაც მღერიან ასე, რადგან უნდათ, რომ მეტად ინდივიდუალური ნამღერი გამოუვიდეთ, ჩვეულებრივად კი გაშლილი ბგერით მღერაა უფრო აქტიურად მიღებული. დახურულ ბგერა და აკუსტიკა ჩემ შემთხვევაში ისეთ ნამღერს ქმნის, რაც მოისმინეთ. ვიღაცებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ჰამლეტს ვბაძავ. ისიც ასე მღეროდა და ამიტომ უჩნდებათ ადამიანებს ეჭვი, რომ ვბაძავ.

იოანე ქართველი:

- სურვილი მქონდა, რომ ნიკა ტელევიზიებში, პროექტებში მოხვედრილიყო. მივწერე, შევეხმიანე პროდიუსერებს... ჩემს გვერდზეც დავწერე, სად არიან პროდიუსერები, ტელევიზიები, ნიკას რომ ვერ ამჩნევენ-მეთქი. ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობაზე სურვილი რომ გამოვთქვით, გვითხრეს, რომ დაგაგვიანდათო... საერთოდ კონკურსების წინააღმდეგი ვარ... არ გვინდა კონკურები, მაგრამ რამდენიმე ტელევიზიაზე განაწყენებული ვარ, რადგან პროდიუსერებმა ასე ვთქვათ, "გადამაგდო“ კიდეც.

ჩვენთვის მთავარი პოპულარობა არ არის, დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხსა და გემოვნებას... არა უშავს, ის, რაც ნამდვილი და ღირებულია, აუცილებლად დაფასდება. ყველაზე დიდი დამფასებელი კი ხალხი, საზოგადოება და გემოვნებიანი ადამიანები არიან...

- ნიკა, რა არის შენთვის სიმღერა?

ნიკა:

- სიმღერის გარდა ცხოვრებაში არც არაფერი გამაჩნია და არც შემიძლია. სიმღერით ვცხოვრობ, სულ ვმღერი. გაუჩერებლად შემიძლია ვიმღერო. სახლში მაქვს მოწყობილი კუთხე, სადაც არაერთი ინსტრუმენტი მაქვს, - პიანინო, გიტარა, ფანდური, სალამური, გარმონი და კიდევ რაღაცები... 7 საკრავზე ვუკრავ. ამ ყველაფერს ბასგიტარაც მინდა, შევმატო და საერთოდ მომავალში ჩემი სტუდიის გაკეთების სურვილი მაქვს, რომ სიმღერები ჩავწერო. ამისთვის ყველა ინსტრუმენტს კარგად უნდა ვფლობდე და მიტომაც მაქვს სახლში ისინი...

- მეთორმეტეკლასელი ხარ და აბიტურიენტი... რას ფიქრობ, სწავლას რა მიმართულებით გააგრძელებ?

- სიმღერას ბოლომდე მინდა გავყვე. ჯერ ასე კონკრეტულად არ მაქვს ჩამოყალიბებული, სად ჩავაბარებ, მაგრამ თავიდან კონსერვატორიაზე ვფიქრობდი. სამწუხაროდ, იქ ფოლკლორისა და ესტრადის მიმართულებით სწავლა არ არის შესაძლებელი. მოკლედ, განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს, კომპეტენტურ სპეციალისტებთან უკვე გვქონდა გასაუბრება და კიდევ გვაქვს შეხვედრები დაგეგმილი. რაც არ უნდა ავირჩიო და ვისწავლო, მინდა, პარალელურად ზოგადი ფსიქოლოგია ვისწავლო.

- ვინ არის შენი საყვარელი მომღერალი?

- ქართველებიდან: გოგი დოლიძე, მერაბ სეფაშვილი... ფოლკლორში კი ჩემი კერპი, რა თქმა უნდა, ჰამლეტ გონაშვილია.

იოანე ქართველი:

- ჩვენ ერთი სიახლე გვაქვს, ნინი შერმადინი ჩემი ბავშვობისდროინდელი მეგობარია, რომელიც ამერიკაში იმყოფება. იქ ერთ-ერთ ფესტივალში ჩვენს მონაწილეობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. მუშაობა დაწყებულია და ვნახოთ, რა იქნება.

- წარმატებებს გისურვებთ.