ავტორი:

რა ელის MEGOBARI აქტს: რა ითქვა ჰელსინკის კომისიაზე? - "როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი “ჩაკვლა"

რა ელის MEGOBARI აქტს: რა ითქვა ჰელსინკის კომისიაზე? - "როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი “ჩაკვლა"

10 სექტემბერს შეერთებული შტატების "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“, იგივე "ჰელსინკის კომისიაში“ გაიმართა საქართველოს შესახებ მოსმენა. მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა მწვავედ გააკრიტიკეს "ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა."პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ - ამ სათაურით გამართულ სხდომაზე კონგრესმენებმა მოუსმინეს მოწმეებს:

  • საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს;
  • თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს;
  • "ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროს მკვლევარ ლუკ კოფის.

მოსმენაზე ისაუბრეს "მეგობარი აქტის“ მიღების საჭიროებაზე, "ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაახლოებაზე რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან და თქვეს, რომ ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას.

ზურაბიშვილმა და ხიდაშელმა ასევე გაამახვილეს ყურადღება უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად დაკავებულ ადამიანებზე, მათ შორის "ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე.

“ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა, ვინაიდან, ის არ აღმოჩნდა, რასაც აცხადებდა", - განაცხადა "დემოკრატმა“ კონგრესმენმა სტივ კოენმა მოსმენაზე.

მან ასევე ისაუბრა "MEGOBARI აქტზე“, კონგრესმენის თქმით, გაუგონარია, რომ მისი მიღება ვერ მოხდა, რადგან აქტს დიდი მხარდაჭერა აქვს.

მან გაიხსენა, რომ საქართველოში იყო ხელისუფლების ცვლილებისას, 2012 წელს, როდესაც ნახა, როგორი ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილი ქართველები, რომ ხმის მიცემა შეეძლოთ დემოკრატიისათვის, ახალი ხელისუფლებისათვის.

"სასტუმროში ვნახე ბატონი ივანიშვილი. ადამიანებს გარეგნობის მიხედვით არ უნდა განვსჯიდეთ. მაგრამ, უნდა ვაღიარო, როდესაც პირველად დავინახე, ყველა ეს მახასიათებელი ჰქონდა, რომლებიც მოგვიანებით ილონ მასკსაც შევამჩნიე, - მაშინ ილონ მასკზე ბევრი არაფერი ვიცოდი“, - თქვა კოენმა და ეს თვისებები ჩამოთვალა:

"მდიდარი, ქედმაღალი, ელიტისტი, დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე. მე ვიფიქრე, ეს არის კარგი ტიპი-მეთქი? მაგრამ მან დიდი უპირატესობით მოიგო არჩევნები… და ეს "ქართული ოცნება“ "ქართულ კოშმარად“ იქცა“, - განაცხადა კონგრესმენმა.

მისივე თქმით, რუსეთმა საქართველოს ნაწილი დაიპყრო და კვლავ გააკეთებს ამას, თუ შესაძლებლობა ექნება.

"თან ახლა მოკავშირე ჰყავთ იქ, ბატონი ივანიშვილის სახით, ასე რომ, უფრო მარტივია დაპყრობა შიგნიდან".

სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ MEGOBARI აქტს, რაღაც პრობლემები იყო...

მაგრამ ბატონი [ჯო] უილსონი მართალია, იმდენად დიდი უმრავლესობაა, დემოკრატები და რესპუბლიკელები, ორპარტიულად უჭერენ მხარს კანონპროექტს და ეს თითქმის გაუგონარია, დიდი მხარდაჭერაა. და იქ, როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი “ჩაკვლა”, და გასაოცარია, რომ ეს მოხდა, რატომ მოხდა, არ მესმის”, - განაცხადა სტივ კოენმა.

ანუ კოენის განცხადებიდან გამომდინარე, შეიძლება სენატი MEGOBARI აქტის განხილვას აღარც დაუბრუნდეს.

ეს განცხადება, ფაქტობრივად, გაგრძელებაა გასულ კვირას The Hill- ში გამოქვეყნებული სტატიისა, რომლის თანახმადაც, აქტის მიღებას რესპუბლიკელი სენატორი, მარკუეინ მალინი აფერხებდა.

გამოცემა აშშ-ის კონგრესის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ გასული თვის ბოლოს, სენატორმა მარკუეინ მალინმა ("რესპუბლიკური პარტია“) მოახერხა და სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჯონ ტუნი დაარწმუნა, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პაკეტიდან "MEGOBARI აქტი“ ამოეღო. ასევე, მალინმა კანონპროექტის მიღების დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნა წლის დასაწყისშიც დაბლოკა.

The Hill-ის ცნობით, კანონპროექტს სენატორი რენდ პოლიც ("რესპუბლიკური პარტია“) ეწინააღმდეგება.

"ამ კანონპროექტს ძალიან ბევრი სენატორი უჭერს მხარს. NDAA-ში თითქმის შეტანილი იყო, წარმომადგენელთა პალატამაც მიიღო და კომიტეტმაც დაამტკიცა. ასე რომ, ის ფაქტი, რომ ერთ სენატორს შეუძლია მისი დაბლოკვა, ნამდვილად იმედგამაცრუებელია“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

წაიკითხეთ სტატია: