პერუს მთების პირას არსებულ უდაბნოში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 3800 წლის ქალაქი, რომელსაც შეუძლია ამერიკის კონტინენტებზე არსებულ ცივილიზაციაზე წარმოდგენა შეგვიცვალოს.
2025 წლის ივლისში, პერუელმა არქეოლოგმა, რუთ შეიდიმ აღმოაჩინა პენიკო, 3800 წლის ქალაქი უძველესი კარალის ცივილიზაციიდან. აღმოჩენილი იქნა 18 სხვადასხვა სტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებლები და სალოცავები. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ის არის, რომ ომის დაწყების გარეშე კარალის ხალხმა მოახერხა კლიმატურ კატასტროფასთან ადაპტირება, რაც ისევე გასაოცარია დღეს, როგორც ეს ათასწლეულების უკან იქნებოდა.

ამერიკელების მშვიდობიანი აკვანი
აცტეკებამდე, მაიასა და ინკების ტომებამდე დიდი ხნით ადრე, პერუს სანაპირო იყო კარალის, ერთ–ერთი უძველესი და მშვიდობიანი საზოგადოების სახლი. კარალ–სუპეს ძირითადი დასახლება ითვლება ამერიკის კონტინენტების ცივილიზაციის აკვნად და 2009 წლიდან „იუნესკოს“ მიერაა აღიარებული. განვითარების პიკში იყო 5000 წლის წინათ, მესოპოტამიისა და ეგვიპტის ადრეული ურბანული ცენტრების პარალელურად.
ძველი დასავლეთის ცივილიზაციებისგან განსხვავებით, კარალს არ ჰქონდა კედლები, რომლებიც დაიცავდა მათ ქალაქებს და მეცნიერებმა ვერ იპოვეს იარაღის არსებობის ვერანაირი მტკიცებულება. როცა 1994–ში შეიდიმ დაიწყო კვლევა, მან აღმოაჩინა საზოგადოება, რომელიც აგებული იყო ვაჭრობაზე, მუსიკაზე, რიტუალსა და კონსენსუსზე.
შეიდის აღმოჩენების მიხედვით, 3000–ამდე ადამიანი ცხოვრობდა კარალში, ამას დამატებული რამდენიმე ახლომდებარე სოფელი. სუპეს ხეობის სტრატეგიული მდებარეობა. ის წყნარი ოკეანის სანაპიროთი უკავშირდებოდა ანდების ხეობასა და შორეულ ამაზონს, რითაც ქმნიდა კულტურული და კომერციული გაცვლის ბადეს. კარალის მოსახლეობას მოჰყავდა ბამბა, კარტოფილი, ხილი, ჩილის წიწაკა, ვაჭრობდნენ მინერალებისთვის და შინაურ ცხოველებად ე.წ ციყვი მაიმუნები ჰყავდათ. ოკეანის სანაპიროზე კი თევზს, ზღვის მცენარეებსა და მოლუსკებს აგროვებდნენ.
"მათ დიდ მანძილზე, ეკვადორამდე და ბოლივიამდე, ინტერკულტურული ურთიერთობა ჰქონდათ ჯუნგლებისა და მთების მაცხოვრებლებთან, მაგრამ ყოველთვის მშვიდობიანად" – , აღნიშნავს შეიდი. შედარებისთვის აცტეკები, მაისა და ინკას ტომები სამხედრო საზოგადოებები იყო, რომელთაც მეზობელ ტომებთან მრავალწლიანი ომები ჰქონდათ.
კარალის მოხერხებულობა არქიტექტურასა და ხელოვნებაშიც ჩანს. ქალაქის ამფითეატრი ისეა აშენებული, რომ წყნარი ოკეანის სანაპიროს უძლიერეს მიწისძვრებსაც გაუძლოს. აქვს დიდი კონცერტების მორგებული უნიკალური აკუსტიკური დიზაინი. გათხრებმა აღმოაჩინეს 32 ფლეიტა, რომლებიც ვარხვის ძვლებისგან იყო დამზადებული.

კოლაფსი უდაბნოში
მიუხედავად იმისა, რომ კარალმა, როგორც საზოგადოებამ წარმატებას მიაღწია, კლიმატის სახით დიდი გამოწვევა გამოუჩნდა. დაახლოებით 4000 წლის წინათ იყო 130 წლიანი გვალვა, რომელიც გლობალური კლიმატური ცვლილებების ნაწილი იყო, რაც მესოპოტამიას, ეგვიპტესა და ჩინეთსაც შეეხო. ამან მოუსავლიანობა და შიმშილი გამოიწვია. კარალის მონუმენტური პირამიდები კი მიტოვებული დარჩა.
წლების განმავლობაში შეიდის გუნდი ვარაუდობდა, რომ შიმშილს გადარჩენილები სანაპიროზე დასახლდნენ, სადაც მოლუსკებისა და თევზის შეგროვება შეეძლებოდათ. ვიჩამაში, მეზობელ ხეობაში, ჩატარებულმა გათხრებმა ეს ვარაუდი დაადასტურეს.
პენიკო: გადარჩენა ადაპტაციის გზით
ზღვის დონიდან 600 მეტრზე აშენებული, კარალ–სუპესგან 10 კილომეტრის დაშორებით, პენიკო აჩვენებს როგორ ადაპტირდა კარალის მოსახლეობა და წყლით მდიდარ მიწებზე დასახლდა. ხეობაში მდინარეები გამოშრა, მთიდან გამდნარი წყლის სიახლოვე კი გადარჩენას ნიშნავდა.
გათხრებმა აჩვენეს წინსვლა ხელოვნებასა და რიტუალებში. შეიდის ჯგუფმა აღმოაჩინა დახვეწილი თიხის ფიგურები, ყელსაბამები და ამოტვიფრული ძვლები, რომელთაგანაც ერთს ადამიანის თავის ქალის ფორმა ჰქონდა.

გაკვეთილები წარსულიდან
პენიკოს მოედანზე დგომისას გასაოცარია იმაზე ფიქრი, რომ ცივილიზაცია არსებულ კრიზისს არა ომით, არამედ ადაპტაციით გაუმკლავდა. მისი გადარჩენის სტრატეგია, წყალთან ახლოს ყოფნა, სავაჭრო ბადისა და კულტურის შენარჩუნება შემახსენებელია იმისა, რომ უდიდესი სტრესის დროს რამხელა მნიშვნელობა აქვს შეთანხმებასა და ერთად მუშაობას.
ეს გზავნილი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე სასწრაფოა. პერუ ჯერ კიდევ ანდების მყინვარებზეა წყლისთვის დამოკიდებული, ამავდროულად, კვლევის მიხედვით, ბოლო 58 წელიწადში ტროპიკული ყინულის 56% დაკარგა.
პერუს უდაბნოში ნახევრად დამარხული ქალაქიც კი სამყაროსთვის მნიშვნელოვან გაკვეთილებს გვასწავლის.
მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა