თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატის დიმიტრი ხაჩიძის განცხადებით, ბურჭულაძეს წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული, რის გამოც, მისი დაკავების დროს სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
"სასწრაფო დახმარება იმიტომ გახდა საჭირო, რომ რამდენიმე დღის წინ, საყოფაცხოვრებო პირობებში ტრავმა მიიღო, წოლითი რეჟიმი ჰქონდა. ამიტომ, ექიმის რეკომენდაცია იყო, გადაიყვანონ სასწრაფო დახმარების მანქანით. რამდენიმე დღის წინ, სახლში მიიღო ტვინის შერყევა. შეიძლება ადამიანი წაიქცეს ელემენტარულად, რა პრობლემაა? სახლში იყო და გადაადგილების დროს, წაიქცა და დაზიანდა, მიიღო ტვინის შერყევა. რამდენიმე დღეა წოლითი რეჟიმი აქვს“,- განაცხადა ადვოკატმა.
"დამირეკეს, მოსულები არიან დასაკავებლადო. რომ მოვედი, პროცედურები უკვე დაწყებული იყო“,- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.