შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის, ძალადობის პროვოცირების და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს.
"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის, ძალადობის პროვოცირების და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის წარმოებაში, რაც თავის მხრივ კანონით დასჯადი ქმედებაა“,-აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.