22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. მოკლული ახალგაზრდას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს საქმის ბოლომდე გამოძიებისკენ და მკვლელის დასჯისკენ მოუწოდებს.
"მეგობრებო, მე არც ინფლუენსერი ვარ, არც მოწონებებს ვაგროვებ, მე სასტიკი ტკივილი და უსამართლობა არ მასვენებს, როგორც ხუთი შვილის დედას, ნიკოს დედას, ის ნიკო არ მასვენებს ბევრმა თქვენგანმა, სრულიად უცხო ადამიანმა რომ შეიყვარა, ნიკო რომელიც სულში ჩამისახლდა, ორი სულის ამბავი ყველა დედამ იცით, ნურც მხნეობას მისურვებთ, რადგან ღმერთმა უკეთ იცის როგორ შემეწიოს, აი ასე თუნდაც ერთი სიტყვით დაწერეთ:გამოიძიეთ !!! გამოიძიეთ ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის ამბავი!!! ოთხი წლის თავზე მაინც!!!თუ არა და ყველაფერი ნათელია!!!!
არადა ალბათ რამდენი ადამიანი სიხარულით ელოდება განთიადს!!! ოთხი წელი გადის, ჯოჯოხეთური ოთხი წელი, 2021 წლის15 სექტემბრიდან!!! საბჭოური ბინძური ხერხით მოფიქრებულმა, გასროლილმა ტყვიამ, დენთის კვამლი, მომწამვლელი კვამლი დააყენა ფიქრის გორაზე!!! ბევრმა ეს კვამლი ნაცნობმა თუ უცნობმა, პირში დაიგუბა, პირ-ში!
მინდა დავსვა კითხვა და შეგახსენოთ, ხელისუფალნო, თავის უფალნო, მეგობრებო, იქნებ დადაგა დრო კვამლის გამოშვებისა??? ღმერთო როგორ გელოდებით , რომ თქვა:“იქმნას ნათელი!და მოჰფინო ნათელი ყველაფერს და ყველასთვის! ბატონო პრემიერო იქნებ მოიკითხოთ ახალგაზრდა ბიზნესმენი ნიკო კვარაცხელიას საქმე, როგორც კი 18 წლის გახდა კომპანია დაარეგისტრირა! ორმა ტერორისტმა, უსულომ, უგულომ და ურწმუნომ, დახვრეტა რა თქმა უნდა შეკვეთით, რადგან არცერთი მათგანი არ იცნობდა ნიკოს, საქმე გამოუძიებელია!!!
ვერ შეირჩენს ამ საქმე ვერცერთი ხელისუფალი!!! თქვენმა წინამორბედებმა შეიზილეს ეს საქმე, წერილი მათაც მივწერე, პასუხი არ დამიბრუნეს!სად არიან???? აღარ არიან ხელისუფალნი!!! თავის უფალნიც ვეღარ არიან, ვეღარ!!! მხოლოდ დრონი მეფობენ, პრემიერო დრო-ნი!!! თქვენც იგივეს აპირებთ ბატონო ირაკლი???უსაშველოდ გვენატრები შვილო ნიკო!!!იცოდე რომ ჯოჯოხეთს გადის შენი ოჯახი უშენოდ!!!!და უსამართლობაში!!!" - წერს იზა ომაძე.
ცნობისთვის, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა კვარაცხელიას მკვლელობა შეკვეთილი, ან იკვეთებოდა თუ არა დაკავებულებთან აღნიშნულ საკითხზე ვინმეს მხრიდან კომუნიკაცია, პროკურორი თავის დროზე აცხადებდა, რომ გამოძიება ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა და ყველა ვერსიაზე მუშაობდა.