ავტორი:

ყველაფერი საქმეზე, რომლის ფარგლებშიც დააკავეს თავდაცვის ექსმინისტრი: ვინ არიან სხვა ფიგურანტები და რა ოდენობის თანხის გაფლანგვაზეა ლაპარაკი?

ყველაფერი საქმეზე, რომლის ფარგლებშიც დააკავეს თავდაცვის ექსმინისტრი: ვინ არიან სხვა ფიგურანტები და რა ოდენობის თანხის გაფლანგვაზეა ლაპარაკი?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ ბიუროში გაკეთდა.

"ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე", - განაცხადეს სუს-ში.

როგორც ირკვევა, საქმე, რომლის ფარგლებშიც ექსთავდაცვის მინისტრი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, არ ახალია. მის ფარგლებში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე ჯერ კიდევ ა.წ. ივლისში დააკავეს.

მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების მიხედვით, ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

ბრალდება უკავშირდებოდა სახელმწიფო შესყიდვებს (ტენდერებს) - კერძოდ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვას. ლაპარაკია 1.3 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე.

  • რა ითქვა დღეს სუს-ში?

"ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე", - განაცხადეს სუს-ში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარი ქმედებებით სამინისტროს მილიონ 333 ათას 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და ღ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმ დროინდელმა მოადგილემ გ.ხ.-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ვ.ღ-მ მინისტრის ახლო ნათესავის ვ.მ.-ს დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ -რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება.

"ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობას იგი ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად განახორციელა შემდეგი ქმედებები:

2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, დამატებით, გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით", - განაცხადეს სუს-ში.

  • რა ვიცით დაკავებულებზე?

ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის პოსტზე 2021 წლიდან მუშაობდა, მას მერე, რაც მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. მანამდე კი ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ღარიბაშვილი 2019 წელს პოლიტიკაში დაბრუნდა და თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

გიორგი (გოგა) ხაინდრავა - ის 2022 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე იყო ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე თავდაცვის სამინისტროში.

მანამდე, 2019 წლის ნოემბრიდან მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იყო ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი.

დეპარტამენტის უფროსობამდე უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა, კიდევ უფრო ადრე, 2017-19 წლებში კი - ამავე დეპარტამენტში ელექტრონული შესყიდვების სამმართველოს უფროსი გახლდათ.

ვლადიმერ ღუდუშაური - შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.

ის თავდაცვის სამინისტროში 2019 წლიდან მუშაობდა.

მანამდე ის საქართველოს დაზვერვის სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროში მსახურობდა.

  • 2019-21 წლებში იყო სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2021-24 წლებში კი - დეპარტამენტის უფროსი.

მისი ძმა, ილია ღუდუშაური 2022 წლის იანვრიდან იყო ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე.

ზურაბ აზარაშვილმა, რომელიც 2021 წლიდან იყო მინისტრი, პოსტი 2024 წლის 1 -ლ მარტს დატოვა.

ვასილ მხეიძე - ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი, ცოლის ნინო მხეიძის ძმა.

ბრალდების თანახმად, ის კერძო კომპანიებს "გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა“ სახელმწიფო შესყიდვების კონკურსში, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად ასახელებდა "შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს“.