“აზრის გამოხატვა უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი - რამდენჯერაც მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძის ბანერს, რომ რუსების მონაა!“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა, რომელმაც დღეს დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერა გააკეთა სახელწოდებით: „რუსი“.
„პირველი: ზოგადად, აზრის გამოხატვა უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი, უნდა გამოხატო აზრი, რომ მიგაჩნია, კალაძე არის რუსი. ეს არ უნდა ისჯებოდეს.
მეორე: მეგი დიასამიძის დაჭერა იყო ჩემთვის მოტივაცია. ადამიანი ტყუილად დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ ბანერზე დააწერა.
მესამე: რა რეაგირება ექნებათ არ მაინტერესებს. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი ლოგიკით მოქმედებს, როცა მოუნდებათ დაგიჭერენ და როცა მოუნდებათ არ დაგიჭერენ. არ მაინტერესებს, რას გადაწყვეტენ, რამდენჯერად მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძეს რომ რუსების მონაა. დაცვის ბიჭი გამოვიდა, პოლიცია იქ არ იყო ადგილზე, ხელი ვერ შემიშალეს, რაც მინდოდა, ის დავაწერე“,- აღნიშნავს ხოშტარია.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი, არასაპატიმრო გირაო შეუფარდა.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა, მათ შორის მეგი დიასამიძე. შსს-ს განმარტებით, მეგი დიასამიძემ მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.