გასულ კვირას სუს-მა ერთსა და იმავე ბრიფინგზე გამოაცხადა ინფორმაცია "ქართული ოცნების" მთავრობაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე. სუს-ს განცხადებაში არ მიუნიშნებია, რომ ამ ორ პირს ან საქმეს შორის რაიმე კავშირი არსებობს. ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. სამართლებრივ ენაზე ეს ბრალდებებია "სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება" და "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". "თუ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას სჭირდება რეაგირება პირველ რიგში იმისთვის, რომ პრევენციის ეფექტი მივიღოთ. თუ არ არის ამის მაგალითები, ბუნებრივია, რჩება ცდუნება იმისა, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს. რა თქმა უნდა, კორუფცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. დამაზიანებელია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორუფციის აღმოფხვრაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ", - განაცხადა თავდაცვის ექსმინისტრის დაკავებაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ინტერვიუ ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:
- ის, რაც მოხდა ჯუანშერ ბურჭულაძესთან დაკავშირებით, ჩემი შეფასებით, არის "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დაპირისპირების, ანუ გავლენების ახლებური გადანაწილების შედეგი. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ მიხვდებით, ალბათ, ვისზეა ლაპარაკი - აღმასრულებელ შტოს ყოფილი პრემიერის გუნდისგან სრულად ათავისუფლებენ და ძალაუფლებაში მოდის მეორე ფრთა. ამ ორ ფრთას შორის უკვე მრავალი წელი მიდიოდა დაპირისპირება. როგორც ვხედავთ, ამ ეტაპზე კობახიძის გუნდმა მოახერხა წარმატების მოპოვება. მოკლედ, ეს არის შიდა ბრძოლები, ამ ორივე ფრთის პატრონი კი, ალბათ, ზის და ღიმილით ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს.
რაც შეეხება კობახიძის ნათქვამს, რომ კორუფციის ფაქტები მხოლოდ წარსულში ხდებოდა, ამის არ მჯერა. დარწმუნებული ვარ ამგვარი სქემებით ტენდერები დღესაც იმართება. უბრალოდ, დღეს ამას არ ახმაურებენ, მაგრამ მოვა დრო და ესეც გასაჯაროვდება, როდესაც გავლენების ახალი განაწილება დაიწყება ან ხელისუფლება შეიცვლება. უბრალოდ, ახლა ასე სჭირდებათ და ბურჭულაძის საქმე ამოატივტივეს.
სამწუხაროდ, უხისტესი კონტროლის გარეშე კორუფცია ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იღებდა სისტემურ ხასიათს. ის ვერავინ ჩაკლა. მისი სრულად მოსპობა ვერსად მოხერხდა, მათ შორის წამყვან, ტრანსპარანტულ ქვეყნებში, თუმცა გააჩნია მასშტაბსაც. მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა ქვედა და საშუალო დონეზე კორუფციის გაქრობა, სამაგიეროდ, ხელი შეუწყო ელიტური კორუფციის სისტემად ქცევას. გავიხსენოთ ისიც, რომ ჯერჯერობით ყველანი საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ, რომელიც თავისი არსებობის ბოლო 30 წლის განმავლობაში კორუფციაში იხრჩობოდა.
- იმავე ბრიფინგზე, როდესაც სუს-მა გამოაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძის დაჭერის ამბავი, ასევე ილაპარაკეს ლევან ხაბეიშვილის დაკავების მიზეზზეც... როგორც სუს-ის მაღალჩინოსნის განცხადებიდან გაირკვა, ის დააკავეს იმის გამო, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს საჯაროდ ჰპირდებოდა აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში. სუს-ის შეფასებით, "საქმე შეეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს".... ეს ვერ ჩაითვლება ნამდვილად ქრთამის მიცემის ფაქტად, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ხაბეიშვილის შეთავაზებაც სასაცილო იყო და დაკავების მოტივად გამოყენებაც.
- რაღა დაგიმალოთ და, მეც ასე მიმაჩნია... ჯერ ერთი, ქრთამს, როგორც წესი, ფარულად აძლევენ, ის კი მთელი ქვეყნის გასაგონად ყველა ეთერში გაჰკიოდა. გარდა ამისა, დავიანგარიშოთ, რას სთავაზობდა ხაბეიშვილი დამრბევებს: თითოს - 200 000 დოლარს. სულ ცოტა, 1000 კაცს მაინც ხომ უნდა ეთქვა დარბევაზე უარი, რომ ეს რეალურად ასახულიყო პროცესზე. გამოდის, სულ ცოტა, ნახევარი მილიონი ლარი უნდა გადაეხადა და სად აქვს ხაბეიშვილს ამხელა ფული? გამოდის, ეს პიტალო ტყუილია... მიუხედავად იმისა, რომ მე იურისტი არა ვარ, ჩემი აზრით, ეს ბრალდება იურიდიულად სრულიად გაუმართავი და გაუმართლებელია. გააგრძელეთ კითხვა