ავტორი:

ახალი ნაგებობები, დამცავი ობიექტები და .... პეინტბოლის მოედნები? რა ჩანს რუსული “შაჰიდების“ მთავარი საწარმოს სატელიტურ ფოტოებზე

ახალი ნაგებობები, დამცავი ობიექტები და .... პეინტბოლის მოედნები?  რა ჩანს რუსული “შაჰიდების“ მთავარი საწარმოს სატელიტურ ფოტოებზე

თათრეთში მდებარე ელაბუგის ქარხანა ის სამხედრო ობიექტია, სადაც რუსეთი ირანული "შაჰედ-136“-ის იმ მოდიფიკაციებს ამზადებს, რომლებსაც ოკუპანტი უკრაინაზე ღამის თავდასხმების დროს იყენებს. უკვე დიდი ხანია საწარმო რუსეთის სამხედრო სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილად გადაიქცა და გახსნიდან ორი წლის შემდეგ საგრძნობლად გაფართოვდა.

ამერიკული კომპანია Maxar Technologies-ის მიერ აგვისტოს ბოლოს გადაღებულმა სატელიტურმა ფოტოებმა საინტერესო დეტალები გამოავლინა, ელაბუგაში ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული პატარა შენობები აშენდა, რომლებიც, სავარაუდოდ, პერსონალისთვის არის განკუთვნილი. ისინი 9 ივნისის კადრებში არ ჩანს, მაგრამ უკვე ასახულია 12 ივლისის ფოტოებზე, გარდა ამისა 12 ივლისის კადრებში ასევე ჩანს, ქარხნის გარშემო განლაგებული სამი Pantsir-ის ტიპის საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რაც სავარაუდოდ, საწარმოზე დრონების იერიშის საფრთხით არის გამოწვეული, უკრაინამ უკვე რამდენჯერმე განახორციელა შეტევა ქარხანაზე, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1000 კილომეტრით არის დაშორებული.

სატელიტურმა კადრებმა კიდევ ერთი უცნაური ფაქტი, ქარხნის ტერიტორიაზე განლაგებული პეინტბოლის მოედნები გამოავლინა, მოედნები როგორც ჩანს ელაბუგის კოლეჯთან არის დაკავშირებული, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს დრონების წარმოებაში. კვლევებმა აჩვენა, რომს სკოლა სამხედრო-პატრიოტული აღზრდის პროგრამის ფარგლებში პეინტბოლის ტურნირებს ატარებდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ელაბუგაში არა მხოლოდ სასიკვდილო იარაღს ამზადებს, არამედ ასევე სოციალიზაციას უკეთებს და ავარჯიშებს ახალ თაობებს, თავისი სამხედრო მანქანის მხარდასაჭერად.

როგორც დიდი ბრიტანეთის Centre for Information Resilience-ის მკვლევარმა კაილ გლენმა განაცხადა, ქარხნის მასშტაბური გაფართოება იმ დრონების რაოდენობის მკვეთრ ზრდას ემთხვევა, რომლებსაც რუსეთი ბოლო წელს უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

ელაბუგაში მიმდინარე სამუშაოები ხაზს უსვამს რუსეთის მზარდ ინვესტიციას კამიკაძე დრონების წარმოებაში. მას უკვე შეუძლია თვეში ათასობით ასეთი იარაღი დაამზადოს და იერიშის დროს ერთდროულად ასობით “შაჰედის“ ტიპის დრონი გამოიყენოს. აღნიშნულის დემონსტრირება გასულ შაბათ-კვირას კიევზე მიტანილმა იერიშისას ვნახეთ, სადაც 800-ზე მეტ შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო და სატყუარა დრონი მონაწილეობდა.

წყარო