ავტორი:

ჩარლი კირკს მაშინ ესროლეს, როდესაც ის მასობრივ მკვლელობებზე საუბრობდა - ვინ იყო არაერთი შეთქმულების თეორიის ავტორი, კონსერვატორი აქტივისტი?

ჩარლი კირკს მაშინ ესროლეს, როდესაც ის მასობრივ მკვლელობებზე საუბრობდა - ვინ იყო არაერთი შეთქმულების თეორიის ავტორი, კონსერვატორი აქტივისტი?

გუშინ, იუტას შტატის ველის უნივერსიტეტში მომხდარმა ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა.

კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი იუტას შტატში, ველის უნივერსიტეტში (UVU), თეთრ კარავში იჯდა და დაახლოებით 3000 ადამიანს მიმართავდა, როდესაც სნაიპერმა ესროლა. ის ყელის არეში დაიჭრა. კირკი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კირკი გარდაიცვალა.

სროლის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ კირკის ცოლი და ოჯახი თუმცა, მათ საფრთხე არ შეჰქმნიათ. მედიის ინფორმაციით, აქტივისტს თან ახლდა დაცვის 6 წევრი, თუმცა მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, რომ მათ ტრაგედიის თავიდან არიდება ვერ შეძლეს.

  • ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ გლოვის ნიშნად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დროშები ნახევრად დაშვებული იქნება ოთხი დღის განმავლობაში.

"დიდი და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა. არავის ესმოდა და არავის აინტერესებდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდობის მასზე უკეთ. ის ყველას უყვარდა, განსაკუთრებით, მე და ახლა ის წავიდა.

მელანია და მე სამძიმარს ვუცხადებთ მის მშვენიერ მეუღლეს ერიკას და ოჯახს. ჩარლი, გვიყვარხარ!“ - წერს ტრამპი.

  • როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა კირკს 100-დან 200 მეტრამდე მანძილიდან ესროლეს. სნაიპერის ლოკაცია კირკის სცენასთან ახლომდებარე შენობის სახურავი იყო.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ და მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

იუტას გუბერნატორის, რესპუბლიკელი სპენსერ კოქსის განცხადებით, მკვლელობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

“ეს ჩვენი შტატისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი და ტრაგიკული დღეა. მინდა, ნათლად განვაცხადო: ეს პოლიტიკური მკვლელობაა“, - განუცხადა კოქსმა ჟურნალისტებს.

  • ვინ იყო ჩარლი კირკი?

ჩარლზ ჯეიმს კირკი ილინოისის შტატში, ჩიკაგოს გარეუბანში 1993 წელს დაიბადა.

31 წლის ჩარლი კირკი ტრამპის ცნობილი მხარდამჭერი და პოდკასტერი იყო, რომელმაც 2012 წელს, 18 წლის ასაკში სტუდენტური ორგანიზაცია Turning Point USA (TPUSA) დააარსა, რომლის მიზანი სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში კონსერვატიული ღირებულებების პოპულარიზაციაა.

დღეს TPUSA-ს ფილიალები უკვე 850-ზე მეტ კოლეჯში აქვს.

კირკი იყო ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატიული ფიგურა და დონალდ ტრამპის თანამოაზრე. ის წერდა პოდკასტებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით, კოლეჯების კამპუსებში, ღია ცის ქვეშ პოლიტიკურ დებატებს ატარებდა.

TPUSA-მ გასულ წელს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრამპის ამომრჩევლების მობილიზებაში. ჩარლი კირკი იყო პირი, რომელიც ტრამპს არიზონაში ათიათასობით ახალი ამომრჩევლის მოზიდვაში პირადად დაეხმარა.

2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპი კირკს ხშირად აქებდა.

კირკი პრეზიდენტის უფროსი ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის ახლო მეგობარი და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის მხარდამჭერი იყო.

The New York Times-ის ცნობით, მას არასდროს უცდია ადმინისტრაციაში თანამდებობის დაკავება. მისი მიზანი იყო რესპუბლიკური პარტიის და ამერიკული პოლიტიკის რეფორმირება.

  • კამპუსში დებატების გარდა, ჩარლი კირკი თავის აზრებს სოციალურ მედიაში მილიონობით მიმდევარს უზიარებდა და რესპუბლიკური ღონისძიებების ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდა.

მას X-ზე 5.2 მილიონი, TikTok-ზე კი 7.3 მილიონი გამომწერი ჰყავდა. ხოლო "ჩარლი კირკის შოუ“, პოდკასტი და რადიო პროგრამა ყოველთვიურად 500 000-ზე მეტ მსმენელს იზიდავდა. ის რეგულარულად გამოდიოდა Fox News-ზე, მათ შორის ბოლოს "Fox & Friends“-ის მოწვეული თანაწამყვანი იყო.

გარდა ამისა, მოკლული იყო მეინსტრიმული მედიის მწვავე კრიტიკოსი და მონაწილეობდა კულტურულ ომებში რასის, სქესისა და იმიგრაციის საკითხებზე. მისმა პროვოკაციულმა სტილმა ჩარლის ერთგული მხარდაჭერების მრავალრიცხოვან არმიასთან ერთად, სასტიკი მოწინააღმდეგეებიც მრავლად გაუჩინა.

  • ხმამაღალი განცხადებები

კონსერვატორი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც ოდესღაც ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის მომხრე იყო, ბოლო წლებში რელიგიურ თემებს იყენებდა და ხშირად, აპოკალიფსური ტერმინებით საუბრობდა პოლიტიკაზე.

2024 წელს, ჯორჯიაში ტრამპთან ერთად საარჩევნო კამპანიის დროს, კირკმა იმჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან დაპირისპირებას "სულიერი ბრძოლა“ უწოდა და თქვა, რომ არჩევნები "ცივილიზაციის განმსაზღვრელი“ იყო.

"ეს მომდევნო 12 დღე განსაზღვრავს ჩვენი რესპუბლიკის მომავალს. ბნელმა ძალებმა ყველაფერი სცადეს, რაც კი შეეძლოთ“, - თქვა მან 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს გამართულ მიტინგზე.

  • რას აცხადებდა უკრაინის შესახებ?

ჩარლი აქტიურად ავრცელებდა პრორუსულ ნარატივებს, კერძოდ, ის თავის გამოსვლებში აცხადებდა, რომ “ზელენსკი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი“. ასევე გამოდიოდა უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის მოწოდებებით, როგორც ქვეყნისთვის, რომელსაც "რუკაზე ცოტა თუ იპოვის“.

“რატომ ვაძლევთ იარაღსა და ფულს ქვეყანას, რომლის პოვნაც თქვენგან ძალიან ცოტას შეუძლია რუკაზე?..

დონბასი ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაა“, - აცხადებდა აქტივისტი თავის გამოსვლებში.

  • ჩარლი მკაცრად აკრიტიკებდა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაწეულ ნებისმიერ სამხედრო დახმარებას.

"ტრამპმა იცის სიმართლე ზელენსკის შესახებ. ის არის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მარიონეტი, რომელმაც თავისი ხალხი უაზრო ხოცვა-ჟლეტაში გაგზავნა“, - დაწერა კირკმა Twitter-ზე (X) თებერვალში.

აქტივისტმა არაერთხელ დაადანაშაულა უკრაინის პრეზიდენტი იმაში, რომ რუსეთთან ომის დასრულება არ სურდა.

კირკი ამტკიცებდა, რომ “უკრაინაში მოქმედებს ბიოლაბორატორიები, რომლებიც აშშ-ის მიერ ფინანსდება”.

  • სროლამდე რამდენიმე წამით ადრე...

სროლამდე რამდენიმე წამით ადრე, კირკი იარაღით ძალადობასთან დაკავშირებულ კითხვას პასუხობდა.

ის თავისსავე გაფორმებულ მაგიდასთან, სახელწოდებით - “დამიმტკიცე, რომ ვცდები“, იჯდა, როდესაც აუდიტორიის წევრმა მას მასობრივი სროლების შესახებ ჰკითხა.

CNN-ის ცნობით, აუდიტორიის ერთ-ერთმა წევრმა ჰკითხა კირკს, - “იცით, რამდენი ტრანსგენდერი ამერიკელი მონაწილეობდა მასობრივ სროლებში ბოლო 10 წლის განმავლობაში?“ -

"ძალიან ბევრი“, - უპასუხა კირკმა.

შემდეგ კითხვის ავტორმა განმარტა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ხუთი ტრანსგენდერი ამერიკელი მონაწილეობდა მასობრივ სროლაში.

შემდეგ ჩარლის ჰკითხეს, იცოდა თუ არა, “რამდენი მასობრივი სროლა მოხდა ამერიკაში ბოლო 10 წლის განმავლობაში?“

"ითვლით თუ არა ბანდების ძალადობას?“ - უპასუხა კირკმა.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ამ დიალოგიდან რამდენიმე წამში ხდება სროლა. კირკს ტყვია ყელის არეში მოხვდა, რის შემდეგაც ხალხი პანიკაში ჩავარდა და სრულ ქაოსში გაქცევას ცდილობდნენ.

თავის გამოსვლებში ჩარლი კირკი ტრანსგენდერებს და LGBTQ+ ადამიანებს მოუწოდებდა უარი ეთქვათ ჰორმონოთერაპიებზე და საკუთარი თავი ისეთი მიეღოთ, როგორადაც დაიბადნენ.

“მოგიწოდებ, რომ უარი თქვა შენს სხეულში ამ წამლების შეშვებაზე და მუშაობა იმაზე დაიწყო, თუ რა ხდება შენს ტვინში. დარჩი ისეთი როგორიც დაიბადე და შეიყვარე შენი თავი", - განუცხადა ჩარლიმ ერთ-ერთ გამოსვლაში ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც მისი ისტორია უამბო.

31 წლის კირკს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

პრეზიდენტ ტრამპის გარდა, კონსერვატორი აქტივისტის მკვლელობას გლოვობენ აშშ-ის და მსოფლიოს ლიდერები. ცნობილია, რომ ჩარლი კირკი ისრაელის გულმხურვალე მხარდამჭერი იყო და ქვეყნის პოლიტიკას ყველა პლატფორმაზე გულშემატკივრობდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კირკს “ისრაელის ლომგული მეგობარი“ უწოდა და თქვა, რომ ორი კვირის წინ Turning Point USA-ს თანადამფუძნებელს ესაუბრა კიდეც, ის ისრაელში მიიწვია.

"სამწუხაროდ, ეს ვიზიტი არ შედგა“, - დაწერა ნეთანიაჰუმ X-ზე და დასძინა: "ჩვენ წარმოუდგენელი ადამიანი დავკარგეთ“.

ნეთანიაჰუს ვაჟმა, იაირმა კი X-ზე დაწერა, რომ რამდენიმე წლის წინ იერუსალიმში კირკთან და მის მეუღლესთან ერთად ისადილა.

"ჩარლი, რომელსაც შევხვდი, ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ თავის ასაკზე მეტად ბრძენი. მე შევხვდი ადამიანს, რომელსაც ღრმად ესმოდა ისტორია და გეოპოლიტიკა, ადამიანს - რომელსაც ესმოდა ისრაელის მნიშვნელობა ამერიკისთვის, ქრისტიანებისთვის და ქრისტიანული სარწმუნოებისთვის“, - წერს იაირი და აქვეყნებს კირკთან ერთად გადაღებულ ფოტოს, სადაც ის ისრაელის დროშით ხელშია გამოსახული.

იხილეთ ასევე: