რუსეთის ყველაზე ცნობილმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ, სამშობლოს დატოვების შემდეგ, ჟურნალისტ ეკატერინა გორდეევას პირველი, ვრცელი ინტერვიუ მისცა, მთავარი თემა იყო ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან გამგზავრება და მომღერლის დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების მიმართ. თუმცა , ინტერვიუს განმავლობაში, რომელიც 3,5 საათზე მეტხანს გრძელდებოდა, პუგაჩოვამ ასევე ისაუბრა ახლობლებზე, სხვადასხვა დროის პოლიტიკოსებზე, ქმრებზე და მათთან ურთიერთობებზე, საკუთარ სიმღერებზე და იმაზე, თუ რისი დატოვებაც სურდა იმ ადამიანებისთვის, ვინც მთელი ცხოვრება მას ან აღმერთებდნენ, ან პირიქით...

ასეთი მოცულობის ინტერვიუ მომღერალმა ბოლოს მხოლოდ 2017 წელს მსახიობ ოლეგ მენშიკოვს მისცა (მანამდე კი 2012 წელს ვლადიმირ პოზნერს) და იმჟამად საუბარი ძირითადად სცენასა და მის კულისებზე მიმდინარეობდა.
გორდეევასთან საუბრის ტონი უკვე სრულიად სხვა იყო. ალა პუგაჩოვამ და მისმა მეუღლე მაქსიმ გალკინიმა რუსეთი უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ დატოვეს (პუგაჩოვამ ხელისუფლებას თავადაც სთხოვა “უცხო ქვეყნის აგენტად“ ეცნოთ , ქმრის მსგავსად).
2024 წლის ივლისში, უკრაინაში, ბავშვთა საავადმყოფო “ოხმატდეტზე“ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ალამ დაწერა. “ღმერთი მოითმენს, მაგრამ საზღვარი ყველაფერს აქვს“.
“დოკუმენტი მაინც დარჩეს ხალხისთვის“, - ასე განმარტა მომღერალმა ამ საუბრის მიზანი.
პუგაჩოვას თქმით, რუსეთიდან წასვლის გადაწყვეტილება თანდათანობით მოვიდა. მას თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო ესაუბრა და ურჩია არ ენერვიულა. პუგაჩოვა ამბობს, რომ მაშინ დაუჯერა კიდევაც, მაგრამ ზუსტად ორი დღის შემდეგ გალკინი “უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს.
სკოლაში მათ შვილებს თანაკლასელები უკვე "ჯაშუშების შვილებად“ მოიხსენიებდნენ.
“ფეხები უკვე მიკანკალებს, მაგრამ ხელები ჯერ არ მიცახცახებს“, აცხადებს მომღერალი საკუთარ თავზე და აშკარად მხოლოდ ასაკს ან ჯანმრთელობას არ გულისხმობს.
“არის ისეთი ცნება, როგორიცაა სინდისია - ის დიდებაზე, ფუფუნებაზე, და ყველაფერზე ძვირფასია, რაც კი ამ სამყაროში არსებობს“, - ამბობს ის და ამატებს: “სამშობლოსთვის იმის თქმა, რომ ის მართალი არ არის, აი ეს არის პატრიოტიზმი".
ინტერვიუს დიდი ნაწილი მაინც ალა პუგაჩოვას მოგონებებს შეეხებოდა - ისაუბრა ესტრადაზე და საკუთარ ცხოვრებაზე, კოლეგებზეც.
“ღმერთო, როგორ მეზიზღება, როცა “პრიმადონას“ მეძახიან. "პრიმადონა“ - ეს სიმღერის სახელია... მე კი ქალი ვარ, რომელიც მღერის", - ამბობს ის.

მომღერალმა გაიხსენა, რომ თავის დროზე ვლადიმირ პუტინის ფანი იყო და მას მხარს უჭერდა:
“ის წარმოუდგენლად სწორ სიტყვებს ამბობდა. უკრაინაზეც კი. ყველაფერს, რასაც მე ვფიქრობდი, ის ამბობდა, თუმცა “კურსკის“ წყალქვეშა ნავთან დაკავშირებული ტრაგედიის შემდეგ ეს დამოკიდებულება შეიცვალა".
ინტერვიუს ბოლოს პუგაჩოვამ, ცრემლმომდგარი თვალებით საკუთარ თაყვანისმცემლებს მიმართა , - მადლობა გადაუხადა მათ ბედნიერებისთვის, სიყვარულისთვის, იმისთვის, რომ ახლაც მის გვერდით არიან.
“ისწავლეთ, რომ გქონდეთ სწრაფვა კარგისკენ, კეთილისკენ, ლამაზისკენ არ უნდა დაანგრიოთ არაფერი, უნდა შექმნათ. უნდა ილოცოთ მშვიდობაზე და არა ომით ტკბობაზე“, - დაამატა ალამ , თუმცა საუბარი მაინც ირონიით დაასრულა და ის საბჭოთა ანეკდოტი გაიხსენა როდესაც ადამიანებს წითელ მოედანზე ჩამოსახრჩობად უხმეს, ერთ-ერთმა, რომ დასვა შეკითხვა - თოკი თან უნდა წამოეღოთ, თუ ადგილზე დაურიგებდნენ...