გავრცელებული ინფორმაციით, MEGOBARI აქტის განხილვა აშშ-ის სენატში, რომელიც ითვალისწინებს 2024 წლის შემდეგ ქართული ოცნების და პარლამენტის წევრებისთვის, ასევე მათ ოჯახის წევრებისთვის, სხვადასხვა სახის სანქციის დაწესებას, მათ შორის ვიზების შეზღუდვას, ჯერჯერობით შეჩერებულია. ამერიკული მედიის ცნობით, ერთ-ერთი, ვინც მიღებას ეწინააღმდეგება რესპუბლიკელი სენატორი მალინია.
ამ თემაზე გვესაუბრება ექსპერტ გიორგი მელაშვილი:

- MEGOBARI აქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სიტუაცია არანაირად არ არის შეცვლილი. ცნობილი იყო რომ ამ კანონპროექტის დაჩქარებული სახით მიღება ვერ ხერხდებოდა, შესაბამისად. ამ კანონპროექტის ჩვეულებრივი განხილვა მოხდება, რაც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ ცვლის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმდინარე დინამიკას. ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენი რეგიონის ორივე ქვეყანა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაამყარეს პირდაპირი და უშუალო კავშირი ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან. "ქართული ოცნების" ერთ მინიმალურ წარმატებად კი პროტოკოლური ელჩის დანიშვნა რჩება. სხვა მეტ კომუნიკაციას "ოცნებასა" და აშშ-ის შორის ვერ ვხედავ. ამაზე მეტყველებს ყაველაშვილის გაგზავნილი წერილიც, რომელშიც ის, ფაქტობრივად, ევედრება ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ყურადღება მიაქციონ და მათ შორის რაიმე სახის კომუნიკაცია შედგეს.
რაც შეეხება სენატორ მალინს, მასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები თავად შეერთებულ შტატებშიც დაისვა. კონკრეტულად ფრონტერასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე მე პირადად არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას მართლა სურს გარკვეული კომუნიკაციის დამყარება, თუმცა მე პირადად ეს მეჩვენება საკმაოდ იდეალისტურ სურვილად.
მოკლედ, ერთ სენატორს მთლიანი კანონპროექტის დაბლოკვის უფლება არ აქვს. ამ ყოველივემ გამოიწვია MEGOBARI აქტის შესაძლო მიღების დროში გადავადება. მიიღებენ თუ არა ამ აქტს დამოკიდებულია, როგორც გეოპოლიტიკურ, ისე უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. რაც უფრო მეტად გამოიყენებს ძალას ოცნება პროტესტის წინააღმდეგ, რაც უფრო მეტად ეცდებიან გაგუდონ თავისუფალი სივრცეები, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება თუ თავისუფალი პრესა, გააუარესონ დემოკრატიული მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მეტი შანსია მეგობარი აქტი დაჩქარების წესით განხილვას დაუბრუნდეს. პრინციპში, თუ იქნება პოლიტიკური ნება თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ MEGOBARI აქტი გახდეს სხვა დიდი კანონპროექტის პაკეტის ნაწილი.
- რამდენად ეფექტიანად იმუშავებს საქართველოში დემოკრატიის აღდგენაში/გაძლიერებაში MEGOBARI აქტის მიღება?
- მასში არის ჩადებული დამატებითი მექანიზმები, რომლებიც შეერთებულ შტატებს აძლევს უფრო მეტ შესაძლებლობას მოახდინოს რეაგირება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. თუ იქნება აშშ-სგან პოლიტიკური ნება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია სხვა მექანიზმების გამოყენება დაწყებული მაგნიტსკის აქტით, დამთავრებული სხვა შესაძლო ბერკეტებით, რომელიც უკვე გააჩნიათ შეერთებულ შტატებს. თუმცა ამ კანონპროექტის მიღებით იქნებოდა გაგზავნილი კიდევ უფრო პირდაპირი მესიჯი "ქართული ოცნებისადმი".
- საქართველოს ხელისუფლება მუდმივად პედალირებას, რომ არსებობს გარკვეული თანხვედრა "ქართული ოცნებისა“ და ტრამპის ადმინისტრაციის კონსერვატიული იდეოლოგიების თანხვედრაში?
- "ქართულ ოცნებას" არ გააჩნია არანაირი იდეოლოგია. ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელმაც დაიწყო როგორც სოციალისტურმა, ახლა რადგანაც შეერთებულ შტატებში კონსერვატიული პარტიაა მთავრობაში, სრულიად შეიცვალეს მათი პოლიტიკური ხედვები. რეალურად არანაირი იდეოლოგია არ გააჩნიათ. არანაირი პოლიტიკური ფასეულობა გააჩნიათ, ამიტომ რეალურად ვერანაირად ვერ დაამყარებენ ამერიკელ კონსერვატორებთან რაიმე სახის კავშირს. გერმანიის მთავრობაში დღეს არის კონსერვატიული, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და, მიუხედავად ამისა, გერმანიის ელჩთან "ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, ცივი ომის აქვს გამოცხადებული.