ამერიკელი პოლიტიკური აქტივისტი და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ჩარლი კირკი მოკლეს მისივე საჯარო გამოსვლისას - მას იუტას შტატის Utah Valley University-ს კამპუსში ესროლეს. კირკი ყელში დაიჭრა და კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ის გარდაიცვალა.
ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ში დაწერა, რომ ქვეყანაში დროშები ოთხი დღით დაეშვება:
"დიდი და ლეგენდარული ჩარლი კირკი აღარ არის ცოცხალი. არავინ ესმოდა ამერიკელ ახალგაზრდობას ისე, როგორც ჩარლის. ის ყველას უყვარდა, განსაკუთრებით მე. მელანია და მე ვუსამძიმრებთ მის მეუღლეს, ერიკას და ოჯახს. ჩარლი, ჩვენ გვიყვარხარ!“

31 წლის ჩარლი კირკი ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი და პოდკასტერი იყო, რომელსაც სხვადასხვა სოციალური ქსელში მილიონებით მიმდევარი ჰყავდა. ის 2012 წელს გახდა ახალგაზრდული მოძრაობის Turning Point USA-ს თანადამფუძნებელი, რომლის მიზანია კონსერვატიული ღირებულებების გავრცელება ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. TPUSA-ს დღეს 850-ზე მეტ სასწავლებელში აქვს სექციები.
კირკი ფართო აუდიტორიის წინაშე, ღია ცის ქვეშ ატარებდა პრეზენტაციას, იჯდა შემაღლებულ სცენაზე, ტენტის ქვეშ, მიკროფონით ხელში და საუბრობდა.

მას ესროლეს 100-200 მეტრის მანძილიდან.
თავდაპირველად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით გაარკვიეს, რომ დაკავებული მამაკაცი არაფერ შუაში იყო და გაათავისუფლეს. მოგვიანებით იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მკვლელი ესროლა შენობის სახურავიდან და მისი ძებნა გრძელდება. ტრამპმა თავდასხმის შემდეგ დაწერა:
"ყველას უნდა ვილოცოთ ჩარლი კირკისთვის. შესანიშნავი ადამიანი იყო ყველანაირად. ღმერთო, აკურთხე იგი“.
ცნობილია, რომ კირკმა უდიდესი როლი ითამაშა ტრამპის მეორე ვადით გამარჯვებაში. სწორედ მისი დამსახურებით ძალიან ბევრი ახალგაზრდა აღმოჩნდა რესპუბლიკელთა ბანაკში და ტრამპს დაუჭირა არჩევნებზე მხარი.
იუტას გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა (რესპუბლიკელი) თქვა, რომ ეს "პოლიტიკური მკვლელობაა“.
დემოკრატების ლიდერებმაც დაგმეს მომხდარი.
ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა X-ში (ყოფილი Twitter) დაწერა:
"ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ჰქონდეს ადგილი მსგავს ძალადობას“
კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა მკვლელობა "საშინელ და ამაზრზენ დანაშაულად“ მოიხსენია.
ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თქვა, რომ "ამერიკაში პოლიტიკურ მოტივებზე ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“.
ყოფილი კონგრესმენი გაბრიელ გიფორდსი, რომელიც თავადაც გადაურჩა თავდასხმას, განაცხადა: "დემოკრატიულ საზოგადოებებში პოლიტიკური უთანხმოებები ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს არასდროს უნდა გადაწყდეს ძალადობით“.
იხილეთ ასევე: