საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ანტიკორუფციულმა ბიურომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. ბრალდება მოიცავს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სუს-ის განცხადებით, ამ დანაშაულებრივი ქმედებებით სახელმწიფოს 1.3 მილიონ ლარზე მეტი ქონებრივი ზიანი მიადგა.

ამავე საქმის ფარგლებში, ივლისში უკვე დაკავებულები იყვნენ ბურჭულაძის თანამშრომლები და ახლო ნათესავები: თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და ბურჭულაძის მეუღლის ძმა, ვასილ მხეიძე. მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა და გაფლანგვაში დახმარება ედებათ ბრალად.
ბრალდების დეტალები და სქემა
სუს-ის ინფორმაციით, დანაშაული სახელმწიფო შესყიდვებს, კერძოდ კი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენას უკავშირდება. გამოძიების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, მისმა თანამშრომლებმა, გიორგი ხაინდრავამ და ვლადიმერ ღუდუშაურმა, ვასილ მხეიძის დახმარებით, შეგნებულად შექმნეს არაკონკურენტული გარემო. ამის შედეგად, აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება ხელოვნურად გაიზარდა და თავდაცვის სამინისტრომ 2,606,272 ლარის ღირებულების აპარატი 3,940,000 ლარად შეიძინა. ამ გარიგებამ სახელმწიფოს 1,333,728 ლარის ზიანი მიაყენა.

გარდა ამისა, ბურჭულაძეს ბრალად ედება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რომლის მიზანიც მისი წარმოშობის დამალვა იყო. სუს-ის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში, ბურჭულაძის ოჯახმა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში, 544,000 ევროს ღირებულების მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლით შეიძინა. ვინაიდან ამ თანხის კანონიერი წარმომავლობის დადასტურება ვერ მოხდა, მისი დაფარვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლემ წყნეთში მდებარე უძრავი ქონება 620,000 ევროდ მიყიდა მესამე პირს. სინამდვილეში, ოჯახს ეს ქონება არ გაუყიდია. გარდა ამისა, ფიქტიური სესხის ხელშეკრულებებიც იქნა გამოყენებული. სუს-ის განცხადებით, ამ მეთოდებით ჯუანშერ ბურჭულაძემ 1,593,212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მარტში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ბურჭულაძეს ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება არ მიუთითებია.
ოჯახური ცხოვრება და შვილები
ნინო მხეიძე, ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლე, პროფესიით პიანისტია. წყვილს რვა შვილი ჰყავთ. მან პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ, გადაცემა „რუსთავი 2“-ის ეთერში, რამდენიმე წლის წინ ისაუბრა, სადაც შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
მისი თქმით, ის ძალიან ადრე, 15 წლის ასაკში გათხოვდა და 16 წლისას უკვე პირველი შვილი შეეძინა. ის ამბობდა, რომ დედამ დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა, რათა მისთვის საყვარელი საქმიანობისთვის, მუსიკისთვის, თავი არ დაენებებინა. ნინო ჰყვებოდა, რომ დეკემბერში შვილი შეეძინა, ხოლო უკვე მაისში ჯანსუღ კახიძის კონცერტზე დაუკრა.

ოჯახი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა. ამ დროს ჯუანშერ ბურჭულაძე მუშაობდა, ნინო კი ოთხ შვილთან ერთად მარტო იყო. მისი მეორე შვილი, დათო, რომელიც ამ დროს 11 წლის იყო, ინტერვიუში ამბობდა, რომ დედას შვილების აღზრდაში ძალიან ეხმარებოდა. მოგვიანებით, ნინომ ამერიკაში, ქართულ სკოლაში, მუსიკის გაკვეთილების ჩატარება დაიწყო, ხოლო შვილები ბაღებსა და სკოლებში ჰყავდა გადანაწილებული. ნინო მხეიძე ასევე მრავალშვილიანი დედების ფონდ „ქართულ გენშია“ გაწევრიანებული და აქტიურადაა ჩართული ფონდის საქმიანობაში.
ქონებრივი მდგომარეობა:
"ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მარტში შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, მისი ქონება მოიცავს:
· 3,964 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფელ ართანაში (შეძენილი 2020 წელს, 20,000 ლარად).
· 2,522 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 50%-იანი წილი იმავე სოფელში (შეძენილი 20,000 ლარად).
· ავტომობილი „კია“ (შეძენილი 2024 წელს, 35,000 ევროდ).
მისი მეუღლის, ნინო მხეიძის, საკუთრებაშია:
· 336.6 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, 115.6 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი და ავტოფარეხი წყნეთში (შეძენილი 2026 წელს, 465,000 ლარად).
· 1,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფელ ართანაში (შეძენილი 5,000 აშშ დოლარად).
· ავტომობილი „ჰიუნდაი ტუკსონი“ (ღირებულება 25,000 ლარი)...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: