უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, უკრაინულმა საბრძოლო უპილოტოებმა ნოვოროსიისკთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემს დაარტყეს.
უწყების თანახმად, სპეცრაზმელებმა ოპერაცია 10 სექტემბერს ჩაატარეს. დაზვერვის ინფორმაციით, შეტევის დროს გემი ახორციელებდა რადიოელექტრონულ დაზვერვას და ნოვოროსიისკის უბესთან მისასვლელების პატრულირებას.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობითვე, ზუსტი დარტყმა იყო გემის იმ ნაწილზე, სადაც ნავიგაციისა და კავშირგაბმულობის დანადგარებია განთავსებული, აპარატურა განადგურებულია და მწყობრიდან გამოსულ გემს ძვირადღირებული რემონტი დასჭირდება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, მწყობრიდან გამოსული გემი ერთ-ერთია რუსეთის მრავალფუნქციური ხომალდების პროექტ MPSV07-ის ოთხი გემიდან და მისი ღირებულება დაახლოებით 60 მილიონი აშშ დოლარია.
"2025 წლის 10 სექტემბერს, შავი ზღვის აკვატორიაში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმმა აღმოაჩინა და წარმატებით გაანადგურა აგრესორი სახელმწიფოს - რუსეთის კიდევ ერთი ძვირადღირებული სამხედრო მიზანი: შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში არსებული მრავალფუნქციური გემის (MPSV07 პროექტის) ტიპის ხომალდი.
MPSV07 პროექტის გემი აღჭურვილია მყვინთავთა კომპლექსებით, ტელემართული აპარატებით, გვერდითი ხედვის ჰიდროლოკატორითა და რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებებით. გამოიყენება ზღვის ფსკერის შესასწავლად. ხომალდის სიმძლავრე შეადგენს დაახლოებით 4 მგვტ-ს.
ზუსტი დარტყმა უკრაინული წარმოების საბრძოლო დრონმა მიაყენა გემის მართვის ხიდს, სადაც განთავსებული იყო ნავიგაციისა და კავშირის აპარატურა.

დარტყმის შედეგად განადგურდა გემის რადიოელექტრონული დაზვერვის სისტემები, ხოლო თვითონ ხომალდი გამოვიდა მწყობრიდან და საჭიროებს ძვირადღირებულ შეკეთებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.