ავტორი:

"პაციენტებს ოპერაციის დროს გული უჩერდებოდათ" - ფრანგ ანესთეზიოლოგს 30 ადამიანის განზრახ მოწამვლაში ადანაშაულებენ: საქმის დეტალები

"პაციენტებს ოპერაციის დროს გული უჩერდებოდათ" - ფრანგ ანესთეზიოლოგს 30 ადამიანის განზრახ მოწამვლაში ადანაშაულებენ: საქმის დეტალები

აღმოსავლეთ საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონში ყოფილი ანესთეზიოლოგის სასამართლო პროცესი გაიმართა. ექიმს 30 ადამიანის განზრახ მოწამვლაში ადანაშაულებენ, მათგან 12 გარდაიცვალა.

53 წლის ფრედერიკ პეშიეს წინააღმდეგ გამოძიება პირველად რვა წლის წინ დაიწყო. იგი 2008-დან 2017 წლამდე ქალაქის ორ კლინიკაში პაციენტების მოწამვლაში იყო ეჭვმიტანილი.

  • მოწამვლის შესახებ ბრალდებები 2017 წლის იანვარში გაჩნდა, როდესაც 36 წლის პაციენტს, სანდრა სიმარდს, ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გული გაუჩერდა. სამკურნალოდ გამოყენებულმა ინტრავენურმა პრეპარატებმა კალიუმის კონცენტრაცია მოსალოდნელ დოზაზე 100-ჯერ მეტი აჩვენა.

2009 წელს ფრანშ-კონტეს პოლიკლინიკაში მცირე ოპერაციების დროს სამ პაციენტს, რომლებსაც გულის დაავადება არ აღენიშნებოდათ, რეანიმაცია დასჭირდა. დემიენ ილენი პირველი ფატალური შემთხვევა იყო - 53 წლის ასაკში ის სენ-ვინსენის კლინიკაში თირკმლის რუტინული ოპერაციისთვის მივიდა და გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. მოგვიანებით ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ მას ლიდოკაინის პოტენციურად ლეტალური დოზა მისცეს.

პეშიეს ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ის რვა წელი ელოდა თავისი კლიენტის უდანაშაულობის საბოლოოდ დამტკიცებას. თავად ექიმი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ:

"ჩემი წასვლის შემდეგაც კი, მათ კვლავ ჰქონდათ სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და გულის გაჩერების შემთხვევები. როდესაც 2017 წლის მარტში წამოვედი, საავადმყოფოში კიდევ 9 შემთხვევა დადასტურდა“, - განუცხადა მან RTL რადიოს.

პეშიეს სასამართლო პროცესი დეკემბრამდე გაგრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

წყარო