ჟურნალისტი ნინო ხაჟომიამ, რომელიც რამდენიმე თვეა მძიმე სენს ებრძვის სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსს აქვეყნებს. ნინო კიბოსთან ბრძოლაზე და ცხოვრებისეული პრიორიტეტების შეცვლაზე საუბრობს
"ჯიუტად ძლიერი ქალი, უკიდეგანო გამძლეობით, აღმოვჩნდი ონკოლოგის კაბინეტში. არასოდეს მითხოვია დახმარება. არასოდეს მიტირია საჯაროდ. ვიყავი ყველა იმ ადამიანის საყრდენი, ვისაც სჭირდებოდა და მათთვის არავინ იყო.
მაგრამ ახლა, როცა ჩემი დაავადება დიაგნოზია, სხეული ითხოვს მოთმინებით მოპყრობას - მე!
დავასრულე გმირობა და დავიწყე ნამდვილი სიცოცხლე. იმიტომ, რომ ღირსი ვარ იმ სიყვარულის, რომელიც ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავზე მივმართე!!!“
ერთი თვის წინ, საშა კაცმანის პოდკასტში ნინო ხაჟომიამ კიდევ უფრო ვრცლად ისაუბრა საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ მისთვის პირველი ნაბიჯი იყო დაავადების აღიარება.
"მე რომ ვამბობ, რომ კიბო მაქვს, ეს უკვე აღიარებაა", - განმარტა მან და დასძინა, რომ ამის თქმა მას ბრძოლის დამატებით სტიმულს აძლევს. ნინო ამბობს, რომ კიბოს დიაგნოზი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ყოველთვის ჰქონდა ამის შიში, რაც, მისივე თქმით, ნაწილობრივ გენეტიკური წინასწარგანწყობით იყო გამოწვეული.

ჟურნალისტის თქმით, ავადმყოფობამ აიძულა, გადაეფასებინა ცხოვრებაში ყველაფერი: კარიერა, ურთიერთობები და საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება. ის აღარ თვლის კარიერას ყველაზე მნიშვნელოვან რამედ და ფიქრობს, რომ ეს დროის ფუჭი ხარჯვა იყო.
მისივე თქმით, დაავადების დიაგნოზი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისმა სხეულმა უარი თქვა "უხეში, არარომანტიკული და დამოუკიდებელი ქალის“ პერსონაჟის თამაშზე. ნინო ხაჟომია მიხვდა, რომ ემოციების ჩახშობა და მუდმივი სიმტკიცის დემონსტრირება ზიანს აყენებდა მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
"ყველა შიშს სიკვდილის შიში უდგას უკან, არ არსებობს სხვა შიში", - ამბობს ნინო და მოუწოდებს ქალებს, არ აღიქვან კიბოს დიაგნოზი როგორც განაჩენი. მისი თქმით, ეს არ უნდა იყოს სასოწარკვეთის მიზეზი, არამედ ბრძოლის სტიმული.
მკურნალობის პროცესში, ნინომ ორივე მკერდის მოკვეთა გადაწყვიტა, რაც, მისი თქმით, ანჯელინა ჯოლის ოპერაციის მსგავსი იყო. ეს გადაწყვეტილება მიიღო არა მხოლოდ სამედიცინო ჩვენების გამო, არამედ იმის შიშით, რომ მთელი ცხოვრება რეციდივის შიშით არ ეცხოვრა.
წაიკითხეთ ასევე: