ავტორი:

ინდური ქორწილების ბუმი საქართველოში?

ინდური ქორწილების ბუმი საქართველოში?

ამ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტით 15 მსხვილი ინდური კომპანია იმყოფებოდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულნი.

ადმინისტრაციის ცნობითვე, ინდური კომპანიების წარმომადგენლები თბილისში, მუხრანსა და კახეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა და სასტუმროებს გაეცნენ, სადაც ქორწილების ჩატარებაა შესაძლებელი.

"საქორწილო მიმართულება ერთ-ერთი ახალი, საინტერესო მიმართულებაა, რისთვისაც საქართველოს განიხილავენ როგორც ახალ დანიშნულების ადგილს. ეს არის ტურისტული პროდუქტი, როდესაც მოკლე ვადებში დიდი ოდენობით ჯგუფები ორგანიზებულად ჩამოდიან და გამოირჩევიან მაღალმხარჯველობით. ევროპაში ეს გამოცდილი პროდუქტია - არაერთმა ქვეყანამ პოზიციონირება გააკეთა, როგორც საქორწილო მიმართულებამ. ვფიქრობ, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ქვეყნის სტუმარმასპინძლობის სფეროს უნარი აქვს, რომ ეს ნიშა დაიმკვიდროს. სწორედ ამიტომ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ამ ახალ პროექტზე და ამ მიზნით საქართველოს ეწვივნენ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები - ქორწილების დამგეგმავები ინდოეთიდან,“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

  • "ყველაზე კარგი რაც საქართველოში ვნახე, ეს კულტურისა და კერძების მსგავსებაა ინდურ კულტურასთან“

"როგორც იცით, ინდოელები ძალიან ბევრს მოგზაურობენ, იქნება ეს ქორწილები, კორპორაციული ღონისძიებები თუ ინდივიდუალური მოგზაურობები, ისინი ყოველთვის ეძებენ სიახლეს. ყველაზე კარგი რაც საქართველოში ვნახე, ეს კულტურისა და კერძების მსგავსებაა ინდურ კულტურასთან, რაც დიდი პლუსია. ინდოეთის ქალაქებიდან პირდაპირი ფრენები საქართველოში ძალიან დიდი უპირატესობაა. ინდოელ მოგზაურებს არ უწევთ ლოდინი გადასხდომისას. საქართველო ერთ-ერთი ძალიან ხელმისაწვდომი ევროპული მიმართულებაა. ჩვენ მრავალ სასტუმროსა და ლოკაციას ვესტუმრეთ. ადამიანები ძალიან მეგობრულები არიან, რაც აუცილებელია ჩვენი ჯგუფებისთვის, ეს დაგვეხმარება მარტივად ჩამოვიყვანოთ ჩვენი კლიენტები საქართველოში“, - აცხადებს ინდური ღონისძიებების კომპანიის წარმომადგენელი იშა.

ინფორმაციისთვის, 2025 წლის იანვარ–ივნისის მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში 75 893 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 31.4%-იანი ზრდაა. ტოპ ქვეყნებს შორის ინდოეთი მე-6 ადგილზეა. ინდოეთიდან ვიზიტორების მთლიანი დანახარჯი, 6 თვის მონაცემებით, 110.5 მილიონი ლარია.

"რთველში მონაწილეობის მისაღებად ინდოეთიდან და სხვა აზიური ქვეყნებიდან არავინ ჩამოვა - მათ არც ქართული ღვინო აინტერესებთ და არც საკვები“ "რთველში მონაწილეობის მისაღებად ინდოეთიდან და სხვა აზიური ქვეყნებიდან არავინ ჩამოვა - მათ არც ქართული ღვინო აინტერესებთ და არც საკვები,“ - ასე გამოეხმაურა "ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე, რადიო "პალიტრასა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე“ საქართველოში ინდური ქორწილების გამართვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. გააგრძელეთ კითხვა