ავტორი:

რას ნიშნავს ნატო-ს წევრი ქვეყნის თავზე რუსული დრონების გამოჩენა? - კრემლის სიგნალი პოლონეთსა და ევროპას...

რას ნიშნავს ნატო-ს წევრი ქვეყნის თავზე რუსული დრონების გამოჩენა? - კრემლის სიგნალი პოლონეთსა და ევროპას...

წუხელ უკრაინაში რუსეთი თავდასხმის დროს, რუსული დრონები პოლონეთის ცაზეც გამოჩნდნენ.

  • მომხდარის გამო ოთხი აეროპორტი, მათ შორის ვარშავაში მდებარე ყველაზე დიდი აეროპორტი, დაიხურა.

მედიის ინფორმაციით, დაიხურა ვარშავაში მდებარე ორი აეროპორტი - შოპენის აეროპორტი და ვარშავის მოდლინის აეროპორტი. ასევე ჟეშოვ-იასიონკას აეროპორტი - რომელიც უკრაინასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს - და ლუბლინის აეროპორტი.პოლონეთმა აეროპორტების დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა პოლონეთთან საზღვართან ახლოს მდებარე უკრაინის რეგიონებზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.

პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი თვლის, რომ პოლონეთში რუსეთის მიერ ევროპის საჰაერო სივრცის ყველაზე სერიოზული დარღვევა ვიხილეთ - არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ ეს წინასწარგანზრახული იყო და არა შემთხვევითი.

"ომის დაწყების შემდეგ, გუშინ ღამით პოლონეთში რუსეთის მიერ ევროპის საჰაერო სივრცის ყველაზე სერიოზული დარღვევა ვიხილეთ. არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ ეს წინასწარგანზრახული იყო და არა შემთხვევითი“, - წერს კაია კალასი X-ზე.

მისი თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსისკთან კონტაქტშია.

"ევროკავშირი პოლონეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს. რუსეთის ომი არ მთავრდება, არამედ მისი ესკალაცია ხდება. ჩვენ მოსკოვისთვის ამის საფასური უნდა გავზარდოთ, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ და ევროპის თავდაცვაში მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ“, - აცხადებს კალასი.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე მიიჩნევს, რომ რუსეთი ამით ცდილობს, დასავლეთის დაშინებასა და დომინაციის ჩვენებას.

"ის რაც პოლონეთის თავზე ხდება რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის გაგრძელებაა და დასავლეთის დაშინებას, დომინაციის ჩვენებასა და შეჩვევის მცდელობას ემსახურება - კრემლის სიგნალია, რომ თითქოს მას ევროპის არ ეშინია და ისინი უნდა შეეჩვიონ რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირებას. და კიდევ ერთი კონტექსტი: ბოლო ერთი კვირაა ბელარუსში რუსული სამხედრო წვრთნების საპასუხოდ პოლონეთში სამხედრო ძალების მობილიზაცია მიმდინარეობს. სამხედრო ძალების თავმოყრა სწორედ უკრაინისა და ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს ხდებოდა.

რუსულმა დრონმა პოლონეთში საცხოვრებელი სახლი დააზიანა

ანუ ეს იყო ღია სამხედრო მუქარა და ძალის ჩვენება პოლონეთის და შესაბამისად, რუსეთის წინააღმდეგ. ნატოს ქვეყნის თავზე რუსული სამხედრო დრონების გამოჩენა პირველი შემთხვევა არ იყო: 2023 წლის 29 დეკემბერი: რუსული ფრთოსანი რაკეტა, რომელიც ლვოვზე იყო დამიზნებული, პოლონეთის საჰაერო სივრცეში ღრმად, რამდენიმე კილომეტრის სიღრმეში შევიდა, რის შემდეგაც უკრაინისკენ შემობრუნდა. არადა ტრაექტორიას წინასწარ ადგენენ ხოლმე. მსგავსი რამ განმეორდა 2024 წლის მარტშიც.

2023 წელის 1 აგვისტოს ბელარუსმა დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე, როდესაც მისი ორი სამხედრო შვეულმფრენი შეფრინდა პოლონეთის ტერიტორიაზე. რუმინეთშიც დაფიქსირდა რუსული დრონების შეფრენა და აფეთქებები ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც ომის დაწყებიდან მესამე კვირაში "ორლანის" ტიპის დრონის ნამსხვრევები იპოვეს ქვეყნის შიგნით.

მსგავსი რამ განმეორდა 2023, 2024 და 2025 წლებშიც დუნაის სანაპიროს სიახლოვეს.2024 წელს ლატვიაში შეფრინდა რუსული დრონი და გაიგალავასთან ჩამოვარდა კიდეც.

2025 წლის ივლისში რუსულმა დრონმა ლიეტუვაშიც შეაღწია და დაცემის შემდეგ აფეთქდა კიდეც. შეფრენის ზონა კვლავ ბელარუსის საზღვარი იყო. ის სამხედრო ობიექტის სიახლოვეში ჩამოვარდა.

  • რუსეთის საპასუხო ქმედება ყოველთვის მხრების აჩეჩვა და უარყოფაა თან. არადა მისი, როგორც ყველა სხვა აგრესორის მიდგომა მარტივია: სადამდეც გაუშვებენ იქამდე განახორციელებს აგრესიას, ხოლო რაც მეტს დაუთმობენ მით მეტად გახდება თავდაჯერებული.

ძალის მეტი ჩვენება ევროპის მხრიდან და უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვისაკენ რეალური ნაბიჯები კიდევ უკეთესი იქნება (რაც რამდენად განხორციელდება ახლო მომავალში, სათუოა). როგორც მინიმუმ ლოგიკურია თუ თავდასხმა პოლონეთზე ევროპის რუსეთის წინააღმდეგ მობილიზაციას შეუწყობს ხელს" - წერს კობერიძე.

წაიკითხეთ ასევე: