ავტორი:

მიზანმიმართული თავდასხმა თუ მასშტაბური პროვოკაცია? - რას სთავაზობს მოსკოვი ვარშავას რუსული დრონების პოლონეთის სივრცეში შეჭრის შემდეგ

მიზანმიმართული თავდასხმა თუ მასშტაბური პროვოკაცია? - რას სთავაზობს მოსკოვი ვარშავას რუსული დრონების პოლონეთის სივრცეში შეჭრის შემდეგ

10 სექტემბრის ღამეს პოლონეთის საჰაერო სივრცეში 19 შეჭრა დაფიქსირდა, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

მისი თქმით, სამი ან ოთხი რუსული უპილოტო აპარატი, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ, ჩამოაგდეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები განადგურდა როგორც პოლონეთის, ასევე ნატოს ტერიტორიაზე,

ღამით პოლონეთმა დაიწყო ოპერაცია, რომელსაც ნატოს თვითმფრინავებიც შეუერთდნენ. ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლონური F-16 ტიპის გამანადგურებლები, ნიდერლანდების F-35-ები, იტალიური შორ მანძილზე რადიოლოკაციური გამოვლენის თვითმფრინავები AWACS და ნატოს მართვის ქვეშ მყოფი საწვავის შევსების თვითმფრინავები.

ოპერაციის მიმდინარეობისას შეჩერდა სამოქალაქო ავიარეისები ვარშავაში, ასევე და პოლონეთის კიდევ ორ აეროპორტში.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს ავიაცია მოკავშირე ქვეყნის საჰაერო სივრცეში პოტენციურ საფრთხეებს შეეჯახა, - განაცხადა ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ევროპაში სარდალმა, ალექსუს გრინკევიჩმა.

პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ დრონების შეჭრა "პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევად“ და "აგრესიის აქტად“ შეაფასა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ღამით უკრაინას შეუტია 415 უპილოტო აპარატითა და 40-ზე მეტი რაკეტით.

Reuters-ის წყაროს ცნობით, ნატოში არ განიხილავენ რუსული დრონების შეჭრას პოლონეთის საჰაერო სივრცეში, როგორც თავდასხმას. თავად ტუსკმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო "მასშტაბური პროვოკაცია“ რუსეთის მხრიდან.

"ბრალდებებს უსაფუძვლოდ მივიჩნევთ. არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომ ეს დრონები რუსული წარმოშობისაა", - განაცხადა პოლონეთში რუსეთის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი ორდაშმა.

მოსკოვი პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების გამართვას სთავაზობს დრონების შეჭრის შემდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტროს შემდეგ, კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ ოთხშაბათს ღამით უკრაინაზე საჰაერო თავდასხმის დროს უპილოტო აპარატები პოლონეთის ცაში შევიდნენ.

"მიუხედავად ვარშავიდან მოსული აშკარა უსაფუძვლო ინსინუაციებისა, იმისათვის, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს სრულად განემარტოს, რა მოხდა და თავიდან იქნეს აცილებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო მზად არის აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გამართოს პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც, თავის მხრივ, მზად არის ჩაერთოს ამ პროცესში,“ - ციტირებს უწყებას ТАСС - ი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მზადაა "კონსულტაციების“ გამართვისთვის პოლონეთთან, ამტკიცებს რა, რომ "პოლონეთის ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურება დაგეგმილი არ ყოფილა “.

პოლონეთმა ნატოს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმაც განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთს საჰაერო სივრცის ასეთი მასიური დარღვევა აქამდე არ ჰქონია. საგარეო უწყების მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს.

“პოლონეთის საჰაერო სივრცე 19-ჯერ დაირღვა, და რუსულმა დრონებმა პოლონეთს გადაუფრინეს და ჩამოვაგდეთ. ეჭვიც კი არ გვაქვს, რომ ეს შემთხვევითი არ იყო…

საქმე გვაქვს უპრეცედენტო თავდასხმასთან არა მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე, არამედ ნატო-სა და ევროკავშირის ტერიტორიაზე. შესაბამისად, პოლონეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 სტატიის ამოქმედება მოითხოვა…

მინდა, აღვნიშნო, რომ არც პოლონეთი და არც ნატო არ შეშინდებიან. რაც პოლონელებმა გასულ ღამეს განიცადეს, ჩვენი უკრაინელი მეზობლები თითქმის ყოველ ღამე განიცდიან უფრო დიდ, უფრო ტრაგიკულ მასშტაბში…

პოლონელები და პოლონეთის სახელმწიფო მოემზადა ამ კრიზისული დროისთვის, და დღეს შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევისთვის მომზადებულია”, - განაცხადა სიკორსკიმ.

იხილეთ ასევე: