ალბანეთი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო შესყიდვების საკითხს ხელოვნური ინტელექტი, სახელად Diella (ალბანურად მზის ამოსვლა) უხელმძღვანელებს.
როგორც POLITICO წერს, კორუფციასთან ბრძოლის მინისტრი ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ 11 სექტემბერს წარადგინა. მისი თქმით, ტენდერებზე გადაწყვეტილებები დიელას ხელში გადავა და საბოლოოდ, ალბანეთი გახდება ქვეყანა, სადაც კორუფცია აღმოფხვრილი იქნება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ ერთ დღეს ქვეყანას შეიძლება ჰყავდეს ციფრული მინისტრი და ხელოვნური ინტელექტის პრემიერ-მინისტრიც კი, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა ეს დღე თუ ასე სწრაფად დადგებოდა.
მთავრობის ერთადერთი არაადამიანი წევრი პრემიერმა ხუთშაბათს ტირანაში გამართულ სოციალისტური პარტიის ყრილობაზე წარადგინა.
„დიელა პირველი წევრია, რომელიც ფიზიკურად არ არის წარმოდგენილი, არამედ ვირტუალურად შექმნილია ხელოვნური ინტელექტით“, - განუცხადა მან პარტიის წევრებს.