სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 29 წლის გიორგი კინოიანი, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
მას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. ოჯახი შიშობს, რომ რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში გიორგის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
გიორგი კინოიანს 2024 წლის 25 ოქტომბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ სასამართლომ დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მისი დაკავების მიზეზად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გიორგი კინოიანზე ძებნა გამოცხადებული იყო არა ინტერპოლით, არამედ DESETE-ს სისტემით, რომელსაც საქართველო არ ხმარობს, მას შემდეგ რაც დსთ-ის წევრი აღარ არის. ამიტომაც ქართველ მესაზღვრეებს მონაცემთა ბაზაში არ დაუფიქსირებიათ კინოიანზე რომ იყო გამოცხადებული ძებნა.
კშიშტოფ ბრეიზას ინიციატივის და სხვა ევროპარლამენტარების მხარდაჭერით, წერილი გაეგზავნა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, რათა დიპლომატიური ქმედებებით დაეცვათ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი.
"ეს არ არის უბრალოდ პირადი ტრაგედია, ეს არის სამართლის პრინციპების, კანონისა და ევროპული სოლიდარობის პირდაპირი გამოწვევა. სომხეთის კოოპერაცია რუსეთთან, აგრესიის მოწინააღმდეგეთა დაკავება, პირდაპირ უარყოფს ევროკავშირთან მის ახლო კავშირებს და პოტენციურ მომავალს... ევროკავშირის სანდოობა - ადამიანთა უფლებების, სამართლისა და უშიშარი ავტორიტარიზმთან მოწინააღმდეგე პიროვნებების დაცვა სასწორზეა“, - ვკითხულობთ წერილში.
ჩვენ შევეცადეთ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე კინოიანის ოჯახის წევრების მხრიდან გაგვერკვია დამატებითი ინფორმაცია დაკავებულის ამჟამინდელ მდგომარეობის შესახებ, მაგრამ გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით ამ თემაზე სიახლე არ აქვთ.
Ambebi.ge გააგრძელებს კინოიანის მდგომარეობის შესახებ თქვენს ინფორმირებას.
იხილეთ ასევე: