ნეპალში გასულ კვირას კორუფციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
"ამჟამად აღმოჩენილია მრავალი ადამიანის ცხედარი, რომლებიც დაიღუპნენ სავაჭრო ცენტრებში, სახლებსა და სხვა შენობებში, რომლებიც დაიწვა ან თავდასხმის შედეგად დაზარალდა“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, პრაკაშ ბუდატოკიმ.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულია, სულ მცირე, 2 113 ადამიანი. საპროტესტო აქციების დროს ცეცხლი წაუკიდეს მრავალი სამთავრობო შენობას, მათ შორის, უზენაესი სასამართლოსა და პარლამენტის შენობებს, პოლიციის პოსტებს, ასევე პოლიტიკოსების კერძო სახლებს, მათ შორის პრეზიდენტ რამჩანდრა პაუდელის და პრემიერ-მინისტრ შარმა ოლის სახლებს.
შარმა ოლიმ თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, სუშილა კარკი დაინიშნა, რომელსაც 5 მარტისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დაევალა.