ავტორი:

"ამ ტრაგედიის ქართულ კონტექსტში გადმოტანისა და პოლიტიზების მცდელობა, გულისამრევია..." - გიორგი მელაშვილი კირკის მკვლელობაზე

"ამ ტრაგედიის ქართულ კონტექსტში გადმოტანისა და პოლიტიზების მცდელობა, გულისამრევია..." - გიორგი მელაშვილი კირკის მკვლელობაზე

ამერიკელი პოლიტიკური აქტივისტი და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ჩარლი კირკი მოკლეს მისივე საჯარო გამოსვლისას - მას იუტას შტატის Utah Valley University-ს კამპუსში ესროლეს. კირკი ყელში დაიჭრა და კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

  • კირკი ფართო აუდიტორიის წინაშე, ღია ცის ქვეშ ატარებდა პრეზენტაციას, იჯდა შემაღლებულ სცენაზე, ტენტის ქვეშ, მიკროფონით ხელში და საუბრობდა. მას ესროლეს 100-200 მეტრის მანძილიდან.

თავდაპირველად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით გაარკვიეს, რომ დაკავებული მამაკაცი არაფერ შუაში იყო და გაათავისუფლეს. მოგვიანებით იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მკვლელი ესროლა შენობის სახურავიდან და მისი ძებნა გრძელდება.

მომხდარს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. ერთ-ერთი პირველი განცხადება პოლიტიკოსის მკვლელობაზე მიხეილ ყაველაშვილმა გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ ჩარლი კირკი არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მსხვერპლი.

მისი თქმით, „შემზარავია ჩარლი კირკის მკვლელობა, რომელიც ცალსახაა, უკავშირდება მის კონსერვატიულ შეხედულებებს, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკას და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას“.

ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი თვლის, რომ ტრაგედიის ქართულ კონტექსტში გადმოტანისა და პოლიტიზების მცდელობა გულისამრევი და ამაზრზენია:

"ჩარლი კირკის მკვლელობა არის ტრაგედია. დემოკრატიულ წყობილებაში პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობა არის დაუშვებელი და მიუღებელი. კირკის არაერთი პოდკასტი მინახავს - ძალიან ბევრ საკითხში გვქონდა აცდენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი იყო, რომელმაც შეძლო ამერიკელ ახალგაზრდებთან კავშირის დამყარება.

ამ ტრაგედიის ქართულ კონტექსტში გადმოტანისა და პოლიტიზების მცდელობა გულისამრევი და ამაზრზენია - პოლიტიკური ძალა, რომლის ზონდერები და ტიტუშკები სულ რაღაც გუშინ უსწორდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს, რომელიც გამორჩეულია ზიზღის, დემონიზებისა და სიძულვილის ენის დანერგვით, რომლის მხარდამჭერები უტიფრად იგინებიან და ილანძღებიან, დღეს ლაპარაკობს "ძალადობის წახალისების მიუღებლობაზე". სირცხვილია" - წერს მელაშვილი სოციალურ ქსელში.

წაიკითხეთ ასევე: