ავტორი:

"ავტობუსიდან გადმოფრინდა და გაიქცა" - ვინ არის ნიკოლაი სტატკევიჩი: პოლიტპატიმარი, რომელმაც უარი თქვა ბელორუსის დატოვებაზე

"ავტობუსიდან გადმოფრინდა და გაიქცა" - ვინ არის ნიკოლაი სტატკევიჩი: პოლიტპატიმარი, რომელმაც უარი თქვა ბელორუსის დატოვებაზე

11 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი, ჯონ კოული, მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა და "ბელავიას" წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების მოხსნის შესახებ ამცნო. ამის სანაცვლოდ, დონალდ ტრამპის თხოვნით, 52 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს, მათ შორის ოპოზიციის ვეტერანი ნიკოლაი სტატკევიჩი. ეს ნაბიჯი მედიამ და პოლიტიკურმა წრეებმა აშშ-ისა და ბელორუსის შესაძლო "დიდი გარიგების" ნაწილად შეაფასეს.

შეხვედრისას ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპს "ტყვეების" და „პოლიტპატიმრების“ თემა განსაკუთრებით აწუხებდა.

"თუ დონალდი ამტკიცებს, რომ მზადაა, ყველა გათავისუფლებული თავისთან წაიყვანოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მოდით, ვეცადოთ, გლობალური გარიგება შევიმუშაოთ. ის ამას "დიდ გარიგებას“ ეძახის. ამიტომ გულწრფელად ვამბობ, რომ არაფერს ვმალავთ. მოდით, ეს საკითხიც განვიხილოთ, თუმცა ჩემთვის ის მთავარი ნამდვილად არ არის. თქვენთვისაც, ალბათ, არ არის, რადგან მსოფლიოში ბევრი პრობლემაა“, - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა ამერიკელ წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

ამავე დროს, ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დაადასტურა, რომ ბელორუსის ციხეებიდან 52 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. მათ შორის იყვნენ ოპოზიციის აქტივისტები, ჟურნალისტები, პროტესტების მონაწილეები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნაუსედას თქმით, ლიეტუვის საზღვარი გადაკვეთეს დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მოქალაქეებმა. მათ შორის ექვსი ლიეტუვის მოქალაქე იყო, რომელთაგან ხუთის გვარი ამ დრომდე არ დასახელებულა.

ნიკოლაი სტატკევიჩი: ტრაგედია საზღვარზე

გათავისუფლებულთა შორის ყველაზე ცნობილი ფიგურა ოპოზიციის ვეტერანი ნიკოლაი სტატკევიჩი იყო. ის "ბელარუს გალავნოვა მოზგას" ტელეგრამის არხის ადმინისტრატორთან, იგორ ლოსიკთან, და ფილოსოფოს ვლადიმირ მაცკევიჩთან ერთად გაათავისუფლეს. სტატკევიჩი, რომელიც 2010 წელს საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, 2020 წლის არჩევნებამდე დააკავეს და 2021 წლის 14 დეკემბერს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მანამდე, 2011-2015 წლებშიც იხდიდა სასჯელს.

გათავისუფლების შემდეგ, „Наша Ніва“-ს ცნობით, სტატკევიჩი ბელორუსისა და ლიეტუვის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში დარჩა და მშობლიური ქვეყნის დატოვებაზე უარი განაცხადა.

"ეს ნამდვილი დრამაა, რადგან ნიკოლაი სტატკევიჩმა კატეგორიული უარი თქვა ბელორუსის დატოვებაზე და მის განდევნას ცდილობენ“, - დაადასტურა Reuters-თან საუბარში ტიხანოვსკაიას მრჩეველმა, ფრანაკ ვიაჩორკამ.

"ის ცდილობდა ბელორუსში დაბრუნებას, მაგრამ საზღვარზე გააჩერეს. ეს აჩვენებს, თუ რამდენად სასტიკია რეჟიმი, რადგან ხალხს არჩევანის საშუალებას არ აძლევს: დარჩენა თუ წასვლა".

მოგვიანებით ლიეტუვის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ LRT-მ ლიეტუველ მესაზღვრეებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა — სავარაუდოდ, სტატკევიჩმა - ნეიტრალური ზონა დატოვა და ბელორუსისკენ გაემართა.

სანქციების მოხსნა და დიპლომატიური ჟესტები

ლუკაშენკოს მიერ პატიმრების გათავისუფლების კიდევ ერთი პირობა დასავლური სანქციების შემსუბუქება იყო, რაზეც პოლონური გამოცემა Rzeczpospolita ჯერ კიდევ აგვისტოში წერდა. მისი წყაროები „ბელავიას“ და კალიუმის უდიდეს მწარმოებელ „ბელარუსკალიის“ კომპანიას ახსენებდნენ.

"ბელავია" ამერიკული სანქციების ქვეშ 2023 წლის აგვისტოში მოექცა სხვა რამდენიმე ბელორუსულ კომპანიასთან ერთად. ევროკავშირის სანქციები კი 2021 წლის დეკემბრიდან მოქმედებს, მას შემდეგ, რაც მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავი იძულებით დაეშვა, რასაც აქტივისტების რომან პროტასევიჩისა და სოფია საპეგას დაპატიმრება მოჰყვა.

ტრამპის წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა, ლუკაშენკოს წერილობითი გზავნილიც გადასცა. წერილში ეწერა: „ჩვენ ვლოცულობთ თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, ასევე აშშ-სა და ბელორუსის ხალხის სახელით ჩვენი საერთო მიზნების მიღწევის მიმდინარე პროგრესისთვის“.

სტატკევიჩის ბიოგრაფია: ბრძოლის გზა

ნიკოლაი სტატკევიჩი, რომელიც ახლახან გაათავისუფლეს, ბელორუსის ოპოზიციის ვეტერანია. 1990-იანი და 2000-იანი წლების განმავლობაში ის ბელორუსის სხვა გზით განვითარებისთვის იბრძოდა. ლუკაშენკოს რეჟიმმა ის სამჯერ გაასამართლა და ჯამში 10 წელზე მეტი გაატარა ციხეში. 2025 წლის 11 სექტემბრამდე, ორ წლინახევრის განმავლობაში, 69 წლის სტატკევიჩის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

სტატკევიჩის პარტია "პირველი ტალღის დემოკრატია",1980-იანი წლების ბოლოს გააქტიურდა. იგი მინსკის ოლქის სოფელ ლიადნოში, მასწავლებლების ოჯახში დაიბადა. სტატკევიჩი სამხედრო კარიერას იწყობდა, დაამთავრა მინსკის უმაღლესი სამხედრო საინჟინრო სასწავლებელი და მურმანსკის ოლქში მსახურობდა. უკან დაბრუნების შემდეგ ბელორუსის ისტორიის შესწავლა დაიწყო და თანამოაზრეებთან ერთად ბელორუსის ეროვნული არმიის შექმნაზე ფიქრობდა.

1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს სტატკევიჩმა თანამოაზრეებთან ერთად ბელორუსის სამხედრო გაერთიანება (ბსგ) დააარსა. სტატკევიჩმა და მისმა თანამოაზრეებმა სამხედროებს მოუწოდეს, არ შეესრულებინათ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის ბრძანებები. ის 1993 წელს ჯარიდან დაითხოვეს „ოფიცრის მაღალი წოდების დისკრედიტაციისთვის“, რადგან ღიად გამოვიდა ბელორუსის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგ.

1990-იანი წლების შუა პერიოდში სტატკევიჩი პოლიტიკაში წავიდა და ბელორუსის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას "ნაროდნაია გრამადას" ჩაუდგა სათავეში. 1999 წელს ის „თავისუფლების მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, რომელიც რუსეთთან ბელორუსის გაერთიანების გეგმების წინააღმდეგ მიმდინარეობდა. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ორგანიზებული აქციისთვის მას სამწლიანი თავისუფლების შეზღუდვა მიესაჯა.

2010 წელს ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავადაც მონაწილეობდა, მაგრამ არჩევნების შედეგები გააპროტესტა, რის გამოც ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ოთხი წლის შემდეგ, ლუკაშენკოს მიერ გამოცხადებული ამნისტიით გაათავისუფლეს. 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში მან მონაწილეობა ვერ მოასწრო, რადგან დაუსრულებელი სასამართლო პროცესის გამო მისი კანდიდატურა არ დაარეგისტრირეს. შემდეგ მან მხარი სვეტლანა ტიხანოვსკაიას დაუჭირა და წინასაარჩევნო პიკეტისკენ მიმავალი გზაზე დააკავეს.

უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა სტატკევიჩი სამჯერ ცნო "სინდისის პატიმრად". მისი გათავისუფლება ლუკაშენკოსა და ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შედეგი იყო, მაგრამ სტატკევიჩმა ქვეყნის დატოვებაზე უარი განაცხადა. "ზერკალოს“ ცნობით, მან "პრაქტიკულად კარი შეამტვრია, ავტობუსიდან გადმოფრინდა და ბელორუსის ტერიტორიისკენ გაიქცა".

ამ დროისთვის უცნობია, სად იმყოფება ნიკოლაი სტატკევიჩი.

წყარო