ფლორიდელმა ქალმა თავისი ლეკვი მეტრნახევრიანი ალიგატორისგან შიშველი ხელებით იხსნა. მედიის ინფორმაციით, მან “მანამ ურტყა ალიგატორს თვალში მუშტი, სანამ ლეკვი არ გააშვებინა“.
დენი რაიტი 4 თვის ლეკვს, სახელად დაქსს ლენდ ო'ლეიკსში, თავისი სახლის უკან ასეირნებდა, როცა ალიგატორი ხავსიანი ნაკადულიდან ამოცოცდა და ლეკვის საყელურს კბილებით სწვდა: "უცებ წკმუტუნი გავიგე და რაღაცამ ძლიერად გამქაჩა",- განაცხადა ფლორიდელმა ქალმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას. "ალიგატორმა ის საყელურით გამოიჭირა, მაგრამ მისი დათმობა წამითაც არ მიფიქრია".

ქალის თქმით, მან მტაცებელს იმდენჯერ ურტყა მუშტი, სანამ ქვეწარმავალმა ძაღლი არ გაათავისუფლა: "უბრალოდ იმდენჯერ ჩავარტყი მუშტი თვალში, რომ საბოლოოდ გავაშვებინე. სამწუხაროდ, მისი კბილები მაინც მაინც მომხვდა მკლავზე და გავიკაწრე."
საბედნიეროდ დაქსი არ დაშავებულა, თუმცა მის პატრონს ნაკბენის ნაჭრილობევი აღენიშნებოდა და ამჟამად გამოჯანმრთელების პროცესშია.

ველური ბუნების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ფლორიდაში დაახლოებით 1.3 მილიონი ალიგატორი ბინადრობს. შტატში, საშუალოდ, ყოველწლიურად ალიგატორების ადამიანებზე თავდასხმა რვაჯერ ხდება, შინაურ ცხოველებზე თავდასხმები კი ბევრად უფრო ხშირია.
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა